მთელი მოსახლეობა ტყემალზე!

მთელი მოსახლეობა ტყემალზე!

სააკაშვილის სიტყვა და საქმე ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ციყვი და ჰიპოპოტამი. პრეზიდენტმა საარჩევნოდ დაპირებებს უმატა, მაგრამ მის შესრულებაზე თავსაც არავინ იწუხებს, ან რატომ უნდა შეიწუხოს, როცა ნებისმიერი დაპირება იმთავითვე შეუსრულებელია.

ყველას ახსოვს როგორ აპირებდა სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ვენახის გაშენებას. ახლა კი გაირკვა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. ამ რამდენიმე თვის წინათ სააკაშვილმა თბილისის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას ბრძანება გასცა, რომ უშუალოდ აეროპორტთან ზვარი გაეშენებინათ. ამისათვის დედაქალაქის მერიას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გამოეყო მიწა, სადაც ვენახი გაშენდებოდა.

სააკაშვილს ალბათ ჰგონია, რომ მისი სიტყვის კვალდაკვალ ყველაფერი ელვის უსწრაფესად გვარდება. ამიტომ, ქვეყნის მთავარი მევენახე (პრეზიდენტი ხომ ყვარლის მამულში თავად უვლის ვაზს და შხამ-ქიმიკატებით შეწამვლასაც არ თაკილობს), ალბათ, უკვე დღეებს ითვლის თუ როდის გასინჯავს აეროპორტის მახლობლად მოყვანილი ყურძნისგან მიღებულ ჭაშნიკს.

არადა, მიწა რომელზედაც ვენახი უნდა გაშენდეს ამ ეტაპზე გამოყოფილი არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ინიციატივით კერძო სექტორის დაინტერესება უნდა მოხდეს და მოიძებნონ ფერმერები, რომლებიც აეროპორტის ტერიტორიაზე ვენახის გაშენებას ისურვებენ.

ვინძლო სააკაშვილს ისიც ჰგონია, რომ თავისი უაზრო ბრძანების საფუძველზე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტის პირველადი მიწოდებისას 18%-იანი დღგ-ს მოხსნას ითვალისწნებდა, ქვეყანაში ხილ-ბოსნეულ-რძე-ხორცეული გაიაფდა, ხოლო გლეხები იმდენად გაოცებულნი არიან რეალიზაციის მასშტაბებით, რომ მუხლჩაუხრელად შრომობენ მოსავლიანობის სწრაფი ტემპით გასაზრდელად. რეალობა კი ისაა, რომ წლეულს მოსავლიანობის მაჩვენებელი კიდევ შემცირებულია, ხოლო გაიაფებაზე ლაპარკი, უბრალოდ, უხერხულია.

ყველას ახსოვს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-გან გათავისუფლება რაოდენ დიდი ზარზეიმით აღინიშნა. ასეთი სასიხარულო ამბის გლეხებისთვის შეტყობინება, დაახლოებით, ერთი თვე ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2012 მარტიდან გათავისუფლდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ სოფელ-სოფელ იარეს და გლეხებს ეს „სასიხარულო“ ამბავი პირადად აუწყეს. გლეხების დიდმა ნაწილმა მართალია ვერ გაიგო რისგან გათავისუფლდა, მაგრამ პიარი ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ ისინი მოსავალს დიდი იმედით დაელოდნენ.

ახლა ვითარება ამგვარია, სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად სააკაშვილისა და გოროზიას ძალისხმევას რა შედეგები მოჰყვა, ეს სამინისტროს უკვე აღარ აინტერესებს, ხოლო, ვინაიდან პროდუქტი არ გაიაფებულა, შესაბამისად, გლეხებისთვის არც რეალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილა, თუმცა რამდენიმე რაიონში ამბობენ, რომ მათ გასაყიდი აღარაფერი აქვთ.

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების დღგ-სგან გათავისუფლების მიუხედავად, პროდუქციის გაიაფებაზე ვერ საუბრობენ უმსხვილესი საკონსერვო საწარმოებშიც. საკონსერვო საწარმო „დიკოში“ ფასების შემცირებას ვერ პროგნოზირებენ. 

კომპანიის გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა დადებითი ბიძგია საბოლოო პროდუქტის გაიაფებისთვის, თუმცა საკონსერვო საწარმო მაინც რჩება დღგ-ს გადამხდელად და ფასების მკვეთრი დაცემა მოსალონდელი არ არის. მისივე თქმით, ნედლეულის შეძენა ივლისი-აგვისტოს თვეში ხდება და კონკრეტული პროგნოზების გაკეთება გვიან ზაფხულში იქნება შესაძლებელი.

საბოლოო პროდუქტის გაიაფების ტენდენციას ვერც საკონსერვო წარმოება „ბაზში“ ხედავენ. საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კომპანია დამატებითი ღირებულების გადასახადს მაინც იხდის და მხოლოდ ნედლი პროდუქციის დღგ-სგან განთავისუფლება საბოლოო ნაწარმს ვერ გააიაფებს. მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის ნედლი პროდუქციიდან მხოლოდ ტყემალზე დაიკლო ფასმა, ხოლო პროდუქტების უმრავლესობის ღირებულება უცვლელია.

რადგანაც იაფი მხოლოდ ტყემალია, ხელისუფლების მორიგი რჩევა იქნება, გადავიდეთ ტყემალზე ან საერთოდ გავიდეთ ტყემალზე და ვიჯდეთ იქ მინიმუმ 2014 წლამდე...