ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გასაჯაროებას ეხმაურება

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გასაჯაროებას ეხმაურება

„ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს,  ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ „ტაბულაში" და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გუშინ, ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ"  წარდგენისას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ  აღნიშნა, რომ დოკუმენტის არ გასაჯაროება სწორედ ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა.

„საუბარი იყო იმაზე, თუ როდის გასაჯაროვდებოდა  ეს დასკვნა და მაშინ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სწორედ რომ კომისიის თხოვნა იყო ამ დოკუმენტის არ გასაჯაროება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დასკვნის  წინასწარი პროექტი. შესაბამისად, ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ეს დოკუმენტი. ჩვენ ეს პირობა, ბუნებრივია, პირნათლად დავიცავით თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინ „ტაბულაში" გაჟონა ინფორმაციამ, იყო სიტყვა-სიტყვით ციტირებული კონკრეტული ჩანაწერები, ამ დასკვნის. ორ სუბიექტს ჰქონდა რეალურად მხოლოდ ეს დოკუმენტი: ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ „ტაბულაში" და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს ბუნებრივია, თავისი საფუძველი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მომხდარით შეშფოთებულია.

„გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეშფოთებულია ბატონი  ჯანი ბუკიკიო ამ ფაქტთან დაკავშირებით, ანუ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. არის ძალიან სამწუხარო ის, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი, რაც ნამდვილად უნდა აღინიშნოს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის შესახებაც და აღნიშნა, რომ თავად დასკვნის შინაარსი სრულად მისაღებია. მისივე თქმით, ზოგ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებულ გაურკვევლობას აქვს ადგილი, რაც დაზუსტდება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საბოლოო დასკვნა წარმოდგენილ პროექტში სრულად აისახება.

„დასკვნის შინაარსი ჩვენთვის სრულად მისაღებია. დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები  და თითოეული შენიშვნა  ჩვენთვის მისაღებია. არაერთხელ განვაცხადეთ, ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, რომ თითოეული შენიშვნა იქნებოდა სრულად გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ეს პირობა, ბუნებრივია, რჩება ძალაში. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც  გვჭირდება შენიშვნების დაკონკრეტება. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებით გაურკვევლობას აქვს ადგილი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ამ დაზუსტების შესაბამისად, ბუნებრივია,  გვექნება წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა და ეს საბოლოო დასკვნა იქნება სრულად ასახული წარმოდგენილ პროექტში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალაში რჩება პირობა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე, პირველი მოსმენით არ განიხილავენ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მოწვეული. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება თვის ბოლომდე იგეგმება.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე არ განვიხილავდით და ეს  პირობა ძალაში რჩება.  ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მორიგ სასესიო სხდომებზე არ განვიხილოთ დოკუმენტი, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ მოწვეული იქნება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილავთ დოკუმენტს და შემდეგ უკვე გადავალთ მეორე მოსმენაზე. თვის ბოლომდე არის დაგეგმილი შესაბამისი დოკუმენტის მიღება . ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები სრულად ავსახოთ იმ დოკუმენტში, რომელიც არის წარმოდგენილი",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

https://www.youtube.com/watch?v=_7lCrCeSlhQ