პერსონალური კანდიდატების არჩევას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა სჭირდებოდეს - ეს შეიძლება კრიზისის შემქმნელი იყოს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც პარლამენტის მიერ გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის, იუსტიციის საბჭოს წევრების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაზეა საუბარი.
ბესელიას თქმით, მათი სიითი შემადგენლობით უმრავლესობით არჩევა, რასაც დღეს კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ მაღალი კვორუმია.
“პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს, რას ნიშნავს კვალიფიციური უმრავლესობა. ასეთი ტერმინი ჩვენ რეგლამენტში არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, დამსწრეთა უმრავლესობა. ამიტომ პირველ რიგში, ეს ტერმინი არის დასაზუსტებელი. ჩვენ როდესაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობაზე ვსაუბრობთ, ეს არის 76 ხმა, რაც ლეგიტიმაციისთვის ძალიან მაღალია. ამიტომ ამაზე დაზუსტება იქნება საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა სჭირდებოდეს პერსონალური კანდიდატების არჩევას - ეს შეიძლება კრიზისის შემქმნელი იყოს და ჩვენ ვერ მივიღოთ გადაწყვეტილებები. შეგახსენებთ ერთ-ერთ მაგალითს, როცა პარლამენტმა ოთხი წელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წევრი ვერ აირჩია. შეთანხება ზოგჯერ არის შეუძლებელი და ამან შეიძლება პროცესი დააზიანოს“, - აცხადებს ბესელია.
ვენეციის კომისია პარლამენტს ასევე სთავაზობს, კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა პირველ ტურში.