ეგვიპტე ქაოსის ზღვარზე

ეგვიპტე ქაოსის ზღვარზე

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე საათებია დარჩენილი, ქვეყანაში კი ისედაც დაძაბული სიტუაცია ქაოსის მიჯნამდე მივიდა. მოვლენები დრამატულად ვითარდება და არის საშიშროება, ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს.

ქვეყნის ხელისუფლების სათავიდან მუბარაქის წასვლის შემდეგ ეგვიპტე დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. პოსტ-რევოლუციური პერიოდში მმართველობის სადავეები სამხედრო ელიტამ აიღო, რომელმაც პირობა დადო, რომ ოპტიმალურ ვადაში ჩაატარებდა არჩევნებს და ძალაუფლებას ახლად ფორმირებულ სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცემდა. ქვეყანა დაძაბულ, მაგრამ მაინც მართვად პოლიტიკურ ვნებათაღელვის სტადიაში შევიდა. მიღებულ იქნა ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც სამ ეტაპად ჩატარებული არჩევნების გზით ეგვიპტელებმა ორპალატიანი პარლამენტი აირჩიეს. პარლამენტმა ბოლო დღეებში ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოს ფორმირებას პროცესიც დაიწყო, რომელმაც ეგვიპტის ახალი კონსტიტუციის პროექტი უნდა შეიმუშაოს. ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და ხალხი მეორე ტურის გამართვის მოლოდინშია. და ამ დროს პოლიტიკურ ავანსცენაზე ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლო გამოვიდა.

საქმე ის არის, რომ ნაციონალური საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ქვეყანაში შერეული, მაჟორიტარულ-პრპორციული სიტემა მოქმედებს. დეპუტატების 2/3 პროპორციული, ხოლო 1/3 მაჟორიტარული სისტემით ირჩევა. კანონმდებლობა. იმისათვის,რომ დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის თანასწორობა უზრუნველყოს, კრძალავს პარტიული ლიდერების მაჟორიტარული სისტემით არჩევას. თუმცა „ძმებმა მუსულმანებმა“ მაინც გადაწყვიტეს პარტიის კანდიდატების ორ ნაწილად გაყოფა, ლიდერები დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირდნენ, ხოლო „არაცნობადები“ პარტიულ სიებში შევიდნენ. ამ გზით მათ პარლამენტში უმრავლესობა აიღეს. ბუნებრივია, ოპონენტებმა ამის თაობაზე პროტესტი გამოთქვეს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს და მოხდა ის, რასაც ალბათ თავად „პროტესტანტებიც“ კი არ ელოდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მოულოდნელად „არაარაბულად“ სწრაფად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განიხილა საქმე და დაადგინა: პარლამენტის არჩევნების კანონი დაირღვა, პარლამენტის ქვედა პალატაში არჩევნები კონსტიტუციის ნორმების უხეში დარღვევით ჩატარდა.

როგორც გაირკვა 166 ერთმანდატიანი ოლქიდან არჩეული მხოლოდ 25 დეპუტატია ნამდვილად დამოუკიდებელი, დანარჩენები კი, ძირითადად, სალაფიტები და „ძმები მუსულმანების“ პარტიული ლიდერები და აქტივისტები არიან. ისლამისტებმა ამგვარი დარღვევებით პარლამენტში 100 დეპუტატზე მეტი გაიყვანეს.

არაკონსტიტუციურად სასამართლომ პარლამენტის ქვედა პალატის საარჩევნო შედეგები ცნო, რაც შეეხება ზედა პალატას, საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარის ფარუქ სულთანის განცხადებით - „შურასთან“ დაკავშირებით (სასამართლოში) არანაირი საჩივარი არ შესულა“.

მაშინვე, როგორც კი სასამრთლო გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება, რომ აღიდგენს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას და რომ უკვე დღეიდან (15 ივნისი) საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებას, რათა ამ უკნასკნელმა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია დროულად მოამზადოს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე გამოიტანა გადაწყვეტილება და არალეგიმტიმურად ცნო „პოლიტიკური უფლებების შესახებ კანონის“ შესწორებები, რომლითაც წინა რეჟიმის ფუნქიონერების და კონკრეტულად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ახმედ შაფიკის საარჩევნო უფლებები იზღუდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დათხოვნილი პარლამენტის მირ მიღებული სხვა კანონები ძალაში რჩება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები უკვე შეფასდა, როგორც „გადატრიალება“

„ძმები მუსულმანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მუხამედ მურსიმ პირობა დადო, რომ თუ მეორე ტურის შედეგები ფალსიფიცირებული იქნება, ქვეყნა ისევ რევოლუციის ქარ-ცეცხლში გაეხვევა. მან შეფასება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებას: „პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა, მოვუწოდებ ეგვიპტელებს განაგრძონ კორუფციის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევა. მჯერა, რომ ისინი წინ აღუდგებიან გარკვეული ძალების მცდელობას, დააბრუნონ ხელისუფლებაში მუბარაქის რეჟიმის დამქაშები, რომლებიც ქვეყანას ხრავდნენ და მისი ეკონომიკა დაანგრიეს“.

მურსიმ მოუწოდა ხალხს ბოლომდე მიიყვანონ რევოლუცია: „ჩვენ ერთი გზა გვაქვს-რევოლუციური მოძრაობის ბოლომდე მიყვანა... ჩვენ ან დავიცავთ ჩვენი წამებულების მოთხოვნებს, ან ჩვენ თვითონ გავხდებით წამებულები. ხალხის ნება ყველანაირ კანონზე და სასამართლო გადაწყვეტილებაზე უფრო მაღლა დგას“.

ბევრს მიაჩნია რომ ამ ვნებათაღელვის ფონზე არჩევნების მეორე ტურის გამართვა უმართებულოა.

არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ძიების მოტივით, გავლენიანმა ეგვიპტელმა საზოგადო მოღვაწემ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუჰამედ ალ-ბარადეიმ მოუწოდა ხელისუფლებას გადადოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

თავის Twitter-ის ბლოგზე ალ-ბარადეიმ დაწერა, რომ „ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა, სადაც არ არის არც კონსტიტუცია და არც პარლამენტი, იმას ნიშნავს რომ ავირჩიოთ ქვეყნის მეთაური იმ უფლებებით, როგორიც ყველაზე დიქტატორული რეჟიმის მეთურებსაც კი არ აქვთ.“

თუმცა სამხედროებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დადგენილ ვადებში 16-17 ივნისს გაიმართება.