საარჩევნო აგრესია ბანკების წინააღმდეგ

საარჩევნო აგრესია ბანკების წინააღმდეგ

გაჭირვება მაჩვენეო და ხელისუფლება თავის ერთგულ ბანკებს დაერია. როცა არაჩევნების ბედი სასწორზეა, ნაცმოძრაობა არავის დაინდობს. მომხმარებელი კი კარგა ხანია ბანკებისადმი აგრესიას არ მალავს. ასე რომ, მალე საქართველოში ადამიანი აღარ დარჩება, რომელიც ბანკების ქმედებებისადმი თუნდაც ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს.

საქართველოს პრეზიდენტი ბანკების მიმართ უპრეცედენტოდ მწვავე განცხადებას აკეთებს და მათ ღიად ადანაშაულებს ადამიანების დიდი ჯგუფის გაღატაკებაში. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში სერიოზული ანტისაბანკო განწყობის ჩამოყალიბების საფრთხე არსებობს.

„ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ 2 და 3 ოთახიანი ბინები, ბანკებმა წაართვეს და დარჩნენ ქუჩაში. ვიღებთ ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს, რომლებიც თქვენს მიერ არის გაღატაკებული და განადგურების პირას მისული და ნუ ვიტყვით იმას, რომ მათ თავად გააკეთეს ეს არჩევანი. ნუ გააკეთებთ იმას, რომ დამშეული, გაღატაკებული, განადგურებული ადამიანების მთელი კლასი მიიღოთ.

გუშინ ოჯახი ვნახე, რომელსაც ბანკმა ბინა ჩამოართვა. ამ ოჯახის 12 წევრი თავშესაფრის უქონლობის გამო 7 ადგილზეა გადანაწილებული. გაფრთხილებთ, იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან მიიღებთ ძალიან სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას საქართველოში. 

ნუ დახარბდებით ასეთ პატარა შემოსავლებს, რადგან ამას სოციალური უკუეფექტი ექნება. კლასობრივ შუღლს გავაჩენთ, რადგან არ შეიძლება, სხვისი უკიდურესი გაღატაკებით ვინმემ ფული გააკეთოს“, - მიმართა პრეზიდენტმა ცენტრის გახსნაზე შეკრებილ ბანკირებს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბანკებში „ძალიან მაღალი გადასახადებია“ და საჭიროა ერთად მუშაობა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კრედიტები ხელმისაწვდომი იყოს.

იმის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რომ ხელისუფლება ბანკებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის გამწვავებამ შეაშფოთა, იყო ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის ქობულეთში ჩასვლა, სადაც მოსახლეობა ბანკების მიმართ არსებული დავალიანების გამო გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას.

თუმცა ეს ბანკებისადმი კლიენტების უკმაყოფილების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ქობულეთის მსგავსად ბანკებთან პრობლემები კახელ გლეხებსაც შეექმნათ: დედოფლისწყაროს რაიონში გლეხებს მიწების დამუშავების და პროდუქციის მოსაყვანად სესხები ბანკებიდან ჰქონდათ გამოტანილი, რომელთა გადახდასაც ზარალის გამო ვეღარ ახერხებენ და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.

გარდა ასეთი, მასობრივი პრობლემებისა, მომხმარებლები ბანკებს დაუნდობელ ქმედებას ყველა ფეხის ნაბიჯზე უმწვავესად აკრიტიკებენ. მაგალითად, უახლესი ასეთი პროტესტი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. მომხმარებლები „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ბარათებთან და IPAY-ის სწრაფი გადახდების აპარატების მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ.  ინფორმაცია „ფეისბუქში“ „საქართველოს ბანკის“ კორპორატიულ გვერდზეა განთავსებული.

„ძალიან მაინტერესებს თქვენს მიერ ასე ხშირად ნახსენებ საფონდო ბირჟაში თუ იციან, რომ საკუთარ კლიენტებს აყაჩაღებთ? მე ეჭვი მაქვს რომ არა. და რომ გაიგონ, სავარაუდოდ, ამ ამბით აღფრთოვანებულები არ დარჩებიან.

15 ივნისს იყო ჩემს საკრედიტო ბარათზე („ამერიქან ექსპრესზე“) მინიმალური შესატანის (5 ლარი და 65 თეთრი ) ჩარიცხვის ბოლო დღე. საღამოს თავისუფლების მეტროში მდებარე მომსახურების ტერმინალი PYAY-ის მეშვეობით შევიტანე 10 ლარი ჩემს საკრედიტო ბარათზე. აქვე ავღნიშნავ, რომ თავად ტერმინალი დაუზარებლად აცნობებს ყველას, რომ 21 საათამდე შესრულებული ოპერაციები აისახება იმავე სამუშაო დღეს. შევამოწმე, ჯერ არ იყო 21 საათი.

მეორე დილას მწერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ ვადის გადაცილების გამო თურმე დაიბლოკა ჩემი საკრედიტო ბარათი. ზუსტად იგივე შეემთხვა ჩემს მეგობარსაც!“ - აღნიშნავს მომხმარებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელებში გამოთქმული პრეტენზია „საქართველოს ბანკის“ მისამართით პირველი არ არის. ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე „პროტესტი ქართულ ბანკებს“ განთავსებული პოსტი „საქართველოს ბანკის“ „ექსპრეს კრედიტის“ პირობებს ეხებოდა და ბანკს მოტყუებაში ადანაშაულებდნენ.

„საქართველოს ბანკის“ პროდუქტის „ექსპრეს კრედიტის“ ოფიციალურ პირობებში მითითებულია, რომ კრედიტზე განაკვეთი 0%-ია. თუმცა, სესხის საკომისიო თვეში 2-ჯერ 10 ლარია, შესაბამისად, გადასახდელი წელიწადში 240 ლარი გამოდის“ -  აღნიშნავდა მომხმარებელი.

„ფეისბუქის“ გვერდის მომხმარებლის დაანგარიშებით, ექსპრესსესხი რეალურად 120%-იანი გამოდის.

„ფეისბუქის“ გვერდის ავტორები ამ პროდუქტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ეროვნულ ბანკს რეაგირებას სთხოვდნენ. მომხმარებლის პრეტენზია „ფეისბუქზე“ „საქართველოს ბანკმა“ უპასუხოდ დატოვა.

ექსპერტ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართველ ბიზნესმენებს ნაკლებად ესმით, რომ მათი წარმატებისათვის მთავარი პარტნიორი საზოგადოებაა. მისი თქმით, აგვისტოს ომის დღეებშიც კი ზოგიერთი კომერციული ბანკის წარმომადგენლები ომში მონაწილე ჯარისკაცებს ურეკავდა და აფრთხილებდა, რომ სესხის ყოველთვიური შესატანი თანხა უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ.

მართალია, ომის შემდეგ ბანკებმა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს სესხების რესტრუქტურიზაცია გაუკეთეს, მაგრამ ეს ბანკის ინტერესებში უფრო შედიოდა, რადგან სხვა შემთხვევაში ამ ფულის ამოღების შანსი არ ჰქონდათ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართული ბიზნესი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ მას მაგალითად ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უფრო აღელვებს, ვიდრე სოლიდარობის აქციები. მისი პროგნოზით, პრეზიდენტის მწვავე განცხადებების შემდეგ ბანკები კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებს მცირედით შეამცირებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მსწრაფლ აუღო ალღო სიტუაციას და პრეზიდენტს კვერი დაუკრა. მისი აზრით, ბანკებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. თუმცა, მისი თქმით, ჯამურ მსესხებლებთან მიმართებაში პრობლემური სესხების შეფარდება მცირეა.

მისივე განცხადებით, ეს არ არის ქართული მოვლენა და საქართველო ამ მხრივ გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია, ვიდრე ევროზონის ქვეყნები.

გიორგი ქადაგიძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთების საკითხს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალია. თუმცა აცხადებს, რომ სამი წლის წინ სამჯერ უფრო მაღალი იყო, შემცირების ტენდენცია სახეზეა და ეს დინამიკა უნდა გაგრძელდეს.