ხელისუფლება საბანკო ანგარიშებზე კონტროლს კიდევ ამკაცრებს

ხელისუფლება საბანკო ანგარიშებზე კონტროლს კიდევ ამკაცრებს

"ახალი უცნაური ამბავი უნდა გამცნოთ - საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებისა და არჩევნების მოახლოების პარალელურად ხელისუფლება საბანკო ანგარიშებზე კონტროლს ამკაცრებს - საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გახმაურება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება! ანუ დაგაყადაღეს (პირი ქვისკენ მიქნია), დაგიბარეს, დაგკითხეს და ამის შესახებ სადმე წამოგცდათ? ამისთვის ჯარიმა ან პატიმობა გემუქრებათ. ფაქტია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება "ქომაგს" უკავშირდება და ამიტომ "ალია" კომენტარისთვის მათ იურისტ სოსო ბარათაშვილს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით იურისტი სოსო ბარათაშვილი: "ეს ახალი ნორმა კარგად უნდა წავიკითხო, რომ გავერკვე, იმდენად აბსურდულად მეჩვენება. ანუ, გამოძიების დროს ჩემს ანგარიშს ყადაღა დაადეს და ეს რომ განვაცხადო, მე დამიჭერენ?"

"ბოდიში, კიდევ ერთხელ წამიკითხეთ! პირველად რომ წამიკითხეთ, მეგონა, მომეჩვენა. ისე, ამ რამდენიმე ხნის წინ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც გამომძიებელსა და პროკურორს მიეცათ უფლება, სასამართლოს თანხმობით განახორციელონ მონიტორინგი ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე - ეს იყო განპირობებული იმით, რომ "ქართუ ბანკის" ანგარიშები გაეკონტროლებინათ, ეს გასაგები იყო. არ ვიცი, ეს ამ შემთხვევაში "ქომაგისთვის" კეთდება თუ არა. რა მიკვირს, იცით? საკუთარ თავზე ინფორმაციას სად განვაცხადებ, რა შუაშია? ეს, პრინციპში, კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება. მართალი გითხრათ, ეს ახალი ნორმა კარგად უნდა წავიკითხო, რომ გავერკვე, იმდენად აბსურდულად მეჩვენება. ანუ გამოძიების დროს ჩემს ანგარიშს ყადაღა დაადეს და ეს რომ განვაცხადო, მე დამიჭერენ? მე არც მყოფნის სიტყვები, როგორ გამოვხატო პოზიცია, იმდენად აბსურდული რამაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.

"ბოდიში და რომელი ქვეყნის კანონმდებლობიდან გადმოიღეს. ჯერ ეს უნდა გამაგებინონ და მერე გავერკვეთ ამაში. თუმცა, წესით, არ უნდა გამიკვირდეს, რადგანაც დეკემბრიდან ისეთი ცვლილებები შედის კანონში, ეს ლოგიკურ აზროვნებასა და სამართლის კანონებს აღარ ექვემდებარება და მთლიანად არღვევს იმ სამართალს, რაც რომიდან მოდის დღემდე და არსებობს, მაგრამ..." - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მაგრამ ასეთი სამართალი არ გაგიგიათ?" - პასუხობს:

"ასეთი სამართალი მართლა არ გამიგია (ეცინება) და არ მგონია, ეს სამართალთან ახლოს იყოს, არ შეიძლება ასეთი რამ. სიტყვები არ მყოფნის. რაც ჩემი პირადი საქმეა, რაც სხვას არ ეხება და არ წარმოადგენს არავითარ საიდუმლოებას, ამისთვის უნდა დავისაჯო პატიმრობით? თუნდაც ჯარიმით? გამამხიარულეთ!"