გამოკითხულთა 72% დასაქმების სამინისტროს მუშაობისგან შედეგს არ ელოდება

გამოკითხულთა 72% დასაქმების სამინისტროს მუშაობისგან შედეგს არ ელოდება

Commersant.ge–ს მკითხველთა 72%–ის აზრით, დასაქმების სამინისტროს მუშაობა არავითარ შედეგს არ მოიტანს. ასეთი შედეგით დასრულდა საიტის გამოკითხვა, რომლის საშუალებითაც Commersant.ge–ს მომხმარებელმა ახალი უწყების შექმნისადმი საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა. შეგახსენებთ: დასაქმების სამინისტროს შექმნას მთავრობის პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს“ ითვალისწინებს, რომელიც ახალმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წარადგინა.

მთავრობის ახალი პროგრამის პრიორიტეტები ასე გამოიყურება: დასაქმება, სოფლის მეურნეობის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. გასულ კვირაში Commersant.ge–ზე ჩატარებულმა გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ მკითხველები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასაქმებას მიიჩნევენ, თუმცა, როგორც ამ კვირის გამოკითხვამ აჩვენა, საიტის მომხმარებელი ამ პრობლემის მოგვარების გზებს დასაქმების სამინისტროს შექმნაში არ ხედავს.

კერძოდ, კითხვაზე – „რა შედეგს მოიტანს დასაქმების სამინისტროს მუშაობა?“ – Commersant.ge–ს მკითხველთა პასუხები ასე გადანაწილდა:

დასაქმების სამინისტროს მუშაობა არავითარ შედეგს არ მოიტანს 72.0%;

უმუშევრებს სათანადო ვაკანსიის მოძებნა გაუადვილდებათ 11.9%;

შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები 7.0%;

კადრების კვალიფიკაცია ამაღლდება 4.9%;

სხვა 4.2%.

თავად დასაქმების ახალი მინისტრი პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ ისინი, ვინც მისი სამინისტროსადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ცდებიან, რადგან ბევრს არც 2003 წელს ეგონა, რომ ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრებოდა. მისივე თქმით, სექტემბრის ბოლოდან საქართველოში მასობრივი დასაქმება დაიწყება. ტრაპაიძის განცხადებით, პირველი, რასაც სამინისტრო გააკეთებს, მონაცემთა სრული ბაზის შექმნა იქნება.

მინისტრის თქმით, სამინისტრო ელექტრონული შრომის ბირჟის შექმნის შემდეგ უმუშევრის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს და დასაქმების პროგრამა ბაზის შექმნის შემდეგ, სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება. მისივე ინფორმაციით, ყველა ადამიანს თავისი კოდი ექნება, რომლის საშუალებითაც სათანადო ვაკანსიას მოძებნის. როგორც პაატა ტრაპაიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, სახელმწიფო არავის დასაქმებას არ აპირებს და ხელისუფლების მოვალეობაა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ბიზნესს ადამიანების დასაქმების საშუალებას მისცემს.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს.

საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის „ბი პი აის“ დირექტორის ირაკლი ლექვინაძისთვის commersant.ge–ს მკითხველების მხრიდან ახალი სამინისტროსადმი სკეპტიკური დამოკიდებულების დაფიქსირება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, საიტის მომხმარებლები ძირითადად ბიზნესის წარმომადგენლები, საქმიანი ადამიანები არიან და მათ კარგად ესმით, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის არა რომელიმე უწყება, არამედ ეკონომიკური ზრდა და ბიზნესის ხელშეწყობა.

„გასაგებია, რომ დასაქმების სამინისტროს შექმნა წინასაარჩევნო ნაბიჯია. ცხადია, გარკვეულ სამუშაოს ეს უწყება ჩაატარებს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი ბიუჯეტი მილიონი ლარია, ანალოგიური საქმის შესრულება – იგივე ბაზების მომზადება – გაცილებით მცირე დანახარჯებით, სხვა უწყებებსაც შეეძლოთ, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს და სტატისტიკის დეპარტამენტს. ასე რომ, ახალი უწყების მუშაობა, ჩემი აზრით, არაეფექტური იქნება,“ – ამბობს ლექვინაძე.