ევროს ზონის კიდევ ერთი აუტსაიდერი ესპანეთია

ევროს ზონის კიდევ ერთი აუტსაიდერი ესპანეთია

სააგენტო Fitch Ratings-მა ესპანეთის საკრედიტო რეიტინგი ერთბაშად სამი პუნქტით შეამცირა და ქვეყნის კრედიტუნარიანობის რისკებზე მიუთითა. სააგენტოს ექსპერტების აზრით, ესპანეთს განსაკუთრებით გაუჭირდება ევროს ზონაში კრიზისის გამწვავების შემთხვევაში. ეს კი სრულიად რეალურია, რადგან ევროკავშირში კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი აზრი კვლავ არ არსებობს.

Fitch Ratings-მა ესპანეთის რეიტინგი A-დან BBB-მდე ნეგატიური პროგნოზით შეამცირა და მადრიდის უზარმაზარ ვალებზე მიუთითა. სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციის ღირებულება 50-60 მილიარდ ევროს შეადგენს. მაგრამ ეს რიცხვი სიტუაციის ესპანეთისათვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, შეიძლება, 100 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს, რაც ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობის 9 პროცენტს შეადგენს.

სააგენტოს ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ესპანეთის მთავრობას საერთაშორისო კრედიტორების დახმარების გარეშე არ შეუძლია ბანკების მდგომარეობის განმტკიცებისათვის გადამჭრელი ზომები გაატაროს. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ევროს ზონაში ვალებთან დაკავშირებული სიტუაცია გამწვავდება, ესპანეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ესპანეთის ბანკების ფინანსური მდგომარეობა უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნის და “ცუდი” ვალების მოცულობის ზრდის გამო გაუარესდა. ევროკავშირში უკვე განიხილავენ ესპანეთისათვის ბანკების რეკაპიტალიზაციისათვის შეზღუდული უცხოური დახმარების გაწევის შესაძლებლობას. ოღონდ სწორედ შეზღუდულის და არა სრულმასშტაბიანის, როგორც ეს საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის შემთხვევაში მოხდა.

ამგვარი დახმარების გაწევა ესპანეთის მიმართ შეზღუდული მოთხოვნების წამოყენებას გულისხმობს. სავარაუდოდ, კრედიტორები არ დააწესებენ მონიტორინგს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომ მადრიდს ამგვარი დახმარების მოთხოვნისას წინააღმდეგობა არ შეუქმნან.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა შეფასება არ გააკეთა. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ელის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ესპერტთა მიერ ქვეყნის საბანკო სისტემის ანალიზს, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ რა რაოდენობის თანხა დასჭირდება ესპანურ ბანკებს გადასარჩენად.

ამასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ ფულმა, რომელიც ესპანეთს ბანკების რეკაპიტალიზაციისათვის სჭირდება, დავალიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის მხარი დაუჭიროს ევროს ზონაში არსებული ყველა ანტიკრიზისული ინსტრუმენტის გამოყენებას, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდეს.

The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ესპანურ ბანკებს მოკლევადიან პერსპექტივაში დანაკარგების დასაფარად 37 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი კაპიტალი სჭირდება. ამ რიცხვში არ შედის რეზერვები, რომლებიც რეგიონალურმა ბანკებმა უნდა შექმნას.

სავარაუდოდ, ევროკავშირი ესპანეთს ბანკების რეკაპიტალიზაციაში დაეხმარება. მაგრამ ექსპერტებს მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ მადრიდი ბაზრიდან მნიშვნელოვანი სახსრების მოზიდვას მოახერხებს, რომ საბანკო სისტემის ნგრევა შეაჩეროს.

ესპანური ბანკების მდგომარეობამ ევროპელი ჩინოვნიკები მთელი საბანკო სისტემის კონტროლის აუცილებლობაზე დააფიქრა. ევროკავშირის ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საბანკო კოლაფსზე პასუხისმგებლობა ინვესტორთა მხრებს უნდა დააწვეს და არა გადასახადების გადამხდელების.

ერთი რამ ფაქტია – კიდევ ერთი ქვეყნის საბანკო სისტემის კრახი ევროს ზონისათვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ეჭვი არავის ეპარება, რომ გერმანია და ევროკავშირი ესპანეთის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ. სხვა საქმეა, რამდენად პროდუქტიულად და ოპერატიულად იმოქმედებენ.