ირაკლი კობახიძის განცხადება პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ გვეკრძალება ნებისმიერ საკითხზე გამოვთქვათ საკუთარი აზრი, მათ შორის გამოვთქვათ აზრი ჩვენს კომპეტენციაში შემავალ მნიშვნელოვან საკითხებზე, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ან ძალიან იუმორით უნდა შევხედოთ, ან თუ ცოტათი მაინც სერიოზულად შევხედავთ - ეს ნიშნავს იმას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც უშიშროების საბჭოს ისეთივე მუდმივი წევრია, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თურმე უფლება არ აქვს საკუთარი აზრი გამოთქვას უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს უკვე, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ გვეკრძალება ნებისმიერ საკითხზე გამოვთქვათ საკუთარი აზრი, მათ შორის გამოვთქვათ აზრი ჩვენს კომპეტენციაში შემავალ მნიშვნელოვან საკითხებზე”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივანმა საკუთარი სტატუსი არ იცის - წარმოდგენა არა აქვს, სად არის და როგორ არის, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა, - აღნიშნული შეფასება დავით რაქვიაშვილთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის თქმით, არ შეიძლება უშიშროების საბჭოს მდივანი იმის შესახებ საუბრობდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს შექმნის ან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს, რომ ის მასთან ვერ შეთანხმდება.