ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციური მოწყობის სრულყოფისკენ

ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციური მოწყობის სრულყოფისკენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ვენეციის კომისია დასკვნის პროექტში საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს.

როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დასკვნაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ შემოთავაზებული რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას.

„დაკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები სრულყოფილს ხდის საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისკენ, რომელიც 2010 წლის რეფორმით დაიწყო და წარმოადგენს პოზიტიურ წინ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ. კომისია ხაზს უსვამს, რომ 2010 წელს მათ გასცეს რეკომენდაცია, გაძლიერებულიყო პარლამენტის ფუნქცია და დახვეწილიყო უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. კომისია ამბობს, რომ შემოთავაზებული რეფორმა პასუხობს ამ რეკომენდაციას და ვენეციის კომისიას შეუძლია მხოლოდ მიესალმოს საკონსტიტუციო ცვილილებების ამ პროცესს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციას, ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ "საარჩევნო სისტემის შერეული (პროპორციული/მაჟორიტარული) სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას ემსახურება".

„დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ 5%–იანი ბარიერი სრულიად შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და არ იმსახურებს არანაირ კრიტიკას, ასევე სრულიად ლეგიტიმურია ბლოკების შეზღუდვის მოთხოვნა და ბონუსის მექანიზმი, იმ პირობებში, თუ ზედა ზღვარის დაწესება მოხდება იმ გაფლანგული მანდატებისათვის, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულ პარტიას", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს იმასაც, რომ პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი შეესაბამება არბიტრის როლს.