უკრაინა საქართველოს შეიარაღებას გააგრძელებს

უკრაინა საქართველოს შეიარაღებას გააგრძელებს

მოსკოვი ლუკაშენკოზე იერიშის შემდეგ იანუკოვიჩის დისკრედიტაციაზე გადაერთო. აქაც მთავარი მიზეზი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარებაა“. ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტს რუსული ტელევიზიით შეახსენეს, რომ ის თავის დროზე, ოპოზიციაში ყოფნისას, ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარს არ ამბობდა.

იანუკოვიჩს პასუხი არ დაუგვიანებია. უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც მოსკოვმა იუმორისტულ ჟანრში შეახსენა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „აღიარების“ პირობა დადო, კოსოვოსთან დაკავშირებულ კომენტარში არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ იგი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ამ რეგიონების აღიარებას არ აპირებს. 

„კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საერთაშორისო პრეცედენტად განხილვა, სხვა ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრისათვის არ შეიძლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მაკედონიის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლა გრუევსკისთან კიევში გამართული შეხვედრის დროს. 

„უკრაინამ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია განხილულ იყოს როგორც პრეცედენტი სხვა ეთნიკური კონფლიქტების მოგვარებისათვის“, – აცხადებს იანუკოვიჩი. 

ამასთან ერთად ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას, რომელიც კოსოვოს პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული და ამ პროცესში უკრაინის მზადყოფნა თანამშრომლობისათვის კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

„ჩვენ ევროკავშირის ძალისხმევით ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებათა პროცესის მოგვარებას ვუჭერთ მხარს“, – აცხადებს იანუკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე სრულიად მოულოდნელად გავიდა სიუჟეტი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არც თუ სახარბიელოდ იყო წარმოჩენილი. 

31 ოქტომბერს შოუში „დიდი განსხვავება“ იანუკოვიჩის პაროდია გამოჩნდა. სიუჟეტის ავტორებმა უკრაინის უახლესი ისტორია კომედიური სიუჟეტით „ყოვლისშემძლე ბრიუსი“ წარმოადგინეს. რეალურ სიუჟეტში სამსახურიდან დათხოვნილი ტელეწამყვანი ღმერთისგან მის უფლებამოსილებას იღებს. 

პაროდიაში კი ღმერთად უკრაინის პრეზიდენტი იქცევა, რომელიც ამ უფლებამოსილებას ვიქტორ იუშჩენკოსგან იღებს. ამ ორი პერსონაჟის დიალოგში საკმაოდ მწვავე თემებმა წამოიწია წინა პლანზე. უკრაინის პრეზიდენტისადმი მიყენებული ზოგიერთი „დარტყმა“ რუსეთის ფედერალურ არხზე საერთოდ პირველად გაჟღერდა. 

რუსულ მედიაში აღინიშნა, რომ „სერიოზულ“ ახალ ამბებში ამ თემებზე საერთოდ არ საუბრობენ. მაგალითისთვის „იანუკოვიჩი“ „იუშენკოს“ დარიგებას სთხოვს. ექს-პრეზიდენტი კი უყვირის „ოსეთი არ აღირო“. რუსული მედია წერს, რომ აღნიშნულით იანუკოვიჩს მისი წინასაარჩევნი პირობა შეახსენეს აფხაზეთისა და ოსეთის შესაძლო აღიარების შესახებ, „რომელიც მან არჩევის პაროდიულ სიუჟეტში არც იანუკოვიჩის სისხლის სამართლებლივი წარსული დაავიწყდათ, რომელიც მისი ბიოგრაფიის „შავ ლაქას“ წარმოადგენს. შემდეგი თემა „ბუნებრივი აირის“ ვალები, დამოკიდებულება ტიმოშენკოსთან და რა თქმა უნდა თავში დაცემული „ვენოკი“. სიუჟეტის ბოლოს კი პაროდიული იანუკოვიჩი, რომელსაც ხალხის ხმის გაგონება არ სურს, ყურებს ფუმფულა ყურსასმენებით იხშობს და სავარაუდოთ მისი საყვარელი სიმღერის სმენით ტკბება.

„უკრაინა გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებას, როგორც ეს ვიქტორ იუშენკოს დროს იყო, ვინაიდან ეს რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოდგენს“, – ეს განცხადება რეგიონების პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ ჩეჩეტოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას გააკეთა. 

„იუშენკოს დროს ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით იმისა, რომ უკრაინას საქართველო შეეიარაღებინა. მაშინ ეს იარაღი მესამე ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, მათ შორის ჩვენი მეგობრების – რუსების წინააღმდეგ. ახლა კი ასეთი საფრთხე არ არსებობს, პირველ ყოვლისა რუსეთისთვის. ამიტომაც საშიში ამაში არაფერია“, – აცხადებს ჩეჩეტოვი და დასძენს, რომ იარაღის გაყიდვა ნორმალური პროცესია, რომელიც ბიუჯეტის შევსების საშუალებას იძლევა - „იმავეს აკეთებენ ჩვენი მეზობლები, მათ შორის რუსეთი“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში საქართველოში ვიზიტად უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი იმყოფებოდა, რომელსაც თბილისში შეხვედრების დატვირთული გრაფიკი ჰქონდა.