„საკონსტიტუციო ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი ვერც პრემიერ-მინისტრი გახდება და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე“

„საკონსტიტუციო ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი ვერც პრემიერ-მინისტრი გახდება და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე“

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილ ცვლილებებს ხელი მოაწერა და ეს ნორმა ძალაში შევიდა. შეგახსენებთ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს, რადგან მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ერთი ადამიანის გულისთვის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოსტიტუციური ქმედებაა და ამ პროცესში მონაწილეობა არ სურს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ ივანიშვილისგან ულტიმატუმების ენით საუბარს არ მიიღებენ. მათივე თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ყველანაირი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცა.

ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, ამ ცვლილებით ივანიშვილს მხოლოდ პარლამენტის დეპუტატის და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დაკავება შეუძლია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ, ან საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევა - არა.

შეგახსენებთ, საუბარია  კონსტიტუციურ ცვლილებაზე, რომლის შესაბამისადაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ 21 წლის ასაკს მიღწეული, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ.

„ამ ნორმის ინტერპრეტირებისას ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა მიეცა (აქცენტი ამაზე კეთდება და არა ზოგადად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე), არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, გახდეს პარლამენტის წევრი, პრეზიდენტი, ან დაიკავოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ უკანასკნელი სამი თანამდებობის დაკავების უფლებას ხსნიან იმით, რომ გარდა ამ ცვლილებისა, რომლის შესახებაც მოგახსენეთ, ამავე მუხლში არის მეორე პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ ამ შემთხვევებში არ მოქმედებს ის შეზღუდვა, რომელიც კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით არის დადგენილი“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე presage.tv-სთან საუბარში.

აქვე იგი დასძენს, რომ ეს არის არასწორი. ხმალაძის თქმით, აქ ორი ვარიანტია - ან ნორმების ფორმულირებისას შეცდომა დაუშვეს, თუ ასეთი სურვილი ჰქონდათ, რასაც ამბობენ, ეს ნორმები ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ან მათ არ ჰქონდათ ასეთი სურვილი და სრულიად შეგნებულად ჩამოაყალიბეს ნორმა ისე, რომ ივანიშვილს ვერ დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.

„ახლა მოგახსენებთ, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს. სანამ ეს ცვლილება ამოქმედდებოდა, ვითარება იყო ასეთი - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მათ კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. თუმცა 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეები, თუკი ისინი ამავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ვერ დაიკავებენ ამ სამ თანამდებობას - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის. ამდენად, ასეთი ადამიანი შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრი, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გახდება. ასე იყო დღემდე.

ამ ცვლილებით კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსაც, თუნდაც ისინი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. მეორე პუნქტში კი ნათქვამია, რომ პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებზე არ ვრცელდება 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით დაწესებული შეზღუდვები. სწორედ ამ ნორმაშია ძაღლის თავი დამარხული. კერძოდ, პირველ პუნქტში მოცემულია ორი შემთხვევა - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და განსაზღვრულია იმ პირთა წრე, ვისაც ამ ორ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. ამდენად, გვაქვს შემთხვევა და პირთა წრე. მეორე პუნქტი კი ამბობს, რომ 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ შემთვევებზე. აქ რომ ეწეროს, რომ ეს შეზღუდვები პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირთა წრეზე არ ვრცელდება, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ამ პირებს, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ პარლამენტის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა, დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, პრემიერ მინისტრის თანამდებობა, ასევე მონაწილეობა მიიღონ პრეზიდენტის არჩევნებში და პრეზიდენტის თანამდებობაც დაიკავონ.

მაგრამ ვინაიდან მეორე პუნქტში წერია, რომ ეს შეზღუდვები არ ვრცელდება არა პირთა წრეზე, არამედ ამ შემთხვევებზე, ესე იგი ეს შეზღუდვები არ ვრცელდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მაშასადამე, ევროკავშირის მოქალაქე შეიძლება საქართველოში იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი და გახდეს პრეზიდენტი. ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ვინაიდან ის შეზღუდვები არ იხსნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, გამოდის, რომ ევროკავშირის მოქალაქე ვერ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე.

ერთია საპარლამენტო არჩევნები და სრულიად სხვა მოვლენაა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა. პირველ პუნქტში კი არაფერი წერია პარლამენტის თავმჯდომარის არჩევაზე. ასევე პირველი პრიმა პუნქტი საერთოდ არ ეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე პირის არჩევას. ეს არის სრულიად განსხვავებული პროცედურა, რომელიც კონსტიტუციის სხვა მუხლებით განისაზღვრება. მაშასადამე, ის შეზღუდვა, რომელიც 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით არის დადგენილი, ძალაში რჩება და ამ შეზღუდვის გაუქმება ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს ვერანაირად ვერ შეეხება. ამდენად, ასეთი პირი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს.

არის კიდევ მთელი რიგი სხვა საკითხები, მაგრამ ამ სამი თანამდებობის დაკავებას სწორედ ეს ნორმები ეხება“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

გარდა ამისა, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს ცვლილებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ უხსნის იმ შეზღუდვებს, რომლებიც საქართველოს არამოქალაქისთვის დადგენილია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით და საარჩევნო კოდექსით. კერძოდ, მათ კი შეეძლებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ვერ გახდებიან პარტიის წევრები, არ ექნებათ პარტიისთვის შეწირულობის გაკეთების უფლება, თუნდაც იმ შეზღუდულ ფარგლებში, რისი უფლებაც საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია პარტიას შესწიროს არა უმეტეს 60 000 ლარისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი ეს უფლება არ იარსებსბს მანამ, სანამ კანონში შესაბამისი ცვლილება არ იქნება შეტანილი.

გარდა ამისა ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ შეიძლება სადავო გახდეს, ექნებათ თუ არა ამ პირებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება.

საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„ეს შეიძლება სადავო გახდეს-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი ინტეპრეტაცია მიეცემა ამ ახალ ნორმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფართო გაგებით მოიცავს ყველა უფლებას, რაც კი არჩევნებთან არის დაკავშირებული. მათ შორის საარჩევნო აგიტაციის უფლება, საარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის უფლება და ა.შ. ვიწრო გაგებით კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება ნიშნავს იმას, რომ იყო მხოლოდ კანდიდატი და მისცე ხმა.

მაგალითისთვის გეტყვით, ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებებით ხმის მიცემის უფლება მიეცათ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. მათ მიეცათ უფლება, რომ არჩევნებში ხმა მისცენ, მაგრამ არ აქვთ უფლება, იყვნენ კანდიდატები და ცხადია, ისინი ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებენ საარჩევნო კამპანიაში, რადგან ციხეში სხედან.

ამდენად, თუ ეს ნორმები ვიწრო გაგებით იქნება ინტერპრეტირებული, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ცხადია ხელისუფლება ეცდება ივანიშვილის წინააღმდეგ შემზღუდავი ნორმები და მათ შორის სანქციები გამოიყენოს. შეიძლება თქვას, რომ ეს პირი კანონით დადგენილ უფლებებს არღვევს, აგიტაციას ეწევა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და ა.შ.

ამდენად, მიღებული ცვლილებები არ იძლევა იმ შესაძლებლობებს, რაზეც ხელისუფლება საუბრობს. ისინი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა იმიტომ კი არ ჩამოართვეს და მის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარი იმიტომ კი არ უთხრეს, რომ არჩევნებში ივანიშვილის მონაწილეობა შეზღუდოს (ამის დასტურად ხელისუფლება ამ საკონსტიტუციო ცვლიელებს იშველიებს), არამედ თითქოს იმიტომ არ მისცეს მოქალაქეობა, რომ ამის საშუალებას კანონი არ იძლეოდა. ამ დროს კი, როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევა, ასევე მის დაბრუნებაზე უარის თქმაც კონსტიტუციის დარღვევით მოხდა და ეს არაერთხელ დამისაბუთებია.

ამ ცვლილებებით კი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ უფლებათა მხოლოდ ნაწილი მიეცა“, - აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე.

ამდენად, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილმა რომც მოინდომოს ამ საკონსტიტუციო ცვლილებით სარგებლობა, მის მიმართ მაინც გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გასარკვევად presage.tv ეცადა პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის წევრებს დაკავშირებოდა. ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა ვერც პავლე კუბლაშვილთან, ვერც ზვიად კუკავასთან და ვერც ანდრო ალავიძესთან დაკავშირება.

შეგახსენებთ, ეს ის ადამიანები არიან, ვისი ინიცირებულიც არის პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების უმრავლესობა და სწორედ მათ შეუძლიათ ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხის გაცემა.

თემა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ვახტანგ ხმალაძე ირწმუნება, ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება პრაქტიკულად არ შეუძლია. პარლამენტის რიგითი წევრობა, ან თუნდაც პრეზიდენტობა კი დიდი ვერაფერი სახარბიელოა იმ ფონზე, როდესაც 2013 წლიდან პრეზიდენტის უფლებები მაქსიმალურად იზღუდება და ქვეყნის პირველი პირი პრაქტიკულად პრემიერ-მინისტრი ხდება. ამ თანამდებობის დაკავების უფლება კი ივანიშვილს ამ საკანონმდებლო ცვლილებით არ ექნება.