ვენესუელა ნავთობით საუდის არაბეთზე მდიდარი ყოფილა

ვენესუელა ნავთობით საუდის არაბეთზე მდიდარი ყოფილა

ბრიტანულმა კომპანია BP-მ გამოაქვეყნა მსოფლიოს ენერგეტიკაში არსებული ვითარების თავისი ტრადიციული, ყოველწლიური მიმოხილვა. მისი რამდენიმე შედეგი სენსაციური აღმოჩნდა. კერძოდ, საუდის არაბეთმა პირველად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ნავთობით ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს ტიტული დაკარგა და იგი ვენესუელას დაუთმო. სხვა მხრივ, გასული წლების ტენდენციები შენარჩუნდა – განვითარებულმა ქვეყნებმა ენერგორესურსების მოხმარება შეამცირეს, განვითარებადებმა გაზარდეს, ნავთობის და გაზის მოპოვებამ კი მთლიანად მსოფლიოში ცოტათი მოიმატა.

მაშ ასე, საუდის არაბეთი, რომელიც ძალიან დიდი ხანი მსოფლიოს ნავთობის უძირო ჭად ითვლებოდა, ვენესუელამ უკამ ჩამოიტოვა, რომელიც ერთი წლის წინ მხოლოდ მსოფლიოში მეხუთე იყო. BP-ს მონაცემებით, 2011 წლის ბოლოსთვის ვენესუელას 296 მილიარდი ბარელი ნავთობის დადასტურებული მარაგი ჰქონდა, საუდის არაბეთს კი მხოლოდ 265 მილიარდი ბარელი.

სინამდვილეში არაფერი ექსტრაორდინარული არ მომხდარა. უბრალოდ, BP-მ ვენესუელას მარაგად ჩაუთვალა “მძიმე” ნავთობით მდიდარი “კუპრიანი ქვიშები”, ე.წ. მდინარე ორინოკოს სარტყელი. ამით, ცხადია, საერთო მარაგის რაოდენობამ ძალიან მოიმატა. BP-მ პირველად გადაწყვიტა “კუპრიანი ქვიშები” დადასტურებულ მარაგად ჩაეთვალა, რადგან კანადაში ამ რესურსის გადამუშავება სულ უფრო და უფრო წარმატებით ხორციელდება.

რეალურად კი არაფერი შეცვლილა. ორინოკოს აუზის ქვიშები შეიძლება პერსპექტიულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვენესუელა მისი გადამუშავების დაწყებას არ აპირებს.

თუ ნავთობის მსოფლიო რეზერვებს მთლიანად მიმოვიხილავთ, დიდ ცვლილებებზე საუბარი არ მოგვიწევს. რეზერვები ცოტათი, 1622-დან 1652 მილიარდ ბარელამდე გაიზარდა, მათი ყოველდღიურ მოპოვებასთან შეფარდება კი იგივე დარჩა. BP-ს გენერალური დირექტორის ბობ დადლის თქმით, მსოფლიოში ბევრი ნავთობია და მოხმარების ამჟამინდელი ტემპით იგი 55 წელს მაინც იქნება საკმარისი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ “შავი ოქრო” უნდა გაიაფდეს, რადგან იოლად მიწვდომადი საბადოები თანდათანობით ქრება და ისეთები რჩება, რომელიც ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად დიდ ინვესტიციებს მოითხოვს.

ვენესუელას გარდა მნიშვნელოვნად, 115-დან 143 მილიარდ ბარელამდე  გაიზარდა ერაყის მარაგი. ამ თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე ქვეყანამ 20 პროცენტიანი ზრდა აჩვენა, რაც მშვენიერი შედეგია. რაც შეეხება საუდის არაბეთს, მისი მარაგი 900 მილიონი ბარელით გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი მარაგის მქონე ქვეყანაში ნავთობის მოპოვება მცირდება, რაც პრეზიდენტ ჩავესის მიერ ნავთობმომპოვებლებთან კონფლიქტის გამო ხდება. მოპოვების ყველაზე მნიშვნელოვანი, 71 პროცენტიანი შემცირება კი ლიბიაში დაფიქსირდა, რაც, ცხადია, სამოქალაქო ომის ბრალი იყო.

სხვა ქვეყნებში კი “შავი ოქროს” მოპოვება გაიზარდა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საუდის არაბეთი, რომელმაც ნავთობის მოპოვება 12 პროცენტით, დღეში 11,2 მილიონ ბარელამდე გაზარდა.

რაც შეეხება “შავ ოქროზე” მოთხოვნილებას, იგი ზრდას აგრძელებს. კერძოდ, გასულ წელს ნავთობზე მოთხოვნილება დღეში 600 ათასი ბარელით (0,7 პროცენტი) გაიზარდა. ამას ხელი განსაკუთრებით ჩინეთმა შეუწყო, რომელმაც შარშან შარშანწინდელთან შედარებით დღეში 505 ათასი ბარელით მეტი ნავთობი მოიხმარა. ანუ, გამოდის რომ მსოფლიოს ნავთობის მოხმარების ზრდის 80 პროცენტი ჩინეთზე მოდის. ძნელი წარმოსადგენი არ არის, ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრი შენელების შემთხვევაში რა დღეში ჩავარდება ნავთობის წარმოება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი მოპოვება შარშან 3,1 პროცენტით, მოხმარება კი 2,2 პროცენტით გაიზარდა. გაზის წარმოების სფეროს ლიდერად აშშ დარჩა, რომელმაც მოპოვების 7,7 პროცენტიანი ზრდა აჩვენა. ასე რომ, ფიქალური გაზი ამერიკას კვლავინდებურად საშუალებას აძლევს სფეროს ლიდერი იყოს.