გიორგი კვირიკაშვილმა წმინდა საყდრის დესპანს მარეკ სოლჩინსკის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა

გიორგი კვირიკაშვილმა წმინდა საყდრის დესპანს მარეკ სოლჩინსკის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა წმინდა საყდრის დესპან მარეკ სოლჩინსკის, რომელსაც მისიის ვადა ამოეწურა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

შეხვედრისას, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვითარდება, ასევე - რომის პაპის წარმატებულ ვიზიტზე საქართველოში.

„მარეკ სოლჩინსკის თქმით, პაპი ფრანცისკე მოხარულია, რომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. წმინდა საყდრის დესპანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გაატარა მნიშვნელოვანი წლები, რომლის განმავლობაშიც ქვეყანაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. მისი შეფასებით, საქართველო არის რეგიონში საუკეთესო ქვეყანა, რომელიც წინ მიიწევს და უმნიშვნელოვანესია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის როლი ამ პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარეკ სოლჩინსკის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.