ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილის წინააღმდეგ

ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილის წინააღმდეგ

(იბეჭდება შემოკლებით)

ლევან გაჩეჩილაძე გასულ კვირას ისე გაუჩინარდა, რომ მისი ადგილსამყოფელი პარტიის წევრებმაც არ გათქვეს. სულიკოსავით ყველა მე მეძებსო, - გვითხრა, როდესაც ჩვენი კვლევა ძიების ამბავი გაიგო და „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში დაგვითქვა შეხვედრა. მიუხედავად გამყრელიძე-გაჩეჩილაძეს შორის წარმოქმნილი გაუგებრობისა (თუ კონფლიქტისა), ოფისის დერეფანში არასოდეს ჩამოუხსნიათ ის ფოტოები, რომლებზეც ბავშვობის მეგობრები ერთად არიან

ლევან, სადმე იყავით გამგზავრებული?

-საპარლამენტო არჩევნებისთვის ძნელი აღმოჩნდა ოპოზიციის გაერთიანება, ამ საქმეს დიდი დრო დავუთმე და ამიტომაც არ ვჩანდი. თუკი ოპოზიცია არ გაერთიანდებოდა, არც ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობას. ასეთი (9 პარტიის) გაერთიანება უპრეცედენტოა საქართველოში. ამას დრო, ენერგია და ნერვები დასჭირდა. დასაკომპლექტებელი იყო სია, გასათვალისწინებელი ბევრის დამსახურება და ჯანსაღი ამბიცია. გამიმართლა, რომ გაერთიანება ჩემ გარშემო მოხდა. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა - ჩვენს ზურგს უკან მუშაობდა. პარტიული სიით გასულთა რაოდენობის შემცირებაც ხომ იმ მიზნით მოხდა, რომ ჩვენ დაგვეჭამა ერთმანეთი, მაგრამ გაერთიანება შევძელით. იმიტომ, რომ ყველა ფიქრობს, - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ეს არჩევნები კი არა, საქართველოს მოსახლეობის განმათავისუფლებელი ბრძოლაა ქვეყნის დამპყრობლის წინააღმდეგ...

ხელისუფლება პოლიტიკურ სახეებს ცნობილი ადამიანებითა და ბიზნესმენებით ცვლის. ამას როგორ შეაფასებთ?

-ერთი ბიზნესმენის განცხადება მოვისმინე, თურმე მიუღებელი ყოფილა რადიკალიზმი მისთვის. მინდა მათ მივმართო, - ჩემო მეგობრებო, თქვენ მოტყუებული კი არა, მოსყიდული ხართ. რადიკალიზმი ოპოზიციისგან კი არა, სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან მოდის. თქვენ, ცნობილი ადამიანები და ბიზნესმენები, სისხლს წმენდთ სააკაშვილის რეჟიმს.

რუსუდან კერვალიშვილი და მისი ოჯახი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების გაკეთილშობილებაც შეიძლება...

-ბოროტების გაკეთილშობილება არ შეიძლება! ბევრი ცნობილი პირი ვიცი, ღირსეულად რომ მოიქცნენ და ხელისუფლებას არ დაყვნენ. ისინი კი, ვინც დათანხმდნენ, სისხლხორცეულად არიან ხელისუფლებასთან შეზრდილნი. სახელმწიფოსთან კარგი და შინაურული ურთიერთობა მათთვის ფულის კეთების საშუალებაა.

თქვენზე კი ნათელაშვილი ამბობს, სააკაშვილმა „ტაოპრივატბანკი“ აჩუქაო...

-ნათელაშვილს არ გავაკრიტიკებ. ამ ქვეყანას ერთი მტერი - მიშა სააკაშვილი ჰყავს. ჩემი აზრით, სამშობლოს სიყვარული უზურპატორი სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით გამოიხატება. მერაბიშვილი და სააკაშვილი ჭორების დიდოსტატები არიან და ჩემს სიჩუმეს კარგად იყენებენ. ასეთი ქვეყანა გვაქვს, - მაინცდამაინც ვენები უნდა გადაიჭრა კაცმა, რომ ხალხმა დაგიჯეროს. ხალხი ჩემი უკომპრომისო ბრძოლით დარწმუნდება ჩემს სიმართლეში. ხალხი ტყუვდება, როდესაც ფულს აძლევენ. ხალხო, ეს თქვენი ფულია, იმიტომ გაძლევენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ, მერე კი სამჯერ მეტი წაგართვან. ჩვენ ქართული ლარიც უნდა გავათავისუფლოთ დამპყრობლისაგან. სააკაშვილი ურჩხულივით აზის არა მარტო სასამართლოს, არამედ ქართულ ლარსაც, რადგან საქართველოს ბიუჯეტი და ეროვნული ბანკი აქვს დაპყრობილი.

თქვენ და თქვენი მეგობრები სახალხო აჯანყებას აპირებთ, ხელისუფლება კი ამას ციხის შიგნიდან გატეხას უწოდებს.

-გია ბარამიძე არ მიმაჩნია იმ კაცად, რომელსაც საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს. თუ სააკაშვილი დიდი მატყუარაა, ბარამიძე პატარა ცრუპენტელაა. ბარამიძემ და ჟვანიას თანაგუნდელებმა ბევრი არაკაცური რამ გააკეთეს საიმისოდ, რომ სკამზე დარჩენილიყვნენ. მათგან კაცი ვერ ვნახე, ეთქვა, - ჟვანიას სიკვდილის საქმე გამოვიძიოთო. სკამი, დაცვა, მანქანა და ფული აღმოჩნდა მათთის ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ხალხს, რომელსაც მეგობარი ჰკიდია ფეხზე, ფეხებზე ჰკიდია აფხაზეთიც და ცხინვალიც. ბარამიძე ჩემი დარი კაცი არ არის და რა ველაპარაკო?!

თქვენ პერიოდულად მესიჯს უგზავნით ხოლმე ხელისუფლებას, ამჯერად როგორი იქნება თქვენი გზავნილი?

-სააკაშვილმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში კრიზისი არ დამთავრდება, სანამ ხელისუფლებას არ მოშორდება. რაც მეტ ძალადობას გამოიჩენს ხალხთან, მით მეტ წინააღმდეგობას შეხვდება. ამ შემთვევაში არის ორი გზა: - ან სააკაშვილი ტყვიას ესვრის ხალხს და გადაიქცევა პირსისხლიან დიქტატორად, ან სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს და ოპოზიციას ეტყვის, ვილაპარაკოთო. ხელისუფლებასთან დიალოგის საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი არჩევნები იქნება. მე საპრეზიდენტო მოვიგე, გამარჯვება წამართვეს, მაგრამ გავაჩერე 200 ათასი კაცი, რომელიც სააკაშვილის დამხობას ითხოვდა. არ მინდა გადატრიალების, სისხლისა და სხვისი სიცოცხლის ფასად მოვიდე ხელისუფლებაში.