მშენებლობების ტემპებით საბჭოთა პერიოდს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით

მშენებლობების ტემპებით საბჭოთა პერიოდს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით

"წელიწადში ნახევარი მილიონიდან დაიწყეს და შემდეგ წლიურ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრამდე ავიდნენ"

საქართველოში არასდროს, არც ერთ ეპოქაში, დავითისა და თამარის შემდეგ, ისეთი აღმშენებლობა არ ყოფილა, როგორც ეს ბოლო 3-4-5 წლის განმავლობაშია, - მსგავსი ტიპის განცხადებები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხშირად გაჟღერებულა. არქიტექტორები აცხადებენ, რომ დღევანდელი თბილისის ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.

არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ "შესადარებლად საუკეთესო ხერხი იქნებოდა თბილისზე გადაფრენა და იმ ვეებერთელა მასივების დანახვა, რაც საბჭოთა პერიოდში გაშენდა". "საბჭოთა დროს მშენებლობის დიდი მასშტაბები იყო. ქვეყნის პირველი პირის მიერ არ შეიძლება ასეთი ლაპარაკი. ჩვენ, არქიტექტორებმა ხომ ვიცით, რომელ წელს რა აშენდა და ყოველწლიურად რამდენ კვადრატულ მეტრს აშენებდნენ?! წელიწადში ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრიდან დაიწყეს და შემდეგ წლიურ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრამდე ავიდნენ. ახლა ადგნენ და დათვალონ, ბოლო 4 წელი რამდენი კვადრატული მეტრი შენდება და გამოაცხადონ," - განმარტავს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი.

დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ფასადზე გაკრულია უზარმაზარი ბილბორდი ინგლისურენოვანი წარწერით - სააკაშვილი ხელახლა აშენებს საქართველოს (თფფლფთრმშდშ კუიგშდვთ პუწკპშფ). მიხეილ სააკაშვილიც ძალიან ხშირად აპელირებს, რომ "ჩვენი მთავრობა ეს არის აღმშენებლობის და პროგრესის მთავრობა..."

"არც ერთ პერიოდში დავითის და თამარის ეპოქის შემდეგ არ აშენებულა საქართველოში იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო ორი, სამი, ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ...

"მე არ ვიცი სხვა ქვეყანა ჩვენს რეგიონში, სადაც ასეთი ტემპით შენდება, მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყნებს კი არ უნდა შევედაროთ მარტო, ჩვენ უნდა შევედაროთ ჩვენს ისტორიას. ჩვენ მართლაც ვცხოვრობთ დღეს აღმშენებლობის ეპოქაში და ეს ეპოქა არ არის მმართველის შექმნილი. მე გეტყვით პირველი, რომ ეს ასე არ არის. ამას ყველანი ჩვენ ერთად ვაკეთებთ," - ეს განცხადებები სააკაშვილის მხრიდან სხვადასხვა დროს არის გაკეთებული.

გიგა ბათიაშვილი ამბობს, რომ თავისუფლების მოედნიდან დაწყებული მთელი სოლოლაკი, მთელი რუსთაველი, მთაწმინდის მეტი წილი, მტკვრის მარცხენა სანაპირო "კურტნის ზურგით ნათრევი" ქვითა და აგურით აშენებული უბნებია და ეს ყველაფერი 30 წელზე ნაკლებ დროში მოხერხდა.

გიგა ბათიაშვილი: "მაშინ ბაქოს ნავთობის ბუმი იყო და საქართველომ თბილისის სწრაფი მშენებლობა განახორციელა. ქვეყნის პირველი პირის მიერ არ შეიძლება ასეთი ლაპარაკი. როგორ არ ყოფილა მშენებლობები?! ყოველ წელიწადს საცხოვრებელი სახლების მილიონამდე კვადრატულ მეტრ ფართს აშენებდნენ თბილისში. პატარა დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, ვაზისუბანი, თბილისის ზღვის უბანი - ეს საცხოვრებელი უბნები კომუნისტების დროს გაშენდა."

რამდენი კვადრატული მეტრი შენდება წლის განმავლობაში, ასეთი მონაცემები, ბათიაშვილის თქმით, არქიტექტორებს არ აქვთ. უფრო მეტიც, საუბედუროდ პროექტებსაც კი არ იცნობენ.

"არავინ გვაჩვენებს პროექტებს. ერთადერთი - მშენებლობის პროცესში ბანერი თუა გამოკიდული და იქ მოცემული სურათით თუ მიხვდები რას აშენებენ. რეალურად, პროექტი როგორია, რა შინაარსისაა, რა სიმძლავრისაა არაფერი ცნობილი არ არის", - დასძენს ბათიაშვილი.

ამბობს, რომ დღეს რასაც მშენებლობებს უწოდებენ მათგან ზოგი რამ იყო აშენებული და ახლა რემოტდება, ზოგი კი - ახალი შენდება. ყველა სახელმწიფოში, როცა ომი არ არის, მშენებლობა ყოველთვის მიმდინარეობს. თუმცა საბჭოთა კავშირის პერიოდში მეორე მსოფლიო ომი წლებშიც კი არ შეჩერებულა მშენებლობები.

გიგა ბათიაშვილი: "ომის პერიოდში აშენდა ხრამჰესი და სამეგრელო-აფხაზეთის რკინიგზა გაიყვანეს; 50-იან წლებში თბილისის ხელოვნური ზღვა გაკეთდა; 1952-53 წლებში მეტეხის ხიდი; ვერის ხიდი; გალაკტიონის ხიდს რომ ვეძახით; დიდუბის ხიდი; ორთაჭალჰესი; სადაც ახლა სპორტის სასახლეა, 50-იანი წლების დამლევს ბაზარი იყო, დაახლოებით 1959 წლიდან 1970-იან წლებამდე მთელი საბურთალო გაშენდა; გლდანი დაახლოებით 80-იანი წლებში გააშენეს; დინამოს სტადიონი ორ წელიწადში აშენდა; როგორ შეიძლება ეს არ დაინახო და გეგონოს, რომ რაც დღეს შენდება საქართველო მხოლოდ ეს არის.

"საბჭოთადროინდელი მაღალი ხარისხის არქიტექტურული ნაგებობია: ფუნიკულიორის ზედა სადგური, რომელიც მწყობრში ვერა და ვერ შეიყვანეს და დღესაც ხარაჩოებში დგას; ასევე უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი; ყოფილი გზათა მშენებლობის სამინისტრო, სანაპიროზე დგას, ეს უნიკალური საგებობაა და მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობათა სიის ათეულშია; მარტო სპორტის სასახლის უზარმაზარი კამარა, ეს უნიკალური ნაგებობაა, როგორც საინჟინრო თვალსაზრისით, ისე არქიტექტურულად.

"თბილისის გარდა მშენებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. წყალტუბო ერთი ჭაობიანი ადგილი იყო, რომელსაც ბუნებრივი წყლები ჰქონდა. წყალტუბო, მთელი არაჩვეულებივი სანატორიუმებით, ახლა რომ იძახიან ევროპის საუკეთესო სანატორიუმად გადავაქცევთო, საბჭოთა დროს აშენდა. გაგრა, მთელი შავი ზღვის სანაპირო იმ დროს აშენდა. ბათუმის საუკეთესო სასტუმრო "ინტურისტი"... რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ენციკლოპედია გადაშალონ და ნახავენ."

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ლაზიკის მშენებლობა აბსურდია.

"ეს ნონსენსია. ჭაობი ჩვენი არ არის, ის მსოფლიოს ეკუთვნის. ის ჟანგბადის გენერატორია და ამავე დროს გადამფრენი ფრინველების ტრასაზე დასასვენებლი ადგილი. თუკი საკითხი ასე დგას, რომ ჩვენ ძლიერი დასახლება გვჭირდება, ზუგდიდი განვავითაროთ. ამდენი ძახილი, ბევრს ვაშენებთო - ეს პიარის ერთ-ერთი ეფექტური ნაწილია, მაგრამ არაეთიკურია საკითხის დაყენება, რომ არაფერი არ შენდებოდა. მთავარია, ხარისხიანი მშენებლობა იყოს და აქ სატრაბახო არაფერი არ არის. ხარისხის მხრივადაც რა შენდება დღეს, ვერ გეტყვით.

"პრობლემაა ის, რომ არც ერთი პროექტი სანდოობაზე გამოკვლეული არ ყოფილა, ამიტომაც არანაირი გარანტიები არ არსებობს. მშენებლობის დაწყებისას პროექტი შეფასებული უნდა იყოს. ექსპერტიზა უნდა იყოს გაკეთებული, რამდენად სრულყოფილია საინჟინრო უზრუნველყოფის თვალსაზრისით თუ რამდენად სწორად არის კონსტრუირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საერთოდ უგულებელყოფილია, ეს არის მშენებლობის ორგანიზაციის საკითხი, სადაც უსაფრთხოების თემები პირველ პლანზეა წამოწეული.

"არქიტექტორთა საბჭო აღარ არსებობს, უფრო მეტიც, ერთ დღეში ხდება პროექტის განხილვა და დამტკიცება. ეს რეალურად იმას ნიშნავს, რომ პროექტის რეალური განხილვა არ ხდება და რასაც უნდა იმას ამტკიცებენ. პირველი საკითხი უნდა იყოს - რას ვაშენებთ, მეორე - სად ვაშენებთ. ანუ ის სქემა ამა თუ იმ კონკრეტული ადგილისთვის არის სასურველი და მესამე საკითხია - როგორ რა საშუალებებით ვაშენებთ," - დასძენს ბათიაშვილი.

არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძის თქმით, საკამათო არ არის, რომ საბჭოთა პერიოდში ბევრად უფრო მეტი მშენებლობა იყო, ვიდრე დღეს, მაგრამ მიიჩნევს, რომ დღეს ბევრი ისეთი რამ შენდება, რაც ქალაქის ბრენდზე მუშაობს.

ლადო ვარდოსანიძე: "საბჭოთა პერიოდში შეუდარებლად ბევრი შენდებოდა. გამორჩეული ობიექტებიც იყო, მაგალითად, დინამოს სტადიონი, სანაპიროები, რკინიგზის სადგურები, მეტრო და ა.შ. რაოდენობით ჯერჯერობით საკმაოდ შორს ვართ იმ მონაცემებისგან, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, მათ შორის ბევრი საცხოვრებელი კორპუსი და სახლი აშენდა, თუმცა სხვა საკითხია ეს საცხოვრისები რამდენად ხარისხიანი იყო.

"დღევანდელი მშენებლობის ამოცანა კი არის ქალაქის სახელი და სახე - გამორჩეული ობიექტების აგება. დღეს ქალაქი ახალი გლობალური, გაყიდვადი პროდუქტი გახდა. ბრენდინგის კუთხით ისეთი ობიექტები შენდება, რომელიც თბილისის იმიჯის შექმნაზე მუშაობს. პირველ რიგში შემიძლია დავასახელო მინის ხიდი მტკვარზე. დააკვირდით, თბილისიდან ევროპის არხებზე გაშვებული ყველა ნიუსი და რეპორტაჟი ან ამ ხიდის ან პრეზიდენტის სასახლის ფონზე გადის. ამ თვალსაზრისით ქალაქი თავის ბრენდზე მუშაობს."

ვარდოსანიძის თქმით, მომავალში ამ შენობებს ვინ როგორ შეაფასებს, ამის პროგნოზირება არ შეუძლია, მაგრამ ის, რომ არის მცდელობა მსოფლიო პროცესში თბილისი გამოჩნდეს, ეს აშკარაა.

"თავისთავად ხიდი კარგი ნაგებობაა, მაგრამ რამდენად უხდება ის ძველ ქალაქს, ან ფუნქციურად რამდენად პრიორიტეტულია, ეს სხვა საკითხებია. ასევე შს სამინისტროს შენობას, იმ უღიმღამო მესამე მასივის გარემოში თავისი ორიგინალობა შემოაქვს. ასევე შენდება იუსტიციის სასახლე, ესეც ბრენდინგის ერთ-ერთი ხერხია. მინის შენობები, იგივე შს სამინისტროს შენობა, ეს არის ფიზიკური მცდელობა, რომ მსოფლიოს ჩვენი ტრანსპარენტულობა ვაჩვენოთ."