საქართველოში აეროპორტების ნაცვლად, ჰაეროპორტები შენდება

საქართველოში აეროპორტების ნაცვლად, ჰაეროპორტები შენდება

სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, პრეზიდენტის გატაცების მორიგი სფერო პორტები და აეროპორტებია. მაგალითად, პორტი უნდა აშენდეს ყველგან, სადაც კი ზღვა ხმელეთს უერთდება, ხოლო აეროპორტი, სადაც კი მეტ-ნაკლებად მოსწორებული ადგილია.

გზებისა და ხიდების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ფრენის მანიამ შეიპყრო და მზადაა, აეროპორტის გახსნა ლამის ყველა ქალაქსა და დაბაში გამოაცხადოს, სადაც კი ფეხს დადგამს. ქვეყნის პირველი პირის დავალებით, აეროპორტი გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში უნდა აშენდეს. მანამდე კი ის აჭარის მთიანეთში მოეწყობა. ახალი აეროპორტები გვექნება ქუთაისში, მესტიაში, ინგირსა და ფოთშიც. საბოლოო მიზანი კი ასეთია - აეროპორტი ყოველ 50 კილომეტრში!

თუმცა, ასეთი დიდი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მარტო ჰაერზე არ ხდება (მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი და ფრენა სწორედ ჰეართან არის დაკავშირებული). გარდა იმისა, რომ ინვესტორები არ არსებობენ და ფული არსაიდან ჩანს, ამგვარი უზარმაზარი მშენებლობების წარმოება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

აი, თუნდაც ფოთის აეროპორტი ავიღოთ, რომელსაც არაბული “რაკიინი“ აშენებს, თუმცა როდის დაასრულებას კაცმა არ იცის. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის ცენტრში“ აცხადებენ, რომ მშენებლობა ეკოლოგიური დასკვნის გარეშე მიმდინარეობს და აეროპორტის აშენება ეკოლოგიურ და ეკონომიკურ საფრთხეებს ქმნის.

მათი განმარტებით, ფოთის გრუნტი არამყარია და დახარჯული თანხა წყალში გადაყრილი ფულია. ორგანიზაციის ცნობითვე, ფრენებს საფრთხეს შეუქმნიან გადამფრენი ფრინველებიც. გარდა ამისა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, აეროპორტის სიახლოვეს კოლხეთის ეროვნული პარკია, რომელსაც „რამსარის“ საერთაშორისო კონვენცია იცავს და მშენებლობამ, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს. 

ფოთში მშენებარე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიზე მცხოვრებლები კი ბოლო რამდენიმე თვეა გამუდმებით ჩივიან და აეროპორტთან მისასვლელი სათადარიგო გზის გახსნას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, მძიმე ტონაჟიანი მანქანების მოძრაობის გამო საცხოვრებელი სახლების კედლები გაიბზარა.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრისგან“ განსხვავებით, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ წურწუმია ამტკიცებს, რომ საეროპორტო გრუნტი მყარია და ამ ტერიტორიაზე აეროპორტი კომუნისტების დროს ფუნქციონირებდა. დეპუტატის თქმით, მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა, როცა თვითმფრინავი ჭაობში ჩავარდა, თუმცა ახლა ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი ინფრასტრუქტურა საფრთხეებისგან დაზღვეული იქნება.

საგანგაშოა, რონ ე.წ. ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს, მაგრამ პროექტი ეკოლოგიური ექსპერტიზაზე ამ დრომდე წარდგენილი არ არის.

„ჩვენ ვთხოვთ შესაბამის სტრუქტურებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და ჩაერთონ გარემოს ზიანის მიყენების თავის აცილების მიზნით ადვოკატირების კამპანიაში, რათა შემდეგ არ იყოს გვიანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინათ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული.

კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, მას გაფრთხილება სჭირდება და არავინ იცის კავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა, რა ცვლილებებს გამოიწვევს“, - აცხადებენ ორგანიზაცია „მედია და საზოგადოებაში”.

საქმე ისაა, რომ ეკოლოგების შეშფოთება-აღშფოთება, შესაძლოა, სულაც არ გახდეს საჭირო, რადგან, როგორც ჩანს, ფოთის აეროპორტს აშენება არ უწერია. წესით და რიგით “რაკიინის“ ამიერკავკასიაში უდიდესი აეროპორტის მშენებლობა დასრულებული უნდა ჰქონდეს, ფოთის თავზე სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები ლივლივებდნენ და სტამბულის აეროპორტის ხელმძღვანელობა საგონებელში უნდა იყოს ჩავარდნილი (სააკაშვილმა ხომ სწორედ ასე იწინასწარმეტყველა - ფოთის უზარმაზარი აეროპორტი სტამბულს კლიენტების უდიდეს ნაწილს წაართმევსო).

ჰოდა, 4 წლის გადასახედიდან ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს რეალობაა, რთულად ყოფილა მისი საქმე. პროექტის დასრულებამ მრავალგზის გადაიწია და ახალი თარიღი 2014 წელია. “რაკიინის” ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საძირკვლის მომზადების სამუშაოები. ინვესტიციის ღირებულება 45 მილიონი დოლარია, მაგრამ სად არის? აბა...