დასავლეთის მოჩვენებითი თანხმობა ნატო-ში შესვლაზე თუ „შავი პიარი“ საქართველოს წინააღმდეგ

დასავლეთის მოჩვენებითი თანხმობა ნატო-ში შესვლაზე თუ „შავი პიარი“ საქართველოს წინააღმდეგ

ლატვიელი პოლიტოლოგი ანდრის სპრუდსის აზრით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი არ აქვს. ამის შესახებ მან რადიო Baltkom-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. ლატვიელი პოლიტოლოგის შეფასებით, „საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლატვიაში ვიზიტით ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ სარგებელს არ უნდა ელოდოს, თუმცა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ეს უკიდურესად აუცილებელია. ეს ვიზიტი საქართველოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებთანაც საქართველო ადრეც თანამშრომლობდა, მაღალ დონეზე დარჩა“.

სპრუდსის პროგნოზითვე „საქართველოს არ აქვს შესაძლებლობა გახდეს იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც მას ასე ძალიან სურს და ეს ორგანიზაცია ნატოა“.

როგორც პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ამბობს, ასეთი განცხადებები ერთი ადგილის ტკეპნას უფრო ჰგავს და ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მათი კომენტირება უბრალოდ, არაფრისმომტანია.

თუმცა, ჩიკაგოს სამიტის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ თუკი საქართველო, ასე ვთვათ, საშინაო დავალებას ფრიადზე შეასრულებს, უკვე აღარ იარსებებს მიზეზი, რის გამოც ნატოში გაწევრიანებაზე უარს ეტყვიან.

„ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ბევრი რაღაც ჩვენს ხელთ არ არის, და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებსაც სცდება. გასათვალისწინებელია, რა იქნება ორი წლის შემდეგ მსოფლიოში, ეს კი არავინ იცის - ნოსტრადამუსიც მკვდარია, რა ჭკუაზე იქნება, რუსეთი, როგორი ურთიერთობა ექნება მას ნატოსთან, დასავლეთთან, რეგიონში რა ვითარება იქნება. რაც მთავარია, როგორი ვითარება იქნება საქართველოში და ჩვენს საშინაო დავალებას როგორ შევასრულებთ ამ ორი წლის მანძილზე, როგორ წავიწევთ წინ, ამ არჩევნებს როგორ ჩავატარებთ. მომავალ, 2013 წელსაც არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი და 2014 წელსაც. თუ ეს ყველაფერი კარგად ჩატარდება და 5-იანს თუ არა, 4-ს პლუსით მაინც დავიმსახურებთ, ასეთ შემთხვევაში ამისი შანსი და ალბათობა არსებობს, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიოში ყველაფერი ისე დუღს და ისე სწრაფად იცვლება, რომ ორი წლის შემდეგ რა იქნება, ეს არავინ იცის.

წესით, რაც ჩამოვთვალე, თუ ეს ხელშემწყობი ფაქტორები იქნება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ნატომ კარი მართლაც გააღოს საქართველოსთვის. თუმცა, რისკის ფაქტორებიც ბევრია, ზოგი ჩვენზეა, ზოგი კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ლატვიელი პოლიტოლოგი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლატვიაში ვიზიტს გამოეხმაურა. სადაც პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა თავისი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას სრული თანადგომა  გამოუცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მისწრაფება გახდეს ნატო-ს წევრი აბსოლუტურად რეალისტურია“, - აღნიშნა ანდრის ბერზინშმა.  

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა: „ზოგიერთი ჩვენი მეზობელი 2008 წლის შემდეგ ამბობდა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არავითარი შანსი არ ჰქონდა. ახლა კი, ვფიქრობ, ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებული განცხადებით, მათ იმედი გაუცრუვდათ, საქართველოსთვის კი ეს მომავალის პოზიტიურად შეცვლას ნიშნავს. რუსეთის მიზანი საქართველოს განადგურება იყო. ამას ისინი პირდაპირ აცხადებდნენ ამერიკელ დიპლომატებთან საუბრისას. ამიტომ, ნატოს ყველა სამიტი საქართველოსთვის იყო შანსი და იმავდროულად, გამოწვევაც“.

პრეზიდენტის თქმით, ჩიკაგოს ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, გარკვეული შიში იყო, იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პროგრესს არ აღიარებდნენ მაგრამ „ასე არ მოხდა, პირიქით, საქართველო ისეთი ქვეყნების ჯგუფთან გააერთიანეს, რომლებსაც გაწევრიანების უდიდესი შანსი აქვთ, ესენი არიან ბალკანეთის სახელმწიფოები. წინა შემთხვევაში ჩვენ უკრაინასთან ერთად განვიხილებოდით, უკრაინის საკითხი არც ისე მარტივია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ლატვიელი პოლიტოლოგის, სპუდსის მოსაზრების პარალელურად საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა სტატია („რას მიიღებს საქართველო ნატოს სამიტზე“? ჯოშუა კუცერა,  foreighnpress.ge) სადაც ლაპარაკია ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ნათქვამია, რომ  2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ თითქოს აღარ არსებობდა,  როგორც ჩანს, გამოსწორდა. ნატომ ამ ბოლო დროს შეცვალა საქართველოსთან დაკავშირებული რიტორიკა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად პირველად უწოდა მას „კანდიდატი“. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ განახორციელა „მნიშვნელოვანი პროგრესი“, რაც უნდა აღიარონ  ჩიკაგოში, ნატოს მაისის სამიტზე.

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი ამბობს, Eurasia Net-ის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია განმარტავს, რომ რეალურად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი არ აქვს. ავტორს არგუმენტად მოჰყავს Eurasia Net-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სამხედრო ჩინოვნიკის „აღსარება“, რომელიც თეთრ სახლთან გამართულ დიალოგებს ეხება.

ფრაგმენტი სტატიიდან: „პრეზიდენტმა ობამამ  ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების აღსაწერად წარმოთქვა სიტყვა „საბოლოო ჯამში“, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეთრი სახლი ისევ ისეთივე სიმტკიცით დაუჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, როგორც ამას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აკეთებდა 2008 წლის ომამდე, პოზიცია დიდი ევროპული ქვეყნებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს შეყვანას ნატოში, მაინც პრობლემად რჩება.

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა,  წმინდა გრაალია საქართველოსთვის, მაგრამ მიუღწეველი. ამ საკითხს სამიტზე უბრალოდ არ განიხილავენ: გაიხსენეთ, რომ ეს მაისში ხდება, იმ წლის მაისში, როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. „ეს ამერიკის საშინაო პოლიტიკის საკითხია, ასე რომ სამიტი კარგად უნდა ჩატარდეს. ჩვენ ისეთი ზედახორა, როგორიც 2008 წელს გვქონდა, აღარ გვჭირდება – დაპირისპირება ჩვენსა და გერმანელებს, პრო-ქართულ ბანაკსა და მათ შორის, ვინც საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დიდად მონდომებული არ არის, ასე რომ საქართველოს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მაგრამ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობა გამოსწორდა, ხოლო აშშ მადლიერია საქართველოსი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მისი კონსტრუქციული დამოკიდებულების გამო.

„ჰოდა, როგორ უნდა მოვახერხოთ საქართველოსთვის ჩვენი მადლიერების დემონსტრირება, როგორ მოვახერხოთ მათი დაჯილდოვება, თან ისე, რომ რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვაც არ წავახდინოთ“, იკითხა ოფიციალურმა პირმა. „რა ენით უნდა ილაპარაკო იმითვის, რომ საქართველოს დაეხმარო, შეუნარჩუნო გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, ბუქარესტის სამიტის განცხადებების რელევანტობა? აი ამგვარ პრობლემებს ერკინებიან ისინი (ადმინისტრაცია).

შეიძლება გადაიდგას რამდენიმე სიმბოლური, მაგრამ არაარსებითი ნაბიჯი: „როგორ უნდა ჩამოაყალიბო რიტორიკა ისე, რომ მათი სტატუსი აამაღლო, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განახორციელო?  საქართველო-ნატოს კომისიას ამატებ რაღაცას ახალს და ამით ადასტურებ პროგრესს? ყოველწლიურ ნაციონალურ პროგრამას აახლებ და აკეთებ იმას, რაც ჯერ არ გაკეთებულა? აი სწორედ ამას ცდილობენ ისინი“.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელსაც ველაპარაკე, დამეთანხმა, მაგრამ გვითხრა, რომ ამ ქმედებათა მიზანი რუსეთის დაშოშმინება კი არ არის, არამედ ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს არ აწყენინონ. უკეთესობის ნიშანი იმისთვის, რომ პროგრესი ვაჩვენოთ ის იქნება თუ „ჩვენი ალიანსის ურთიერთობის გამო ცოტას გავიღებთ“. განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთი დიდად არაა შეწუხებული იმ სვლებით, რომელიც გაკეთდა, თქვა მან“.

მოკლედ, სტატიის მიხედვით, საქართველოს კი ჰპირდებიან მხარდაჭერას, მაგრამ ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. არის თუ არა ასეთი პოზიციის გავრცელება  რუსული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შედეგი, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოს შესახებ მსოფლიოში ცალსახა განწყობა, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების დეფიციტის გამო ნაკლებად იგრძნობა.

როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, „თუ არ უნდათ და არ აპირებენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, აბა მაშინ რისთვის ლაპარაკობენ და წერენ ამდენს, რა ძალა ადგას აშშ-ს დიდ ბრიტანეთს ან თურქეთს, რომ ჩვენ გვაქოს, გვადიდოს და დაგვპირდეს ნატოში მიგიღებთო, ვინ სთხოვს ამას, ვინ აძალებს? მგონია, რომ რაც წერია ნატოს სამიტის დოკუმენტებში და რაც მოვისმინეთ, ეს უნდა ვირწმუნოთ. შესაძლოა, მართლაც ასეა, როგორც ამბობენ და ამოსავალი ეს უნდა იყოს. ვერანაირი ლობისტური კომპანიები ვერ აიძულებენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ნატოს 28 ქვეყანას, რომ ისეთი რამ გააკეთონ, რაც ჩიკაგოში მოხდა. შეთქმულების თეორიებს ნაკლებად უნდა დავუჯეროთ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს გულისთვის რუსეთის წინააღმდეგ არც ერთი ქვეყანა არ წავა და საბოლოო ჯამში, რუსეთის თანხმობის გარეშე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია.

ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ თუკი დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებამდე მივა, ასეთ შემთხვევაში მას რუსეთის უარი ვერ შეაფერხებს.

„ჩვენ რაც გვეხება, ის ყველაფერი უნდა შევასრულოთ, ლაპარაკია, როგორც არჩევნებზე, ასევე წინასაარჩევნო პერიოდზე, დემოკრატია მარტო არჩევნები არ არის და ამის გარდა კიდევ ბევრია გასაკეთებელი.  ძალზენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო ამ პერიოდისთვის ნორმალური ვითარება იყოს, მაგალითად, ღმერთმა არ ქნას, რაღაც მოხდეს ირანში ან რეგიონში, ეს ყველაფერი ხელისშემშლელი იქნება.

რაც შეეხება რუსეთის თანხმობას, ეს პოზიცია არ არის სწორი - ნატოში ვმუშაობდი 7 წელი, 1993-დან 2000-წლამდე და ამ პერიოდში ნატო-ში მიიღეს ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, მერე მიიღეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ყველა შემთხვევსაში რუსეთი იყო წინააღმდეგი და არც ერთ გაფართოებას  მხარს არ უჭერდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებენ, მაგრამ იმ დოზით არა, რომ საკუთარი ცხოვრება და ბედი მთლიანად რუსეთის კაპრიზებს დაუქვემდებარონ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, მისი ნატო-ში მუშაობის პერიოდში ათი ქვეყანა მიიღეს რუსეთის თანხმობის გარეშე და თუკი საქართველო ნატო-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, აქ რუსეთიოს პოზიცია შესაძლოა, სულაც არ იყოს გადამწყვეტი.