ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენებზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, კიბერშეტევებს უშუალოდ რუსეთის ხელმძღვანელობა მართავდა.

„რუსები ჩვენს არჩევნებში ჩაერივნენ. მათ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. საამისოდ მათ დიდი ტექნიკური ძალისხმევა გამოიყენეს. ამ წინასაარჩევნო კამპანიას რუსეთის ხელმძღვანელობა მართავდა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა ჯეიმს კომიმ.

ჯეიმს კომის თქმით, აღნიშნული საკითხი არ არის პარტიული და აშშ-ის უსაფრთხოებას ეხება.

„ეს არც „რესპუბლიკელების“ და არც „დემოკრატების“ საკითხია. ეს ამერიკას ეხება“, - აღნიშნა კომიმ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ასევე შეეხო მისი გადაყენების საკითხს. მისი თქმით, ის გაოცებული იყო მისი გადაყენების მიზეზებით, ვინაიდან პრეზიდენტი მას არწმუნებდა, რომ ის „კარგ სამუშაოს აკეთებს“.

„ძალიან გავოცდი, როდესაც ტელეარხებიდან ჩემი გადაყენების შესახებ შევიტყვე, რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების გამო. მე ეს უაზროდ მომეჩვენა“, - განაცხადა ჯეიმს კომიმ.