პრეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს და სადაზღვევო კომპანიებს კატეგორიულ გაფრთხილებას აძლევს

პრეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს და სადაზღვევო კომპანიებს კატეგორიულ გაფრთხილებას აძლევს

„არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს“

„100 საავადმყოფო გადაიქცა 150 საავადმყოფოდ და ეს საავადმყოფოები უკვე აშენებულია", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ოპოზიციის დაცინვის ერთ-ერთი საყვარელი თემა ასი საავადმყოფოს პროექტი იყო, ახლა კი ამ თემაზე ყველას "პირი მოკეტილი აქვს", რადგან 100 საავადმყოფო 150 საავადმყოფოდ გადაიქცა.

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება მომსახურე პერსონალისა და ხელმისაწვდომობის საკითხი. სააკაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს სისტემატიური მუშაობა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. პრეზიდენტმა მკაცრად გააფრთხილა სადაზღვევო კომპანიები, სათანადოდ მოხდეს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება.

"თუ ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები და იქ ისევ მივიღეთ ექიმები, რომელიც უყურებს პაციენტს ხელში, როდის ჩაუდებს ჯიბეში ფულს, ჩვენ შევალთ ისევ კატასტროფულ ჩიხში. ამიტომ, მივმართავ სადაზღვევოებს, რომ შექმნან ისეთი სისტემა, სადაც მსგავსი რამ აბსოლუტურად გამორიცხული იქნება. ღმერთმა არ ქნას, რომ სადმე სამედიცინო პერსონალი ხელფასის გარეშე იყოს დარჩენილი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, საავადმყოფოებში ხელფასებში დიდი განსხვავება და სოციალური უსამართლობა სერიოზული პრობლემაა. "ექთნები და სხვა უმცროსი სამედიცინო პერსონალი იღებს 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს. ან საშუალო ექიმი იღებს 1700 ლარს. ან ეს ექიმი როგორ იღებს 1700 ლარს ან როგორ ემუშავება იმ ექთანს, რომელიც იღებს 75 ლარს. ეს არის იდიოტიზმის სფერო და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასამთავრებელი. დღეიდან დავიწყოთ მუშაობა, რომ მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.