საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და საკონსტიტუციო წესრიგს

საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და საკონსტიტუციო წესრიგს

ვენეციის კომისია მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტშია ნათქვამი.

ვენეციის კომისია საერთო ჯამში მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული რეფორმა გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს.

„ზოგადად, შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს. აღნიშნულით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია მიმართული საპარლამენტო სისტემისკენ, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით დაიწყო და წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს. 2010 წელს გამოთქმულ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გამოთქვა პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომ გაძლიერებასა და უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის პროცედურის გადახედვასთან დაკავშირებით. შეთავაზებული რეფორმა შეესაბამება ამ მიზნებს და ვენეციის კომისია მხოლოდ მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს.

საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იქნას შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით“, - ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.