ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი ბადაშვილის დანიშვნა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან სრული განრიდების მცდელობაა. ამის შესახებ kvirispalitra.ge-ს ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბოლო დღეებში მომხდარი საკადრო ცვლილებები შეაფასა.
„ვფიქრობ, ფინანსური სამსახურიდან წასვლის სურვილი ბადაშვილსა და ჩოხელს ცალ-ცალკე არ მოსვლიათ თავში. ერთი მხრივ, კარგია, რომ იგივე ბადაშვილი ჩამოაშორეს ფინანსურ სამსახურს, მაგრამ მისი მთავარი პროკურორის მოადგილედ გადაყვანა ბევრ კითხვებს ბადებს… ყველაფერი, რაც კი შეეხება ფარცხალაძეს, სრულიად ბურუსითაა მოცული და ძალიან საეჭვოა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ამ ბურუსის გაფანტვა სურდეს. მით უფრო ბადაშვილისთვის სპეციალურად შექმნილი შტატის შემდეგ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდება, ძალიან საშიშია - ერთი მხრივ, ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს ევროინტერგაციისა და დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა, რაზეც ამ მიმართულებით ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმაც გარკვეული იმედები გააჩინა, მაგრამ მეორე მხრივ, იქმნება იმგვარი ვითარება, რომ მოქალაქეებს უსამართლობის განცდა უმძაფრდებათ.
„თუ კონკრეტულად ბადაშვილის დანიშვნაზე ვისაუბრებთ, ჩემი შეფასებით, ეს არის ფარცხალაძის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან სრული განრიდების მცდელობა.
როდესაც ადამიანი ხდება, საკუთარი ყოფილი მოადგილის მოადგილე, ეს მიანიშნებს, რომ როგორც ჩანს, მავანმა ამის აუცილებლობა დაინახა - ვაითუ, მთავარ პროკურორს რაიმე დისკომფორტი შეექმნა იმ პირებისთვის, რომელთაც კარგა ხანია გააჩნიათ პროკურატურის მხრიდან არაფორმალური შეღავათები და მეტიც, პროკურატურაზე გავლენის მოხდენის ბერკეტები! ამაზე არანაკლებ შემაშფოთებელია ის, რომ როდესაც გენერალური აუდიტორი ლაპარაკობს ფარცხალაძისა და მერიის მხრიდან გარკვეულ გადაცდომებზე, ამ დროს გვეუბნებიან, რომ ეს აუდიტორი შესაძლოა დავით ნარმანიამ შეცვალოს, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი, თუ რამე უკანონობა ხდება მის დაქვემდებარებულ უწყებაში“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რითაც მთავარი პროკურორის მოადგილეების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა.