მიწების ჩამორთმევის გამო საქართველოში მოსავლიანობა მკვეთრად ეცემა

მიწების ჩამორთმევის გამო საქართველოში მოსავლიანობა მკვეთრად ეცემა

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, შარშან ბოსტნეული 22 ათას ჰექტარზე დაითესა. წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 24,4 ათას ჰექტარს შეადგენდა.

გლეხები მოსავლიანობის შემცირებას საწვავისა და შხამ-ქიმიკატების სიძვირით, ასევე დაკარგული მიწებით ხსნიან.

გორელი გლეხების თქმით, პრობლემას ართულებს ფალსიფიცირებული შხამ-ქიმიკატები, რასაც ყურადღებას არავინ აქცევს.

„საწვავი ძალიან გაძვირდა. საბოლოოდ კი მოწეული ადგილობრივი პროდუქტი ძვირდება, იმპორტული გაცილებით იაფია, ამიტომ ჩვენი მოსავალი არაკონკურენტუნარიანია. ახლა საკმარისი მიწა ისედაც არა მაქვს. 5 ჰექტარი მქონდა, აქედან 4 ჰექტარი ჩამომართვეს და გამიყიდეს. გვინდოდა ჩვენ თავად გვეყიდა, მაგრამ გვითხრეს, უკვე გაიყიდაო, ელექტრონულ აუქციონზე უნდა გეყიდათო. არცერთმა გლეხმა არ იცის, რას ნიშნავს ელექტრონული აუქციონი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიწები ჩვენთვის რომ მოეყიდათ, უფრო მეტს გადავიხდიდით, ვიდრე მყიდველებმა გადაიხადეს,“ – ამბობს ერთ–ერთი გორელი გლეხი. მათი ინფორმაციით, ერთი ჰექტარი 900 ლარად გაიყიდა.

ადგილობრივი მოსავლის შემცირების ფონზე, საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი რეკორდებს ხსნის: 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, კარტოფილის იმპორტი 19,4-ჯერ გაიზარდა.

სპეციალისტების განცხადებით, ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, რადგან საქართველოში კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100%-ს აღწევდა. „ჰიბრიდულ პროგრამაში“ დახარჯული მილიონების მიუხედავად კი სიმინდის იმპორტმა ექსპორტს 2012 წლის იანვარ-თებერვალში 291 ათასი დოლარით გადააჭარბა.

პომიდორი საქართველოში თურქეთიდან და მცირე ნაწილი ირანიდან შემოდის. ბოლო მონაცემებით, 1,2-ჯერ გაიზარდა ხახვის იმპორტი.საქართველოში ეს პროდუქცია თურქეთიდან, ასევე, ჩინეთიდან შემოდის. 3,4-ჯერ გაიზარდა სტაფილოს იმპორტი, 1,6-ჯერ კიტრის.