"საარსებო მინიმუმის კალათა ხელისუფლებამ ხელოვნურად გააიაფა"

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი შესამჩნევად გაიზარდა, გაიზარდა მისი საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილიც. ალბათ ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს კარგა ხანია აღარ სმენიათ მაგიური სიტყვა "სეკვესტრი", რომელიც ათიოდე წლის წინ ყველას თავზარს გვცემდა. 2012 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 7 მილიარდ 940,4 მილიონილარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 370 მილიონით მეტია. რა გზით გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და როგორ ნაწილდება ის? - ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას:

- ბატონო ლადო, ამჟამად ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 6-7 ჯერ მეტია 2003-2004 წლების მაჩვენებლებთან შედარებით. როგორ აისახა ბიუჯეტის ზრდა ჩვენი ხალხის ცხოვრებაზე?
- ის, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, დიდი წარმატებაა და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ხალხის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, თუმცა ვითარება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თანხები არამიზნობრივად რომ არ იხარჯებოდეს, არ იქმნებოდეს უაზრო პროექტები და ერთსა და იმავე საქმეს რამდენჯერმე არ აკეთებდნენ. ორიოდე მაგალითს შეგახსენებთ: ვინ იცის, რამდენჯერ დააგეს ქვაფენილი ყოფილი პეროვსკაიას (ახლანდელ ახვლედიანის) ქუჩაზე და რამდენჯერ აყარეს, მაგრამ ამ პროექტის განმახორციელებელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკმაოდ საინტერესო კარიერა გაიკეთა. ანალოგიური რამ მოხდა გორის მისასვლელთან, სადაც საკმაოდ გრძელი მონაკვეთი აიყარა და ავტომაგისტრალი მეორედ დაიგო. ჩვენ ვიცით, რა ოდენობის ფული გადაიყარა ანაკლიაში ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ენგურმა წაიღო ან რა ოდენობის ფული ჩაიყარა გომბორის გზაზე და ეს გზაც ხელახლა გაუხდათ დასაგები. ჩემი, როგორც ეკონომისტის შეფასებით, საკმაოდ სერიოზული თანხა გაიფლანგა თავდაცვის სამინისტროშიც, რაც კარგად აჩვენა 2008 წლის ომმა. აჩვენა, რომ უაზროდ იყო აშენებული სამხედრო ქალაქი გორთან, რომელიც ადვილად დაიბომბა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არაადეკვატური შეიარაღება გვქონია, რომ საჰაერო თავდაცვა ქვეყანას საერთოდ არ გააჩნდა და ეს მაშინ, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი იზრდებოდა. ასე რომ, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად ხდება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება.

სამწუხაროა, მაგრამ დღეს პრაქტიკულად მკვდარია კონტროლის პალატა, ვინც ამ საკითხს უნდა მიხედოს. 2007 წელს, როდესაც ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი, კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა ორი სერიოზული კვლევა: ეს იყო გაფლანგვა ქალაქის მერიაში, კერძოდ კი, კეთილმოწყობის სამსახურში - 200 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისის მერისა და კეთილმოწყობის სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, კობა სუბელიანის სახელებთან. ყველაფრის მიუხედავად სუბელიანი მინისტრი გახდა. მეორე, 40-მილიონიანი გაფლანგვა კი დაკავშირებული იყო განათლების სამინისტროსთან, რომლის მინისტრიც იმხანად კახა ლომაია იყო. არც ერთი ეს საკითხი პარლამენტში სერიოზულად არ განხილულა და არავინ დასჯილა მაშინ, როდესაც ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლისთანავე გახმაურდა, რომ მას თურმე 140 მილიონი გაუფლანგავს. თუ სუბელიანს, უგულავას ან ლომაიას მომავალში რაიმე "შეეშლებათ" და "ნაციონალური მოძრაობის" კურსს გადაუხვევენ, მათ გაფლანგვებსაც, ალბათ, მაშინვე გამოამზეურებენ.

- რა შეიძლება ითქვას ე.წ. სხვა ხარჯებზე?
- დიახ, ჩვენს ბიუჯეტში არის სერიოზული პრობლემა "სხვა ხარჯების" სახით. საერთოდ, ამგვარი ხარჯები ბიუჯეტის ხარჯების 5 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვენ კი რას ვხედავთ? - 50 პროცენტზე მეტია "სხვა ხარჯები" თბილისის ბიუჯეტში და 15 პროცენტზე მეტი - ქვეყნის ბიუჯეტში. ეს არის პრაქტიკულად გაუშიფრავი ხარჯები, რომლებიც არ კონტროლდება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ეს არის კორუფციის წყარო. ასე რომ, ქვეყანა და ხალხი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, საბიუჯეტო სახსრები მიზნობრივად რომ გამოეყენებინათ. არამიზნობრივი ხარჯვის კლასიკური ნიმუშია ქუთაისში პარლამენტის შენობის აგება, თითქოს ჩვენს პარლამენტს შენობა არ ჰქონდა. პარლამენტის შენობის მშენებლობაზე ოფიციალურად დღემდე 133 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეს არის წყალში გადაყრილი ფული. მომავალში ჩვენ გველის კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტი, რომელიც მე დიდ ბლეფად მიმაჩნია - "ლაზიკა" (ნეტა ლიზიკო იყოს...). როგორც ჩანს, ჭაობი ფულის სარეცხი კარგი მანქანაა, ამიტომ იქ რა დაიხარჯება, როგორ ან რა ფული შეიჭმება, კაციშვილი ვერ დათვლის. აქედან გამომდინარე, ლაზიკა შეიძლება ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს.

- ბატონო ლადო, რამ გამოიწვია ბიუჯეტის ასეთი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში?
- ბიუჯეტის ზრდა, უწინარეს ყოვლისა, გამოიწვია იმან, რომ "ვარდების რევოლუციით" მოსულ მთავრობას აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, წესრიგი დაემყარებინა საბიუჯეტო სექტორში: დამყარდა წესრიგი ქვეყნის საზღვრებზე და მის შიგნით, მეწარმისათვის გადასახადის გადახდა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ეს თავისთავად აისახა ბიუჯეტზეც, თუმცა ნაკლებად აისახა პენსიებზე. პენსიების მომატება უშუალოდ არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და იმაზე, თუ როგორ ნაწილდება საბიუჯეტო შემოსავლები. "ვარდების რევოლუციამდე" ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ინიციატივა, რომ პენსია და მინიმალური ხელფასი არ უნდა ყოფილიყო საარსებო მინიმუმზე ნაკლები, მაგრამ როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა, ეს ყველაფერი დაივიწყა. მინიმალური ხელფასის ცნება აღარ არსებობს, ხოლო პენსია აშკარად ნაკლებია, ვიდრე ოფიციალურად გაცხადებული საარსებო მინიმუმია.

- ბატონო ლადო, რით შეიძლება აიხსნას ის, რომ საარსებო მინიმუმი სულ უფრო მცირდება? მაგალითად, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2011 წლის აპრილში იყო 163,2 ლარი, 2012 წლის მაისის მონაცემებით კი 154,1 ლარია...
- ამას პირობითად შეიძლება ეწოდოს კურიოზი. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანაში საერთოდ შეიცვალა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია. საარსებო მინიმუმის კალათა ხელისუფლებამ ხელოვნურად გააიაფა იმით, რომ კალორიულობა შეამცირა. ასეთი ხრიკებით ცდილობენ უცხოელები დაარწმუნონ, რომ ჩვენთან ცხოვრება საამურია, მაგრამ მსოფლიოში იზრდება ფასები სურსათზე, იზრდება საქართველოშიც და როგორ შეიძლება საარსებო მინიმუმი მცირდებოდეს? იმის დასტურად, რომ საარსებო მინიმუმი ხელოვნურად არის შემცირებული, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: რატომღაც, საქართველოში საარსებო მინიმუმის კალათაში მამაკაცისათვის სამჯერ ნაკლები ხორცია გათვალისწინებული, ვიდრე სომხეთში მცხოვრები მამაკაცისათვის. როდესაც ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი არის 220 ლარი და არა 154, მან, საკმაოდ რეალურად შეაფასა სიტუაცია, თუმცა შესაძლოა ეს მაჩვენებელი 220 ლარზე მეტიც იყოს. დაპირება, რომელსაც იძლევა ირაკლი ალასანია და "ქართული ოცნება", ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პენსიების ნაჩქარევად გაზრდამ შეიძლება ინფლაციის ტემპის ზრდას შეუწყოს ხელი.

არ ვიცი, რა პროგრამას გამოაქვეყნებს "ქართული ოცნება", მაგრამ საარსებო მინიმუმამდე პენსია შეიძლება გაიზარდოს 2-3 წელიწადში. ეს არის რეალური გზა, თუმცა შესაბამისი ტაქტიკაა მოსაფიქრებელი, ქვეყანაში სერიოზული ინფლაცია რომ არ დაიწყოს.

- მთავრობა ამბობს, რომ მთლიანი შიგა პროდუქტი იზრდება, ინფლაცია მცირდება, მაგრამ საარსებო მინიმუმს რატომღაც მაინც ამცირებს...
- ჩვენი მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი ხშირად გვაჩუქებენ ხოლმე ასეთ "მარგალიტებს": როდესაც ნიკა გილაურმა შეაფასა 2012 წელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოზიტიური ინფლაცია, ხოლო შემდეგ გაშიფრა, რომ თურმე ფასები იკლებს. ინფლაცია თავისთავად ნიშნავს ფასების მატებას, ანუ პოზიტიური ინფლაცია ნიშნავს ფასების მატებას, ხოლო ფასების კლებას ეკონომისტები ეძახიან ნეგატიურ ინფლაციას, ანუ დეფლაციას. არ ვიცი, ბატონ გილაურს ეს უცოდინარობის გამო მოუვიდა თუ სურდა, ორიგინალური ყოფილიყო, მაგრამ მისთვის ამგვარი "მარგალიტების" ფრქვევა დამახასიათებელია, ჩემმა რომელიმე სტუდენტმა ფასების კლებაზე რომ მითხრას, პოზიტიური ინფლაციააო, ნამდვილად ვერ დავუწერ დადებით შეფასებას. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური განცხადებები და მათ მხარს უჭერს ჩვენი სტატისტიკაც, რომელიც ისე დააზარალა "ბენდუქიძის ეპოქამ", რომ მის აღდგენას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

ასეთ პირობებში შეუძლიათ ის თქვან, რაც გაუხარდებათ, გინდ პრემიერ-მინისტრს და გინდ - ქვეყნის პრეზიდენტს.