შალვა ნათელაშვილი - „ორსახა იანუსი“ თუ გარემოებათა მსხვერპლი

შალვა ნათელაშვილი - „ორსახა იანუსი“ თუ გარემოებათა მსხვერპლი

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საკმაოდ საინტერესო ხვედრი ერგო ერთ დროს საკმაოდ ხალხმრავალ „ლეიბორისტულ პარტიას“. შალვა ნათელაშვილმა, რომელიც მემარცხენე ელექტორატის ერთპიროვნული ლიდერი იყო, საკმაოდ უცნაური პოზიცია დაიჭირა. პოლიტიკურ კულუარებში ბევრს ლაპარაკობდნენ „ლეიბორისტების“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გარიგების თაობაზე. განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნათელაშვილის პოზიცია საქართველოში საპროტესტო მუხტის აგორების შემდეგ. მაშინ ითქვა, რომ ნათელაშვილი ხელისუფლებასთან პოლიტიკური ვაჭრობით საკმაოდ დიდ ფულს შოულობდა და მისი მოჩვენებითი აქტიურობაც სწორედ ამითი იყო განპირობებული.

ნათელაშვილის ტრანსფორმაცია კიდევ ერთხელ გასულ საპარლამენტო არჩევნებზე გახდა თვალსაჩინო, როდესაც სხვა ე.წ. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ „გაუპრავა“ დემოკრატიული არჩევნები და პარლამენტში შევიდა, მეორე მხრივ, არასაპარლამენტო ოპოზიციას დაუჭირა მხარი, თითქოს ვერავინ გაიგებდა, რომ „ლეიბორისტები“ პარლამენტის წევრობისთვის დღემდე ხელფასებს იღებენ.

მოკლედ, ისეთი რამ დამართა ნათელაშვილმა საკუთარ თავს, რომ კარგახანია, მისი აღარავის სჯერა, არადა, შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში ბევრი პოლიტიკური პარტია იამაყებდა „ლეიბორისტებივით“ აწყობილი მძლავრი პოლიტიკური სისტემა და დიდი ელექტორატი რომ ჰყოლოდა.

სხვადასხვა მიზეზთა გამო „ლეიბორისტების“ ლიდერის მიერ არჩეული პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასერიოზულია, ლანძღავს ყველას საკუთარი პარტიის გარდა.

დღეს მისი განცხადებები მოულოდნელობას აღარავისთვის არ წარმოადგენს. აქამდე თუ ნათელაშვილის კრიტიკის ქარცეცხლში სააკაშვილი და დანარჩენი, „გაყიდული“ ოპოზიცია ხვდებოდა, ახლა მშრომელთა პარტიის ლიდერის ისრები ყველაზე უხვად ბიძინა ივანიშვილისკენ არის მიმართული.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მით უფრო მწარდება ნათელაშვილი. ხან ე.წ. კომპრომატებს უქვეყნებს ივანიშვილს და ხანაც მისი ლიკვიდაციის შეკვეთაში ადანაშაულებს.

27 მაისის აქციის შემდეგ კი ნათელაშვილის კრიტიკის ქარცეცხლში ქართველი ხალხიც მოხვდა, რომელსაც ლეიბორისტთა ლიდერმა ფულზე გაგიჟებული საქონელი უწოდა.

რამდენიმე ამონარიდი შალვა ნათელაშვილის გამოსვლებიდან:
„სააკაშვილთა ბანდის ხელისუფლებაში მომყვანმა და მათთვის მილიარდების მიმძღვნელმა კრიმინალ-ოლიგარქმა ივანიშვილმა ხელისუფლებასა და ამერიკელ პარტნიორებთან გარიგებით, პოლიტიკოსთა ყიდვა-პარალიზებით ჯერ მოღალატეობრივად ჩაშალა რეჟიმის მოსაცილებლად დაწყებული დიდი სახალხო ქუჩის წინააღმდეგობის პროცესი, ხოლო გუშინ დასათვლელად და დასაშლელად ხალხს საქონელივით რუსთაველზე გამოუძახა...“
„კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ მთელ დედამიწას, რომ ქართველი ერი ფულზე აცუნდრუკებული ერია, რომელიც როცა სამშობლოს ართმევენ და შვილებს უკლავენ სახლში ზის, ხოლო ფულის ტომრების დასტვენაზე ქუჩაშია...“
„2003 წელს არ დამიჯერეთ, როდესაც ივანიშვილის მილიონებით სააკაშვილი დაისვით კერპად და დღეს მივიღეთ დაშლილი საქართველო, თუ ახლაც იგივეს გაიმეორებთ ჩვენ ძალიან მალე საქართველოსგან მოგონებაღა დაგვრჩება. გაიგეთ ივანიშვილ-ბერძენიშვილ-უსუფაშვილების და სხვათა მხარდაჭერა სააკაშვილის ყულაბაში ჩაგდებული იუდას ვერცხლია და მეტი არაფერი...“

ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხი მის მიერ დაგეგმილ აქციებზე, სადაც ის სააკაშვილის გადაყენებას ითხოვდა, იმიტომ არ მივიდა, რომ ფული არ ჰქონდა.

მისი თქმით, სანამ ქართველ ხალხს ფულის მონური თაყვანისცემა ექნება, სანამ ფულით გამოჩხრიკავს ახალ კერპებს, პარტიებს, ახალ ბელადებს, იუდას ცოდვის გამო დასჯილი იქნება და ვერაფერს ვერ მიაღწევს.

როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბონდო შალიკიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მიერ დატრიალებულ ბრალდებათა საყოველთაო კორიანტელს ვეღარ გაუძლო და მის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც შალიკიანი ამბობს, ის დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ ნათელაშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს:

„წინა არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო პროგრამა ყველას ახსოვს. ნათელაშვილი იწყებდა და ამთავრებდა საარჩევნო დაპირებებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მხსნელს, გადამრჩენელს, აღმშენებელს - ბიძინა ივანიშვილს დაასახელებდნენ. დღეს, როცა ივანიშვილმა „ლეიბორისტებთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა, ნათელაშვილი უმოწყალოდ ილანძღება. არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, შალვა ნათელაშვილს ვუთხრა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ჩამოყალიბებიდან დღემდე ყურადღების მიღმა არასდროს დამიტოვებია. არ მინდოდა, დამეჯერებინა ის, რაც „ლეიბორისტებისა“ და ხელისუფლების თანამშრომლობაზე ითქვა. დღეს კითხვა აღარავის რჩება, რომ ეს სიმართლე ყოფილა“, - აცხადებს შალიკიანი.

მისივე განმარტებით, ასევე მიუღებელია, ნათელაშვილის მხრიდან ბერა ივანიშვილის კრიტიკა. „ბიჭი, რომელიც სანახევროდ, საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიზარდა, თანაც მილიარდერის ოჯახში, ბიზნესით და ფულის კეთებით კი არ ინტერესდება, არამედ ხელოვნებით - ეს დასაფასებელია. ბერა ივანიშვილი კი არ ტირის, არამედ მღერის, რა ვერ გაიგე შალვა, ხალხს უმღერის, სითბოს გასცემს, ის ამ ყველაფერში შრომას დებს“,- განაცხადა შალიკიანმა.

ამ განცხადების სანაცვლოდ ნათელაშვილმა ივანიშვილთან ერთად შალიკიანიც ტერორიზმში თუ რაღაც მსგავსში დაადანაშაულა და „ერთ-ერთი მოსყიდული, ემიგრირებული, ცნობილი ქუთაისელი კრიმინალი, სააკაშვილის იმერეთის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი და „ვარდების რევოლუციის“ სპონსორი, ასლან აბაშიძის პარტნიორი, შემდეგ სააკაშვილის მიერ საკუთარ ლოგინში შიშვლად დაჭერილი ვინმე შალიკიანი“ უწოდა, რომელიც თურმე  შალვა ნათელაშვილის შვილებს ღია ანგარიშწორებით ემუქრება. 
რაც მთავარია, შალვა ნათელაშვილი  ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ტერორში ადანაშაულებს. როგორც „ლეიბორისტი“ გიორგი გუგავა ამბობს, მილიარდერმა 2007 წელს სპეცსამსახურებს „ლეიბორისტების“ ოფისსა და შალვა ნათელაშვილზე თავდასხმა დაუკვეთა. ლეიბორისტების ინფორმაციით, ივანიშვილი ნათელაშვილის დაკავებას და შემდგომ მის ლიკვიდაციასაც გეგმავდა. 
საგულისხმოა, რომ ვიდრე ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მანამდე ნათელაშვილი ამ ყველაფრის უკან მიხეილ სააკაშვილს ხედავდა.
როგორც ნათელაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, ნათელაშვილის დაპატიმრება-ლიკვიდაცია უნდოდათ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა დღისით ნათელაშვილი რუსთაველზე ხალხთან ერთად აქციაზე იდგა, ღამით კი ჯერ მის ოფისს დაესხნენ თავს, შემდეგ კი მის ბინებში - თბილისსა და ბაზალეთში შეიჭრა სპეცნაზი. 
როგორც ცნობილია, 2007 წლის 7 ნოემბერს, სახალხო აქციების უსასტიკესი დარბევის შემდეგ, სააკაშვილის კბილებამდე შეიარაღებული სპეციალური რაზმები ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის ძებნის საბაბით თავს დაესხნენ და დაარბიეს ლეიბორისტული პარტიის ცენტრალური ოფისი, შალვა ნათელაშვილის ბინა თბილისში და სახლი სოფელ ბაზალეთში.

„დაგეგმილი იყო, დაკავებისთანავე ნათელაშვილის მკვლელობა, რაც ვერ განხორციელდა აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტის ჩარევის წყალობით. და აი, ოლიგარქ-კრიმინალმა ივანიშვილმა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში მოახდინა საუკუნის აღიარება პოლიტიკურ ტერორიზმზე და დაადასტურა, რომ მერაბიშვილ-სააკაშვილს თანხის გადახდის სანაცვლოდ სწორედ მან შეუკვეთა მაშინ ნათელაშვილის მკვლელობა. ამ პოლიტიკური ტერაქტის გამოსაძიებლად ჩვენ უკვე იძულებული ვართ მივმართოთ გაეროს სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით, რომელსაც გადავცემთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამხილს და მასალას მუშაობის დაწყებისთანავე. ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილს შეკვეთილი აქვს სხვა მკვლელობებიც“, - განაცხადა ამ ერთი თვის წინ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ყველამ იცის, რომ 7 ნოემბერს ნათელაშვილი იდგა რუსთაველზე აქციაზე, რომელიც დარბეულ იქნა სწორედ ივანიშვილის ნაყიდი ქიმიური იარაღით, აკუსტიკური იარაღით, რეზინის ტყვიებით, სადაც მოიწამლა კიდეც. შემდგომ მასზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და გაუგზავნეს ჩაფრები ლიკვიდაციის მიზნით. 
2007 წელს კი სულ სხვა რამ მოხდა „ლეიბორისტებს“ თუ აღარ ახსოვთ, შეუძლიათ მაშინდელ პრესას გადახედონ და გაიხსენონ, რისთვის დააკავეს მათი თანაპარტიელი არჩილ ბენიძე 2008 წლის 25 ივლისს.

მაშინ არჩილ ბენიძეს ბრალი ფულის გათეთრებაში დასდეს. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბენიძის, გიორგი გოგლიჩიძის, ვაჟა სეთურიძისა და დავით ვერძეულის ანგარიშზე  ისრაელის მოქალაქე ანატოლი მოტკინმა 15-15 ათასი დოლარი ჩარიცხა. თუმცა, ეს თანხა მათ ნათელაშვილს მიუტანეს, რომელმაც, გამოძიების თქმით, პარტიას მოახმარა.

როგორც საქმეშია ნათქვამი: „ნათელაშვილს, მკაფიოდ ჰქონდა შეცნობილი, რომ მისი, როგორც პარტიის ლიდერის ღიად ჩართვა, ძალზე საეჭვო იქნებოდა და ამ საბაბით, დაბეჯითებით გადაწყვიტა მისთვის განკუთვნილი დაუსაბუთებელი ქონების დამალვა. მისი ფიქრით, აუცილებელი იყო თანხის რამდენიმე ნაწილად დაყოფა, იმგვარად, რომ თითოეულის ოდენობა არ ყოფილიყო 30 ათას ლარზე მეტი, რადგან არ დაექვემდებარებოდა „უკანონო შემოსავლს ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ სავალდებულო მონიტორინგს. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, ნათელაშვილმა ისარგებლა, რომ მისი პირადი ავტორიტეტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იოლად შეეძლო არჩილ ბენიძეზე და სხვებზე ზემოქმედება, გაანდო ჩანაფიქრი და დაჟინებით სთხოვა დახმარებოდნენ 100 ათასი დოლარიდან 60 ათასის გათერებაში.

ბენიძემ და სხვებმა, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე გაინაწლეს როლები, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი და ნათელაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია „საქართველოს ბანკში“ გახნილ საკუთარ რეკვიზიტებზე, რომელი რეკვიზიტებიც ნათელაშვილმა ინტერნეტით ანატოლი მოტკინს გაუგზავნა.

კვალის დაფარვის მოტივით, წინასწარ იყო მოლაპარაკებული, რომ ნათელაშვილ-მოტკინს შორის სატელეფონო საუბარი შენიღბული ყოფილიყო. ამიტომ, თანხის მაგივრად უნდა ეთქვათ წიგნები. 2007 წლის 31 ოქტომბერს, მოტკნის მითითებით, უცხოურმა ორგანიზაცია ZLTUS INVESTMNET MANAGEMENT -მა, ბენიძეს და სხვებს 15-15 ათასი დოლარი ჩაურიცხა, რაც მოგვიანებით მათ შალვა ნათელაშვილს ნაღდი ფულით გადასცეს“

გამოძიება მოტკინის მიერ თანხის გადმორიცხვას დანაშაულად არ თვლიდა და ბენიძესა და სამ ძებნილს ბრალს იმაში სდებდა, რომ მათ გადმორიცხული თანხა ნათელაშვილს მისცეს, მან კი თანხა პარტიას მოახმრა, ხოლო კანონით, პოლიტიკური პარტიები საზღვარგარეთიდან შემოტანილი ფულით არ უნდა ფინანსდებოდნენ.    

ამ დანაშაულის დასადასტურებლად, გამოძიებას, მოწმეებიც ჰყავდა (მოგვიანებით გაირკვა რომ ეს მოწმეები ნათელაშვილის ნათესავ ახლობლები კი იყვნენ, მაგრამ ბენიძეს არ იცნობდნენ). გარდა ამისა, მათ ხელთა იყო „საქართველოს ბანკიდან“ ამოღებული დოკუმენტები და სატელეფონო მოსმენები. გულისხმობდნენ ნათელაშვილი-მოტკინის საუბრებს, რომლებიც წარმოადგინეს კიდეც.

სატელეფონო საუბარში რომელიღაც უცხოელს ესაუბრება ვიღაც „გივი“ და თანაც არა ფულზე, არამედ „ჰარი პოტერის“ ტომეულებზე.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ „გივი“ შალვა ნათელაშვილი იყო და სიტყვა „წიგნი“ ფულს ნიშნავდა. რეალურად ვინ საუბრობდა ტელეფონით, ეს ხმის ექსპერტიზით უნდა დადგენილიყო, მაგრამ ექსპერტიზა ამბობდა, რომ ხმის იდენტიფიკაციის დადგენა ამ საუბრით შეუძლებელი იყო.

საქმის მასალებით, გამოძიებას ბენიძეზე სამხილის სახით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ბანკიდან ამონაწერი გააჩნდა, რომლის თანახმადაც მის ანგარიშზე 15 ათასი დოლარი ჩაირიცხა, რაც კანონით, დანაშაული არ იყო.

გამოძიება მას ბრალს სდებდა, რომ ეს თანხა მან ნათელაშვილს პარტიისთვის მიუტანა, მაგრამ რეალურად მიუტანა თუ არა, საქმეში ამის მტკიცებულება არ არსებობდა.

ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს შეეძლო დაედასტურებინა, რომელსაც ოფიციალურად დამნაშავეთა ჯგუფის მეთაურის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ ის დასაკითხადაც არ დაუბარებიათ.

 სასამართლო პროცესებზე ბენიძის ადვოკატებმა ნათელაშვილის დაკითხვა მოითხოვეს. თუმცა პროკურორმა და მოსამართლემ მათი ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და უარი თქვეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ  ნათელაშვილის დაკითხვა საქმეს გააჭიანურებსო.

მოკლედ, შალვა ნათელაშვილი ქართულ სასამართლოში დაკითხვას რომ ვერ ეღირსა (არადა ცნობილია, მისი ადვოკატი როგორ ითხოვდა, ნათელაშვილი არ დაკითხოთო), როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, თურმე ნათელაშვილი იძულებული გახდა, ჩვენება სტრასბურგის სასამართლოსთვის და დიპლომატიური კორპუსისთვის გაეგზავნა. როგორც ნათელაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განმარტა, ნათელაშვილი ქართულ სასამართლოს ჩვენებას აღარ მოგცემთო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებას, რომელიც შალვა ნათელაშვილმა სტრასბურგის სასამართლოსა და დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნა, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა presage.tv-მ ჩათვალა, რომ  დღესაც საინტერესოა, რას წერდა 4 წლის წინ  ნათელაშვილი უცხოელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საბრალდებო დასკვნით, მე ვარ დანაშაულის ორგანიზატორი, ჩემი თხოვნის მიუხედავად, გამოძიებას მოწმედაც კი არ დავუკითხივარ, რის გამოც იძულებული ვარ, ეს განმარტება გადმოგიგზანოთ თქვენ.

2007 წლის ზაფხულის ბოლოს, თავისთან სტუმრად მიმიწვია აწ გარდაცვლილმა მილიარდერმა, ბიზნესმენმა და შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრი პატარკაციშვილმა, რა დროსაც მითხრა, რომ მქუჩნიდა 100 ათას დოლარს და გამომიგზავნიდა თანაშემწის ხელით, სადაც მე ვეტყოდი.

აღნიშნული პიროვნება მუდმივად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, მათ შორის, თავის დროზე აფინანსებდა „ვარდების რევოლუციას“, მიხეილ სააკაშვილს, მის მამას, დედას, ძმებს, მმართველ პარტიას, მინისტრებს, ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, ავადმყოფებს... 

ჩვენი შეხვედრის პერიოდისთვის მას უკვე სერიოზულად გაუფუჭდა ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ფაქტობრივად, გადასული იყო ოპოზიციურ მდგომარეობაში. მე პატარკაციშვილს ვუპასუხე, რომ თანხა არ მჭირდებოდა და ვთხოვე, ეს ფული ოფიციალურად საბაკო გადარიცხვის გზით, ჩაერიცხა ჩემს სანაცნობოში იმ პირთა დასახმარებლად, ვინც ეწეოდა საშუალო და წვრილ ბიზნეს, მათთვის ვინც ხელისუფლებასთან ოპოზიციური დამოკიდებულების, აგრეთვე ჩემთან სიახლოვის გამო იდევნეოდნენ, არ ეძლეოდათ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა...

აღნიშნულზე ბატონმა ბადრიმ თანხმობა განმიცხადა და მე მას გადავუგზავნე სია იმ პირებისა, ვისაც თანხა უნდა მიეღო. ასეთი იყო სულ რვა პირი, მათ შორის არჩილ ბენიძე, დავით ვერეძეული, გიორგი გოგლიჩიძე, ვაჟა სეთურიძე (ყველა პარტიის გენერალური საბჭოს წევრები და იმავდროლად წვრილი ბიზნესით დაკავებულები არიან). აგრეთვე ჩემს ნათესავ ბიზნესმენ ვალერიან დავითურს და ჩემს თანაკლასელს არსენ აფციაურს, აგრეთვე მათი რეკომენდაციით ორ პირს, რომელთა გვარები არ მახსოვს.

ისევ მათი უსაფრთხოების გამო, დასახელუბულმა პირებმა დეტალურად არ იცნოდნენ თუ ვინ აჩუქა ეს თანხა. შემოდგომაზე, ამ პირებს ლონდონის კომპანია  ZLTUS INVESTMNET MANAGEMENT-გან ჩაერთიცხათ 15 ათასი დოალარი თითოეულს.

ჩამრიცხავი, შემსრულებელი პირი მოტკინი, პატარკაციშვილს თანაშემწე, საინფორმაციო სააგენტო „კურსორის“ მფლობელი, ისრაელის წლის ადამიანია“.

შემდეგ, ნათელაშვილი ჩვენებაში წერს, როგორ დაარბიეს ქიმიური იარაღით ხალხი 7 ნოემბერს, იმავე ღამით როგორ დაესხა შეირაღებული სპეცრაზმი მის სახლს თბილისსა და ბაზალეთში, როგორ დაარბიეს მისი პარტიის ოფისი, როგორ აღიძრა მასზე სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის, ჯაშუშობისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით, რომელიც ამერიკის ჩარევით შეწყდა.

ნათელაშვილი წერს, რომ იმ დღეებში მას ნათესავი დავითური დაუკავშირდა და აცნობა, რომ ლისის ტბაზე, ტყეში წაიყვანეს და ცემა-წამებით ცდილობდნენ მისთვის ჩვენება გამოეძალათ, თითქოს მოტკინმა მას 40 ათასი ჩაურიცხა და ეს თანხა ნათელაშვილს მიუტანა.

ნათელაშვილი ეხება არჩევნებსაც, სადაც წერს, თუ როგორ გაიმარჯვეს, მაგრამ პარლამენტში არ შევიდნენ და ამის შემდეგ 2008 წლის ივნისს იხსენებს, როდესაც მასთან კუდის დეპარტამენტიდან სოსო თოფურიძე მივიდა:

„მე და პარტიის გენერალურ მდივანს, იოსებ შატბერაშვილს, თოფურიძემ პრეზიდენტისა და თავისი მინისტრის სახელით გაგვიცხადა, რომ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს ვიტყოდით, ფულის გათეთრების ბრალდებით დამიჭერდნენ.

კითხვაზე - თუ დანაშაული არ ჩაგვიდენია, როგორ დაგვიჭერდნენ, გვიპასუხა, რომ ხელისუფლებას სულაც არ სჭირდება კანონი და სამართლიანი მტკიცებულები.

ჩვენ უარი განვუცხადეთ ულტიმატუმის შესრულებაზე... შედეგად, მეორე დღესვე, ყველას ვისაც კი ეს კანონიერი ფული პატარკაციშვილისგან კანონიერად გადმოერიცხა, კუდიდან მოუვიდა გამოძახება. დაიწყო მათი ბინების დარბევა, ოჯახების დაწიოკება სპეცრაზმის მიერ. დააპატიმრეს არჩილ ბენიძე... ამრიგად, საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციულ პოლიტიკურ დევნასთან და არჩილ ბნიძის სახით პოლიტპატიმართან, რადგან აღნიშნული თანხა არ ყოფილა შავი, კრიმინალური, იგი კანონიერად ეკუთვნოდა მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესმენ მილიარდელ-ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილს, რომელმაც ეს თანხა პირველ რიგში მე მაჩუქა, მაგრამ ჩემივე თხოვნით, განახორციელა ტრადიციული ქველმოქმედება კანონით დადგენილი წესით და ეროვნული ბანკის მეშვეობით ბიზნესში ხელშესაწყობად გაუგზავნა დასახელებულ პირებს... რომ გვდომოდა ამ თანხის ჩუმად, შენიღბულად ათვისება, მას პირდაპირ მოგვიტანდნენ ხელზე, რასაც ვერავინ გაიგებდა და არ გადმორიცხავდნენ ბანკების მეშვეობით, სადაც ხორციელდება ყველანაირი კონტროლი. მათ შორის, როგორც დადაგინდა სპეცსამსახურებიდანაც“, - ნათქვამია შალვა ნათელაშვილის წერილში.

მოკლედ, შალვა ნათელაშვილი ორჯერ გადარჩა დაპატიმრებას -2007 წლის ნოემბერში, როდესაც უმძიმესი მუხლებით მასზე საქმე აღძრეს და დახურეს. მეორედ კი როდესაც ბენიძის საქმეში ორგანიზატორად განიხილავდნენ, თუმცა მოწმედაც არ დაუკითავთ.

ეჭვებიც, მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის თანამშრომლობის შესახებ სწორედ ამ ფაქტების შემდეგ გამძაფრდა და მის გასაქარწყლებლად შალვა ნათელაშვილს მხოლოდ ოპოზიციის ლანძღვა-გინება ვერ უშველის.

ისიც საინტერესოა, თუ ამ ყველაფრის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი იყო, რა უშლიდა ხელს შალვა ნათელაშვილს, რომ თავის ე.წ. ჩვენებაში, რომელიც დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნა, ივანიშვილიც ეხსენებინა? - როგორც ჩანს მაშინ უბრალოდ, ივანიშვილი არ გახსენებია.