სააკაშვილმა ყველა ხიდები დაწვა

სააკაშვილმა ყველა ხიდები დაწვა

ყოფილ „მოკავშირეებს“ შორის დროებითი ზავი კიდევ ერთხელ დაირღვა.

სააკაშვილისა და ჟვანიას შორის დაპირისპირებების მე-2 სერია დაიწყო. ამჟამად, შეტევაზე საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გადადის და აღნიშნავს, რომ „დემოკრატების“ ლიდერი „ფლუგერივით იცვლის პოზიციებს“. სააკაშვილის რისხვას ვერც დავით სალარიძე გადაურჩა. ნინო ბურჯანაძის გუნდის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს „ნაციონალების“ ლიდერი „შევარდნაძის რეჟიმის წარმომადგენელ კორუმპირებულ მილიონერს“ უწოდებს.

„მე ვარ სრულიად დარწმუნებული და ამას ვამბობ დიდი სინანულით: ხვალ პრეზიდენტმა შევარდნაძემ რომ დაუძახოს ისევ ზურაბ ჟვანიას, ის უყოყმანოდ გაიქცევა და დადგება მის გვერდით. ეს არის დასკვნა, რაც მე სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგად გამოვიტანე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით ინტენსიურ მოლაპარაკებებს ჟვანიასთან. პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპზე მასთან შეთანხმებას ჩვენ ვერ მივაღწიეთ და არცერთ ფუნდამენტალურ საკითხში ის არ დაგვიდგა გვერდით ბოლომდე,“ - განაცხადა გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე სააკაშვილმა.

სააკაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ჟვანიას პოლიტიკა ყოვლად მიუღებელია მისთვის და დასძენს, რომ ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატები“ მზად არ არის არჩევნებზე ხელისუფლებასთან საბრძოლველად. „ბურჯანაძე-დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აღადგენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას და დააწესებს კანონის დიქტატურას. ისეთ ხალხთან კი, როგორიც დავით სალარიძეა, ჩვენ წესრიგს ვერ დავამყარებთ. სალარიძე არის მხოლოდ ერთი მაგალითი - პოლიციის ყოფილი შეფი, კორუმპირებული, გამილიონერებული ადამიანი შევარდნაძის რეჟიმიდან. მასთან თანამშრომლობით ჩვენ წესრიგს კი არ დავამყარებთ, ის მაფიოზური უწესრიგობა რაც ქვეყანაშია, კიდევ უფრო განმტკიცდება.

აქამდე ვერიდებოდი „ბურჯანაძე-დემოკრატებთან“ გაერთიანების თემაზე ღიად საუბარს, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. დასანანია, რომ ბლოკში გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ფიგურას სწორედ ზურაბ ჟვანია წარმოადგენს და არა ნინო ბურჯანაძე. ჟვანია ფლუგერივით იცვლის პოზიციებს და შევარდნაძესთან საბრძოლველად ის მზად არ არის,“ - აღნიშნაცს სააკაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩაშლა ჟვანიას ბრალდება, „დემოკრატების“ ლიდერი ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს. ჟვანიას, მისივე თქმით, არ სურს სააკაშვილის გამოწვევის მიღებით საზოგადოებას დასცინოს და შურაცხყოფა მიაყენოს. ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს კინკლაობის დაწყება არ სურს და ცალსახად აფიქსირებს, რომ მისი მოწინააღმდეგე ედუარდ შევარდნაძის გარემოცვაა.

„მის სინდისზე იყოს ეს, მის სინდისზე. სხვას ვერაფერს ვიტყვი,“ - განუცხადა „რეზონანსს“ „დემოკრატმა“ ელენე თევდორაძემ.

„ნაციონალებსა“ და „დემოკრატებს“ შორის დაპირისპირების შესახებ კულუარებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. „მოქალაქეთა კავშირში“ ყოფნის დროს სააკაშვილი ჟვანიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა. თუმცა, შევარდნაძის უმრავლესობის დაშლის შემდეგ ისინი სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდნენ და ცალ-ცალკე პარტიები ჩამოაყალიბეს. საპარლამენტო დერეფნებში ჩურჩულის მიუხედავად, ორი ოპოზიციური ფრთა სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით მაინც ახერხებდა შეთანხმების მიღწევას. ერთიანი სახელისუფლებო ბლოკის ჩამოყალიბების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაც, თუმცა, მაშინ ამ იდეას ხელი სააკაშვილის ამბიციებმა შეუშალა: მან პირველი ადგილი ნინო ბურჯანაძეს არ დაუთმო.

ყოფილ „მოკავშირეებს“ შორის დაპირისპირების არსებობა რამდენიმე დღის წინ „დემოკრატების“ წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა გაახმაურა. მის მკაცრ ტონს „ნაციონალმა“ კოტე კემულარიამაც იგივე პათოსით უპასუხა. ყოფილ „მოკავშირეებს“ შორის განხეთქილების წარმოშობა თბილისის რაიონებში მაჟორიტარების დასახელებამ გამოიწვია: „ნაციონალები“ იმავე რაიონში წარადგენენ მაჟორიტარ კანდიდატებს, სადაც „დემოკრატები“ ასახელებენ. თუმცა ტელედებატების დროს მაჭავარიანმა ამ თემაზე „რეზონანსში“ დაბეჭდილ სტატიას „ცოტა გამწვავებული“ უწოდა და კემულარიასთან შერიგებაც ამგვარად მოხდა.

„თუ იმ რაიონებში, სადაც ჩვენი კანდიდატურები გვყავს, საკუთარ კანდიდატურებს წამოაყენებენ, მაშინ ისინი ამით ხელისუფლებას დახმარებას გაუწევენ. ახლავე ვაცხადებ, რომ ამით ისინი ხელისუფლების მიზნებს შეასრულებენ. თუკი სამგორში და დიდუბეში, სადაც მე და გია ბარამიძე ვიყრით კენჭს, საკუთარი კანდიდატურები დაგვისპირისპირეს, ამის შემდეგ მათი კომენტარი აღარ მაინტერესებს. ახლა ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ რაღაც საფუძველი გამაჩნია,“ - აცხადებდა მაშინ მაჭავარიანი.

„მე არ ვიცი, კანდიდატების დასახელებაზე ასეთი წივილ-კივილის ატეხვა რას ნიშნავს. ნებისმიერი სიმართლით, გინდა რომაულით, გინდა ქართულით, გინდა ამერიკულით და გინდა მორალურით, სრულიად გამართლებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატებს ასახელებს,“ - უპასუხა მას კემულარიამ.

ერთი რამ ცხადია - არჩევნების მოახლოებასთან ერთად გადარჩენისათვის ბრძოლა იწყება. ხელისუფლებასთან ალიანსში დადანაშაულება - ეს ნებისმიერი პარტიისათვის სერიოზული კომპრომატი ხდება. ოპოზიციური პარტიები რაც უფრო ხშირად მოსცხებენ ჩირქს ერთმანეთს, სახელისუფლო ბლოკის არჩევნებში წარმატების შანსი უფრო გაიზრდება. მართალია, შევარდნაძის ბლოკის რეიტინგი მოსახლეობაში საკმაოდ დაბალია, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს შორის მუდმივი კინკლაობა, ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება მათ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.