საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა

5-9 ივნისს, ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის (ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების შესახებ) განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს კონფერენცია მიმდინარეობს.

7 ივნისს, კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით საქართველოს დელეგაციის ხელძღვანელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საზღვაო ტრანსორტის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე თამარ იოსელიანი გამოვიდა.

თამარ იოსელიანმა გაეროს ტრიბუნიდან ოკეანეების კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ  ისაუბრა და ხაზი გაუსვა ოკეანეების, ზღვების და ზღვის რესურსებისადმი ადამიანის ქმედებით გამოწვეული სავალალო ზეგავლენის შეჩერებისა და აღმოფხვრისათვის მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის გადაუდებელი განხორციელების საჭიროებას. ამ კუთხით, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მოახდინა შეთანხმებაზე მიერთების ინსტრუმენტის დეპონირება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საზღვაო ტრანსორტის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილემ უკანონო, დაურეგულირებელი და აღურიცხავი თევზჭერის აღმოფხვრის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე სამუშაოების, ასევე, არსებული პოტენციალის გათვალისწინებით აკვაკულტურის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა.

თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა ჯანმრთელი ოკეანეებისათვის მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ საკვანძო საკითხზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველომ 2016 წლის სექტემბერში პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს - Georgia International Maritime Forum (GIMF) - უმასპინძლა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფორუმზე მიღებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა საზღვაო ტრანსპორტსა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგს - „2030 Agenda for Sustainable Development“ - განხორციელებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე გაამახვილებს ყურადღებას.

http://un.mfa.gov.ge/files/un/Draft_Statement_-_Georgia_-_Ocean.pdf