დეველოპერების სურვილის მიუხედავად, უძრავი ქონება არ გაძვირდება

დეველოპერების სურვილის მიუხედავად, უძრავი ქონება არ გაძვირდება

ზაფხულის ბოლომდე უძრავი ქონების ბაზარზე ფასები შესაძლოა, 20%-ით გაიზარდოს. ეს „ჰაეროვანი“ გათვლები რას ეფუძნება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი სურვილი აქვთ ამ დარგში მოღვაწე ბიზნესმენებს და სპეციალისტების ნაწილს. მაგალითად, უძრავი ქონების ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილის აზრით, ფასები ზრდა სეზონური იქნება, რადგან ზაფხულსა და ზამთრის დასაწყისში ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, რაც ფასებზეც აისახება.

ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის ახალ ბინებზე საქართველოში მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა შეჩერებული მშენებლობების გამო, მიწოდება მოთხოვნის შესაბამისი არ არის.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების პირველადი ბაზარი 41,8%-ით, მეორადი ბაზარი კი, 9,9%-ით გაიზარდა.

რეესტრის ცნობითვე, მაისში უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებულმა სარეგისტრაციო ტრანზაქციების მოცულობამ 51 243 ერთეული შეადგინა, რასაც ექსპერტები 2007 წლიდან დღემდე პიკურ მაჩვენებლად მიიჩნევენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანზაქციების ზრდაში ლომის წილი ბანკებმა და კერძო იპოთეკარებმა დაიდეს, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთბაშად გამოიტანეს უძრავი ქონება აუქციონებზე.

რაც შეეხება ახალი ბინების მოთხოვნა-მიწოდების საკითხს,  შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით გარდატეხა არ იგძნობა. მიზეზი კი უამრავი პრობლემაა, რის გამოც კომპანიები ნაკისრ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებენ.

„თავის დროზე შეცდომები დაუშვეს, ფაქტობრივად, ხალხს ფული მშენებლობის დაწყებამდე გადაახდევინეს და ეს თანხა უმიზნოდ დაიხარჯა. დეველოპერებისთვის მოუწესრიგებელი იყო შიდა სამზარეულო და ამის გამო მათ საშეღავათო პერიოდშიც კი ვერ მიიღეს სესხი. სადმე დაუმთავრებელი ობიექტი თუ გვხვდება, დაუფინანსებელი კორპუსებია, რომლებზეც ბანკები ფულს აღარ გასცემენ.

დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ისეთი კომპანიაა, რომელიც კიდევ დიდი ხანი ვერ მიიღებს სესხს თუ კერძო ინვესტორი ვერ მოიძიეს. ისიც შესაძლებელია, რომ კონკრეტული პროექტი, რომელიც ერთი მენაშენისთვის მომგებიანია, მეორისთვის წამგებიანი აღმოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ხალხი მოითხოვს ფინანსურ რესურსს. ბანკები და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები უნდა გამოირიცხოს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს უცხოური ინვესტორი, რომლსაც სრული ინფორმაცია არ აქვს არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ მოხიბლულია ადგილმდებარეობით“, - აცხადებს უძრავი ქონების სფეროს სპეციალიტი ილია ინაშვილი.

ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი განმარტავს, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, სამშენებლო ბაზარზე საგანგაშო ვითარება არ არის და გაყინული მშენებლობების საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია.

„ვფიქრობ, რომ სიტუაცია უკეთესია, ვიდრე, ვთქვათ, 2 წლის წინათ. ამ ეტაპზე მშენებლობების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს. ვისაც პროექტი წესრიგში ჰქონდა, სახელმწიფო აფინანსებს. მათ მიმართ, ვინც ამ პროექტების ფარგლებშიც ვერ განაახლა მშენებლობა, ალბათ, სხვა ზომები გატარდება. საქმე გვაქვს სამართლებრივ დარღვევებთან, დეველოპერების ნაწილი საქართველოდან გაქცეულია. უამრავი შეუსრულებელი ვალდებულებაა, რაც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

არის რამდენიმე კომპანია, რომელსაც დიდი პრობლემები შეექმნა, მშენებლობას ვერ ამთავრებს და ვერც თანხის დაბრუნებას ახერხებს. ასეთი ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა შესაძლებელია, მაგრამ ეს იქნება წამგებიანი პროცესი, რადგან ამ გზით მომხმარებელთა თანხის სრულად დაფარვა შეუძლებელია. ცალკე საკითხია დაშენების პერსპექტივა, რაც ვალდებულების შესრულების ერთ-ერთ პირობად შეიძლება განვიხილოთ“, - ამბობს გიორგი ბარვენაშვილი.

ჰოდა, აბა ასეთ პირობებში რა გაძვირებაზეა შეიძლება იყოს საუბარი? ფასების 20%-იანი ზრდა დეველოპერებს ძილშიც არ დაესიზმრებათ...