„არჩევნების შედეგების გამო, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება“

„არჩევნების შედეგების გამო, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება“

აშშ-ში შუალედური არჩევნებზე პრეზიდენტ ობამას პარტიამ მარცხი განიცადა. მმართველი „დემოკრატიული პარტია“ სენატში ადგილებს ინარჩუნებს, კონგრესის წარმოამდგენლობით პალატაში კი „რესპუბლიკური“ პარტია ლიდერობს. პრეზიდენტი არჩევნებში დამარცხების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. 

„ვაღიარებ, რომ ყველაზე ძნელი არჩევნებში დამარცხებული ჩემი თანაპარტიელების ხილვა იყო, თუმცა არჩევნებში მმართველი პარტიის წარუმატებლობას ობიექტური მიზეზები აქვს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ აშშ-ის ეკონომიკა ნეიტრალურ გადამრთველზე გაიჭედა“, - აცხადებს ობამა და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდი „რესპუბლიკელებთან“ კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებს.

„ეს ადვილი არ იქნება, რადგან ბევრ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ჩვენს ინიციატივებს მხარს არ დაუჭერს, თუმცა არ მგონია, მათ ჩვენთან თანამშრომლობაზე საერთოდ უარი თქვან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ეუთოს მეთვალყურეებმა აშშ-ში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად შეაფასეს, თუმცა აცხადებენ, რომ აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სისტემაში პრობლემებია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ არჩევნები ასახავს აშშ-ს ამომრჩეველთა ნებას. 

ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟოაო სოარეშმა, „ასოშიეიტედ პრესის“ მიხედვით, არჩევნებს „ინტენსიური და ბინძური“ უწოდა. მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები იმის გამო, რომ არ არის სავალდებულო პოლიტიკური რეკლამისთვის დახარჯული ფულის გამჭვირვალება, რაც სოარეშის თქმით, „ჩრდილს აყენებს არჩევნების გამჭვირვალებას და ანგარიშვალდებულებას“.

ქართული მხარის შეფასებით, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგები ქართულ-ამერიკულ ურთიერთოებებზე არ იმოქმედებს. საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, „რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია აქვთ და ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაა“.

 „მეეჭვება, რომ ამ არჩევნების ნებისმიერმა შედეგმა ამ პოლიტიკის რეალიზაციაზე გავლენა მოახდინოს“, - დასძინა თარგამაძემ.

ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილიც იზიარებს, რომლის აზრით, „საქართველო და მასთან დაკავშირებული თემები ის საკითხია, რომელზეც აშშ-ში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის სრული თანხვედრა არსებობს“.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდგომ „საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად თუ არ გააქტიურდა, არ შემცირდება“.  

„არსებობს მოარული აზრი იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით „რესპუბლიკელები“ „დემოკრატებთან“ შედარებით, უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ. საერთო ჯამში კი, ეს ორი პარტია კარგად აბალანსებს ერთმანეთს - როგორც საგარეო, ასევე შიდა, ეროვნული პოლიტიკური მიმართულებით“ - განუცხადა „პირWელს“ დარჩიაშვილმა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგებით საქართველოსთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენს ქვეყანას ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს“ - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია. 

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აშშ-ში დემოკრატია უმაღლეს დონეზეა. ნათლად ჩანს, რომ ამერიკის აღმასრულებელ და საკონსტიტუციო ხელისუფლებას შორის სრული ბალანსია. საქართველოსთვის აშშ-ს შუალედური არჩევნების შედეგებს დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან საქართველოს ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ალასანიამ. 

პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის შეფასებით, აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება არ მოჰყვება. 

„რესპუბლიკელების“ მიერ კონგრესზე კონტროლის დაბრუნება პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილების მიღებაზე თავისუფლებას კი შეუზღუდავს, მაგრამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა არჩევნების შედეგების კომენტირებისას სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა. 

მისივე აზრით, კონგრესში „რესპუბლიკელების“ სიმრავლის გამო, პრეზიდენტი ბარაქ ობამა იძულებული იქნება, მეტი დრო დაუთმოს ამა თუ იმ საკითხზე „რესპუბლიკელებთან“ კონსულტაციებს, ეს კი იმის მიზეზი გახდება, რომ თეთრი სახლი სწრაფ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და პრეზიდენტი თავის მოქმედებაში შეიზღუდება. 

ბარნოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, პრეზიდენტ ობამას ერთის მხრივ, რუსეთთან დათმობების პოლიტიკის გამართლება, ხოლო მეორეს მხრივ, ამ დათმობების საპასუხოდ, იმავე რუსეთისაგან კონკრეტული ნაბიჯების მოთხოვნა მოუწევს, რაც საქართველოსთვის ცუდი ნამდვილად არ არის. 

„არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტი ობამა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული და შესაბამისად მობილიზებული იმისათვის, რომ საზოგადოება და „რესპუბლიკელები“ რუსეთთან მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის სისწორეში დაარწმუნოს და რუსეთისაგან მხრიდან საპასუხო დათმობები უფრო ხელშესახები გახდეს, რაც ცხადია, საქართველოსთვის ცუდი ნამდვილად არ იქნება“ – დასძენს ბარნოვი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ობამას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგების გამო, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება. 

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები „დემოკრატებს“ იძულებულს გახდის კონგრესში მეტი კონსულტაციები აწარმოოს თავის ოპონენტ „რესპუბლიკელებთან“, რაც იმის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ შიდა პოლიტიკაში ობამას პარტიას ოპონენტებთან კომპრომისებზე წასვლა მოუწევს. 

შარაშენიძის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკაზე სერიოზულ ბერკეტებს ფლობს, ვაშინგტონის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. 

მისივე აზრით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კონგრესსა და სენატში ადგილები შეინარჩუნეს თუ არა იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებში საქართველოს მხარს აქტიურად უჭერდნენ. 

„ახლა ბევრი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმუშავებს ქართული მხარე როგორც „რესპუბლიკურ“, ასევე „დემოკრატიულ“ პარტიაში თავის პოტენციურ ლობისტებთან“, – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

„ბარაქ ობამას წინააღმდეგ ერთ-ერთ არგუმენტად „რესპუბლიკელები“ საქართველოს საკითხს იყენებენ. არ გამოვრიცხავ ობამაზე მეტ ზეწოლას იმ თვალსაზრისით, რომ სხვა მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ხარჯზე, რუსეთთან ურთიერთობას ზედმეტად არ მიანიჭოს უპირატესობა,“ - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.