კობა სუბელიანი ლენინისა და კოკოითის წინააღმდეგ

კობა სუბელიანი ლენინისა და კოკოითის წინააღმდეგ

ყოფილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან ერთად, ახალგორის რაიონიც ორ წელზე მეტია, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია. სეპარატისებმა და ოკუპანტებმა ახალგორის რაიონი “ლენინგორად“  რაიონში შესვლისთანავე პირველი დღიდან გადანათლეს და თბილისადან ახალგორში იშვიათად მოძრავ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს რუსები ხშირად პრობლემას უქმნიან იმის გამო, რომ მათი მანქანის ტრაფარეტზე არა ლენინგორი, არამედ კვლავ ახალგორი აწერია. რუსები და სეპარატისტები ახალგორს ლენინგორად ოფიციალურ დოკუმენტებშიც მოიხსენიებენ და მთელი ოკუპაციისშემდგომი პერიოდი, ამ ერთგარ “ტერმინების ომში“ ახალი ტერმინების დამკვიდრებას ცდილობენ.

ეს ყველაფერი, როგორც ავღნიშნეთ, ორ წელზე მეტ ხანს გრძელდება და საყოველთაოდ არის ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნულმა ინფორმაციამ მხოლოდ ახლაღა შეაღწია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. სხვა რას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულმა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსების მხრიდან ახალგორის ნაცვლად ტერმინ:  –ლენინგორის ხსენება არაა მართებული და ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს.

საკუთარი სახლიდან საფრთხეს გამორიდებული, ახალგორელი როსტომ გომელაშვილისათვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან ასეთი დაგვიანებული რეაქცია გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რადგან მას და მის ახლობლებს, ქართველი ჩინოვნიკების მხრიდან სიტუაციაში გაურკვევლობისა და საქმის არცოდნის მრავალი მაგალითი ახსოვთ.

როსტომ გომელაშვილი, ახალგორის მკვიდრი: “რუსები ახალგორში შევიდნენ თუ არა, რაიონს მაშინვე კომუნისტების დროინდელი სახელი – ლენინგორი დაუბრუნეს და ხალხს რაიონის ახალგორად მოხსენიებას დღემდე უკრძალავენ. ჩვენმა ლტოლვილების სამინისტრომ კი, მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ რუსები ამას აკეთებენ. არც კი ვიცი ამას რა დავარქვა. ეს მარტო საქმეში ჩაუხედავობა და უგუნურება არ არის. როგორც ჩანს, ჩვენს მთავრობაში მუშაობს ხალხი, რომლებსაც უბრალოდ წარმოდგენაც კი არა აქვთ, ქვეყანაში რა ხდება და ხელფასების აღების გარდა, არაფერს აკეთებენ.

და ეს განა პირველი შემთხვევაა... ამ ოთხი წლის წინ, როდესაც რუსები ჯერ კიდევ არ იდგნენ ჩვენს სოფლებში, სამი ჯიპით ჩვენი მთავრობისა და გუბერნატორის წარმომადგენლები მოვიდნენ. თან რამდენიმე ჟურნალისტიც ახლდათ. ერთ–ერთი სამინისტროს თანამშრომელი, ახალგაზრდა გოგო, ჩემთან მოვიდა და მეუბნება: “აგერ, იმ მთაზე რომ ავიდე, ცხინვალს დავინახავო?!“. ამ დროს კიდევ, შუაგულ ახალგორში ვდგავართ და ცხინვალი კი სულ სხვა მხარეზეა. ეს გოგო რომელიღაც დეპარტამენტის უფროსი აღმოჩნდა. ასეთი ხალხი რომ იქნება ხელისუფლებაში ხელმძღვანელი, აღარაფერი უნდა გაგიკვირდეს კაცს...“

სანამ საქართველოს ლტოლვილთა და განასახლების სამინისტროში ახალგორის ლენინგორად დარქმევა–გადარქმევის ფაქტი გაახსენდებოდათ, მანამდე, შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების და სეპარატისტების მიერ ახალგორისთვის "ლენინგორის" დარქმევის შეფასებისას, საფრანგეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში  – ერიკ ფურნიემ სეპატარისტების მისამართით აღნიშნა, რომ "ამით ცხინვალი ნახევრადშეშლილი ბოლშევიკი ლენინის გაცოცხლებას ცდილობდა". შესაბამისად, ფრანგი დიპლომატი უფრო ადრე იყო საკითხში გარკვეული, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.

სანამ საქართველოს ხელისუფლებაში არკვევენ, რუსებმა ახალგორის რაიონი ლენინგორად რატომ და როდის გადანათლეს, მანამდე, ოს სეპარატისტთა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით რუსეთის სახალხო ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. 

კოკოითი ჯერ კრემლის ნიკოლის კოშკზე წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატის კურთხევას დაესწრო. შემდეგ კი მიაკითხა მოსკოვში გამართულ გამოფენას, სახელწოდებით  – „მართლმადიდებელი რუსეთი“. ოს სეპარატისტთა ლიდერთან ერთად ღონისძიებებს ე.წ . სამხრეთ ოსეთის კომიკური ელჩი რუსეთში, დიმიტრი მედოევიც დაესწრო.

რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრების უფლება რა თქმა უნდა ყველას და მათ შორის, სეპარატისტებსაც აქვთ. თუმცა, დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი, პაატა ქობულაშვილი მიიჩნევს, რომ სამაჩაბლოში ქართული ტაძრების დამანგრეველ კოკოითს, არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ თავი დიდ მორწმუნედ წარმოეჩინა და არც რუსეთის ეკლესიის მესვეურებს უნდა მიეცათ მისთვის ამის საშუალება.

პაატა ქობულაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ქურთაში, ერედვში, თამარაშენსა და სხვა სოფლებში, ომის დროსაც და ომის შემდეგაც, კოკოითის ხალხმა არაერთი ქართული ეკლესია გაანადგურა. დანგრეული ეკლესიის კადრები უცხოელებმაც გაავრცელეს და ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, რუსეთის ეკლესიას პირველ რიგში საკუთარი თავისათვის უნდა ეცა პატივი და ეკლესიების დამანგრეველი კოკოითი ასე დიდი ზარ–ზეიმით მოსოვში არ უნდა მიეღოთ. 

რა თქმა უნდა, რუსები დღეს ჩვენი მტრები არიან და მათი ეკლესიაც არ გვექცევა მოყვრულად, მაგრამ ასეა თუ ისე, ისინიც ჩვენსავით მართლმადიდებლები არიან და უნდა ხვდებოდნენ, რომ ჩვენი ეკლესიების დანგრევა დანაშაულია, უსინდისობაა და მეტი არაფერი. მაგრამ, რუსებს ქართველები და მით უმეტეს, სამაჩაბლოებლები უკვე იმდენად ვძულვართ, რომ ცოცხალი რომ იყოს, ალბათ ჯალალ ედ დინსაც კი სიხარულით შეხვდებოდნენ“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალგორის ლენინგორად გადაკეთების გამო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო „ზომების მიღებით“ იმუქრება. რა იგულისხმება „ზომების  მიღებაში“ ან, საერთოდ, რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული გარდა დეოკუპაციისა, გაუგებარია. ჩვენ ვცადეთ ამ უწყების პრესსამსახურთან დაკავშირება, მაგრამ სამსახურის ხელმძღვანელს, ეკა გულუას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

 პრესა. გე შეეცდება კითხვაზე პასუხის მიღებას და კობა სუბელიანის, ან რომელიმე კომპეტენტური პირის კომენტარს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.