მილიარდის აორთქლება ჩვეულებრივ ამბად მოინათლა

მილიარდის აორთქლება ჩვეულებრივ ამბად მოინათლა

არ არსებობს ორი, თუნდაც მეზობელი ქვეყანა, რომლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა.  რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ასეით კომენტარი გააკეთა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების კომენტირებისას.

კვლევა მნიშვნელოვანი სტატისტიკურ მონაცემებზე იყო დაფუძნებული და საქართველო-აშშ-ს შორის „ჩრდილოვან ვაჭრობას“ შეეხებოდა.

„ჩვენ დამოუკიდებელი სამსახური ვართ და პოლიტიკაში არ ვერევით. ამ კვლევის პრეზენტაციას ჩვენი წარმომადგენელიც ესწრებოდა. მინდა, აღვნიშნო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ორი ქვეყანა, თუნდაც ერთმანეთის მეზობელი ქვეყნები, რომელთა ექსპორტ-იმპორტის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა.

ეს ცვლილებები კი უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია მეთოდოლოგიით. ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-დან როცა ტვირთი მოდის, დანიშნულების ადგილად საქართველო იწერება, შესაბამისად, ექსპორტს საქართველოს უთვლიან, თუმცა გზაში, ტრანსპორტირებისას შეიძლება, ტვირთი გაიყიდოს ან სხვაგან წაიღონ. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ექსპორტის 20%-ს შეადგენს.  რეალურად კი, ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება.  შესაბამისად, საქონელიც რეექსპორტის რეჟიმით შემოდის და ჩვენთან არ ფიქსირდება. ამდენად, ამ და სხვა ფაქტორების გამო, აშშ-დან წამოსული ბევრი ტვირთი ჩვენთან არ შემოდის და შესაბამისად, ციფრებში განსხვავებები ჩნდება“, - განმარტა ჭელიძემ და მაგალითად, ჩერნიგორია-ევროკავშირს შორის ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვისას არსებული საკმაოდ დიდი განსხვავებები მოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მონაცემები იმის თაობაზე თუ რა შემოსავლებს მალავს საქართველო აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში, რის შედეგადაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი „ჩრდილში“ ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი უზარმაზარ შემოსავლებს კარგავს.

ავტორთა შედარებებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%, 2005 წელს - 57,5%; 2006 წელს - 49%; 2007 წელს - 38,8%; 2008 წელს - 42%; 2009 წელს - 38%; 2010 წელს - 27,2%; 2011 წელს - 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში კი ჩრდილში აღმოჩნდა 46,5%.

ინსტიტუტის მტკიცებით, 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6% საქართველოში კონტრაბანდულად შემოვიდა.

„აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ამერიკის მონაცემებით, 3 008,7 მილიონი დოლარი შეადგინა. იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით, აშშ-ის იმპორტმა საქართველოში 1 662,4 მლნ დოლარი შეადგინა.  საქართველოს მხარემ კი 1 346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3% დააფიქსირა.

სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით, აშშ-დან შემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო, მინიმუმ მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა“, - აცხადებენ საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დავით ნარმანიას განცხადებით, დამაფიქრებელია ისიც, რომ ცდომილებაა არა მარტო აშშ-დან საქართველოში განხორციელებული იმპორტის მაჩვენებლებში, არამედ საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტშიც:

„საქართველოდან წასული ექსპორტის მაჩვენებლები უფრო ნაკლები არის დაფიქსირებული მთელ რიგ შემთხვევებში, ვიდრე ამერიკის ბაზარზე არის შესული, ანუ საქართველოდან გავიდა საქონელი, ამერიკის ბაზარზე შევიდა უფრო მეტი, ვიდრე საქართველოდან გავიდა და ჩნდება კითხვა, საიდან შევიდა, სხვა ქვეყანაში ხომ არ იწარმოება ქართული ყალბი დოკუმენტაციით საქონელი და საქართველოს სახელით ხომ არ შედის? რადგან საქართველო ამერიკაში „ჯი-ეს-პით“ სარგებლობს“, - დავით ნარმანიას ამ და სხვა კითხვებზე, რომლებიც კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა, მთავრობას დღემდე ოფიციალური პასუხი არ გაუცია (თუ არ ჩავთლით „საქსტატის“ ხელმძღვანელის ზემოთმოყვანილ ზოგად განმარტებებს).

თუმცა ორიოდე დღის წინათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა ჟურნალისტების წინაშე მცირე კომენტარი მაინც გააკეთა. მისი განცხადებით, შეუძლებელია საქართველოში აღურიცხავი პროდუქცია შემოვიდეს ან გავიდეს:

„საქართველოს საბაჟოს შემთხვევაში ეს არის შეუძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიას ვერ გადმოლახავს ვერც ერთი ტვირთი, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს თუ მან არ გაიარა ადეკვატური კონტროლი“, - ბეგაიშვილი ამას ისეთი თავდაჯერებით ამბობდა, თითქოს ელიტური კორუფცია საქართველოში ჯერარსმენილი რამ იყოს.

„ყველაფერი მიუთითებს შემდეგ რამეზე: ისეთ სერიოზულ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც არის აშშ, საგარეო ვაჭრობაში ჩვენ გვაქვს გარკვეული მაქინაციები. ეს სქემები არის დასტური იმის, რომ არის გარკვეული სქემები კორუფციის, რომლის დროსაც საგარეო ვაჭრობაში ფიქსირდება საკმაოდ განსხვავებული მაჩვენებლები. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამერიკელები ხელოვნურად ამცირებენ ციფრებს“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა.