ეკონომიკა ეკონომიური არ უნდა იყოს

ეკონომიკა ეკონომიური არ უნდა იყოს

ევროპაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებას ამჯერად ბრუკინგსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, თურქეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ქემალ დერვიში ეხმაურება. თავის სტატიაში განთქმული ეკონომისტი ბებერ კონტინენტზე არსებულ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას აკრიტიკებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მოწოდებაზე დაიწყოს ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, გერმანიის მთავრობამ მშრალად განაცხადა, რომ არ აპირებს ევროს ზონის მკაცრი ეკონომიის პროგრამაში რაიმე ცვლილების შეტანას. სავარაუდოდ, უკვე არსებულ პროგრამებს დაემატება ზრდის მხარდამჭერი რამდენიმე ზომა, როგორებიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ კრედიტირების გაზრდა და კონკრეტული ინვესტიციების დასაფინანსებლად ობლიგაციების გამოშვება.

ბევრი ექსპერტი გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ აცხადებს, რომ საჭიროა სიმკაცრეც და ზრდის სტიმულირებაც და რომ ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტის გადატანა სულაც არ ნიშნავს სიმკაცრის შესუსტებას. ხანგრძლივი კრიზისის დრამა ევროპაში მიმდინარეობს, მაგრამ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკაზე დებატები აშშ-იც დაიწყო.

უნდა განისაზღვროს სამი ძირითადი მომენტი. ჯერ ერთი, მასიური უმუშევრობის პირობებში წარმოების მოცულობა განისაზღვრება მოთხოვნილებით და არა შეთავაზებით. ევროს ზონის ქვეყნებში ნაციონალურ დონეზე შეიძლება გატარდეს მხოლოდ ფისკალური პოლიტიკა, რადგან ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. ასე რომ, ეკონომიკური ზრდისათვის მართლაც საჭიროა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.

მაგრამ, ბიუჯეტის ნელ კორექციას ნდობის დაკარგვა და, რაც მთავარია, კერძო დანახარჯების შემცირება მოჰყვება. ასე რომ, მოთხოვნილების და გადამხდელუნარიანობის ხანმოკლე მხარდაჭერის გარეშე კრიზისში მყოფი ქვეყანა აღმოჩნდება დანახარჯების შემცირების სპირალის წინაშე, როგორიცაა წარმოების კლება, უმუშევრობის ზრდა, ბიუჯეტის კიდევ უფრო მეტი დეფიციტი და ა.შ.

ამასთან, სწორად უნდა შეირჩეს ზრდისათვის ხელსაყრელი ფინანსური კონსოლიდაციის პაკეტი. სერიოზული განსხვავებაა საინვესტიციო და მიმდინარე დანახარჯებს შორის, რომლებზეც იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ მიუთითა. პირველი, თუ სწორადაა დაგეგმილი, შეიძლება ხანგრძლივი ზრდის საფუძველი გახდეს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დანახარჯებს შორის. მაგალითად, როგორებიცაა მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი მაგრამ მხარჯველი ნაწილის მხარდაჭერა და მდიდრებისათვის გადასახადების შემცირება, რაც მათი დანაზოგის ზრდას გამოიწვევს. 

საერთოდ, არსებობს გრძელვადიანი რეფორმები, როგორებიცაა შრომის ბაზრის რეფორმა, რომელიც მის მოქნილობას აუმჯობესებს, მაგრამ ფართომასშტაბიან შემცირებებს არ იწვევს. სხვათა შორის, ეს მოდელი ძალიან წარმატებით გამოიყენება გერმანიაში. გარდა ამისა, სწორმა საპენსიო რეფორმამ და პენსიაზე გასვლის ასაკის მოქნილად კორექტირებამ შეიძლება გრძელვადიანი ფინანსური სიმყარე განაპირობოს. თანაც ისე, რომ სოციალური კონფლიქტები არ გამოიწვიოს.

ევროპას სჭირდება კოორდინირებული სტრატეგია, რომელიც ბიუჯეტების კონსოლიდაციისათვის საჭირო დროს გაზრდის და ზრდისათვის ხალსაყრელი პოლიტიკის ფორმირებას ხელს შეუწყობს. ერთიანი სტრატეგია აუცილებელია. უნდა არსებობდეს ზრდის საერთო ევროპული სტრატეგია და არა ესპანური, იტალიური და ა.შ. ამით მოიგებს ყველა, მათ შორის გერმანიაც, რომელსაც შეუძლია თავი მიმდინარე ანგარიშის პროფიციტით მოიწონოს.

ნელი ფისკალური შემცირება, სახელმწიფო ბიუჯეტში ინვესტირების შესაძლებლობა, ოპტიმალური ფისკალური პაკეტები და ნაციონალური პოლიტიკის კოორდინაცია კრიზისის გადალახვაში ევროპას დიდ დახმარებას გაუწევს. სამწუხაროდ, საბერძნეთი უკვე გახდა განსაკუთრებული შემთხვევა, რომელსაც სპეციფიკური და მიზანმიმართული მკურნალობა ესაჭიროება. სავარაუდოდ, მას სახელმწიფო ვალის ჩამოწერის კიდევ ერთი ეტაპი დასჭირდება.

სამწუხაროდ, არასაკმარისმა, ზოგჯერ კი კონტრპროდუქტიულმა ქმედებებმა ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ესპანეთი, რომელიც, პრინციპში, გადამხდელუნარიანი და ძლიერი ეკონომიკაა, კატასტროფამდე მიიყვანა. ეს კი მთელს ევროს ზონას უდიდესი დარტყმით ემუქრება.

სამხრეთ ევროპა არც მიწისძვრას დაუნგრევია და არც ცუნამის, იგი ეკონომიკის არასწორმა მართვამ დააძაბუნა. სიტუაციის გამოსწორება სწორ, კოორდინირებულ მოქმედებას შეუძლია, მაგრამ არა უბრალოდ ეკონომიას.