პარლამენტი ბლოკირებულია

პარლამენტი ბლოკირებულია

საკანონმდებლო ორგანო სატელეფონო ვაკუუმშია. პარლამენტში ნინო ბურჯანაძის პირადი ტელეფონის გარდა, არცერთი ტელეფონი არ მუშაობს. ამის გამო, ამომრჩევლები დეპუტატებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, ხოლო დეპუტატები - საშვის დაშვებას. მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტში შესვლის ნებართვას დილიდან ელოდებოდნენ, წივილ-კივილზე, მაგიდაზე ხელების ბრახუნზე, გინებასა და პარლამენტარების ლანძღვაზე გადავიდნენ.

„ტელეფონი არ მუშაობს, ქაღალდი არ არის, წლების განმავლობაში ბლოკნოტებს არ გვირიგებენ, მანქანებში ბენზინს ვერ ვასხამთ. ისედაც კაპიკებს გვირიგებენ და ისინიც ბენზინგასამართ სადგურებში უნდა დავხარჯოთ?“ - აი, პრობლემები, რომლებიც ქვეყნის რჩეულებს, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს აწუხებთ. ამას ისიც ემატება, რომ ეტაპობრივად ითიშება ლიფტები, უსახსრობის გამო ვერ რთავენ პარლამენტის ეზოში არსებულ ფანტანს და საპარლამენტო სხდომების დროს დეპუტატებს არაკონდიცირებულ დარბაზში, ანუ, როგორც თავად უწოდებენ - საუნაში უწევთ მუშაობა.

„ეს მარაზმია, ტელეფონებითაც ვეღარ ვსაუბრობთ, პრეზიდენტს პარლამენტი არ სჭირდება და მისი ბლოკირება შეგნებულად ხდება“, - აღნიშნავს ფრაქცია „დემოკრატების“ ლიდერი გიორგი ბარამიძე.

პარლამენტის სატელეფონო დავალიანება წლების განმავლობაში გროვდება. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დავალიანება 1996 წლიდან არის დაგროვილი და მისი ეტაპობრივი დაფინანსება ხდება. მისი მტკიცებით, გამორთული ტელეფონები რამდენიმე დღეში უნდა ჩაირთოს და დეპუტატებს აღელვების საფუძველი არა აქვთ. თუმცა, განრისხებას ვერც სახელისუფლებო ბლოკის პარლამენტარები მალავდნენ. ზეზვა ღუღუნიშვილი ერთ-ერთია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეების რისხვა თავს დაატყდა.

„უნდა გენახათ, რა ხდებოდა პარლამენტის შემოსასვლელში. ქალებიც და კაცებიც პირდაპირი ტექსტით იგინებიან. ვერ გვიკავშირდებიან და თუ როგორმე ხმა მოგვაწვდინეს, საშვის დაშვების საშუალება არა გვაქვს. ამას ჰქვია საკანონმდებლო ორგანოსათვის მუშაობის ხელის შეშლა და მას სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. რას ჰგავს ჩვენი ტუალეტები? სად ვცხოვრობ, ეს რა არის?“ - აღშფოთება ვერ დამალა ღუღუნიშვილმა.

ხაზინის მიერ გადმოურიცხავი თანხების გამო დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩლის შეტანასაც არ გამორიცხავენ. მათი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება შეგნებულად ხდება.

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიის გახსნას ვერ ახერხებს. კვორუმის არარსებობის გამო, რომ გუშინდელი ბიუროს სხდომა აღნიშნულის განსახორციელებლად უფლებამოსილი არ აღმოჩნდა. ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ასრულებს. 9 სექტემბერს გაიხსნება საშემოდგომო სესია, რომელიც მხოლოდ ერთ კვირას გასტანს. არსებული კანონმდებლობით, არჩევნებამდე 45 დღით ადრე სხდომები აღარ უნდა ჩატარდეს.

ამავე სხდომაზე უნდა დაიხუროს რიგგარეშე სესიაც, რომლის დღის წესრიგი დეპუტატებს ჯერ სრულად არ ამოუწურავთ. ცნობილი ხდება, რომ აღარ მოხდება დღის წესრიგით გათვალისწინებული ბიუჯეტის სეკვესტრის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო უკან გაიწვევს. არსებული ინფორმაციით, მზადდება ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც არადაცული მუხლების 10 პროცენტიან შემცირებას ითვალისწინებს. ანუ ბიუჯეტის სეკვესტრი 60 მილიონი ლარით შეიკვეცება.