დეკანოზ მამალაძის ოჯახმა ჩემი შუამავლობით პატრიარქთან შეხვედრის შანსი დაკარგა

დეკანოზ მამალაძის ოჯახმა ჩემი შუამავლობით პატრიარქთან შეხვედრის შანსი დაკარგა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა ჩემი შუამავლობით პატრიარქთან შეხვედრის შანსი დაკარგა. მე პატრიარქთან ამ საკითხს მეორედ აღარ დავაყენებ. თუ ისინი სხვა შუამავალს ნახავენ, მე განა წინ გადავუდგები და ვინმეს შეხვედრას დავბლოკავ?!, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა.

დეკანოზმა კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებებზე, რომ მისი ოჯახი ადვოკატებთან ერთად პატრიარქთან შეხვედრას ელოდება.

მამა კახაბერის თქმით, დეკანოზ მამალაძის ოჯახს შეუძლია პატრიარქთან შეხვედრის მიზნით საპატრიარქოს ოფიციალურად ხელახლა მიმართოს. ამისთვის მათ სხვა შუამდგომელი უნდა მონახონ.

„5 ივნისს, 13:00 საათზე, ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრაზე იყო დაბარებული და მათ საპატრიარქოში მოსვლაზე უარი განაცხადეს ერთი მიზეზის გამო: ჩვენ თან უნდა გვახლდეს ადვოკატებიო. თუ მათ ადვოკატების მოყვანა უნდოდათ და ვინმე ამაში ხელს ვუშლიდით, როგორც ამას დეკანოზის ძმა აცხადებს, მოსულიყო ოჯახი და ეთქვა პირისპირ პატრიარქისთვის: თქვენო უწმინდესობავ, შეიძლება, რომ ადვოკატებთან ერთად მოვიდეთ? ან გარეთ გველოდებიან და შემოვიყვანოთ. მოსულიყვნენ და ეთქვათ! ახლა აცხადებენ, რომ მათ ადვოკატების გარეშე პატრიარქთან შეხვედრა არ სურდათ. გამართლება აქვს ამას?! პატრიარქი რომ გელოდება, დაბარებული ყავხარ და ამბობ, რომ თუ ადვოკატი არ იქნება, საერთოდ არ მოვალ?! ასეთია დღევანდელი ვითარება“, - განაცხადა მამა კახაბერმა.

დეკანოზმა იმ დეტალებზეც ისაუბრა, თუ როგორ დაგეგმა ბრალდებული დეკანოზის ოჯახისწევრების შეხვედრა უწმინდესთან. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მას „ეს-ემ-ეს“ შეტყობინება გაუგზავნა და სთხოვა, რომ შეხვედრის შესახებ მისი ოჯახის სურვილი პატრიარქისთვის გადაეცა. მამა კახაბერის განცხადებით, ოჯახის ეს სურვილი მან პატრიარქს გადასცა, თუმცა ამის შემდეგ მან კიდევ ბიიღო თორნიკე მამალაძისგან „ეს-ემ-ეს“ შეტყობინება, სადაც ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვდა. მამა კახაბერი აცხადებს, რომ ეს შეტყობინება მას ტელეფონში ყურადღების გარეშე დარჩა. მამა კახაბერი ამის მიზეზად იმ მომენტში საჭესთან ყოფნას ასახელებს.

პატრიარქთან შეხვედრის დაგეგმვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ უწმინდესთან ადვოკატების შეყვანაც უნდოდათ, რაც პატრიარქთან შეთანხმებული არ მქონდა. პატრიარქის წინაშე რომ დადგებოდნენ, ვინმე პირზე ხელს ხომ არ ააფარებდა?! ეთქვათ იქ სათქმელი. ამიტომ ეს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებენ, რომ პასუხს ელოდებიან, ტყუილია. აღარავითარ პასუხს აღარ ელოდებიან. მოსულიყვნენ ორშაბათს, 13:00 საათზე პასუხს პირველი პირისგან გაიგებდნენ“, - განაცხადა მამა კახაბერმა.