უწყებათშორის კომისიაზე ანდაზებით საუბრობენ

უწყებათშორის კომისიაზე ანდაზებით საუბრობენ

უწყებათშორისი კომისიის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ ერთ-ერთ მთავარ ინტერესის საგანს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე ანგარიშსწორების ფაქტების შესწავლა წარმოადგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის წევრმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პარტიებმა განაცხადეს, რომ მათ წარმომადგენლებს დაესხნენ თავს.

ზღულაძის განმარტებით, ასპინძის შემთხვევაში სამართალდამცველებმა შეძლეს გამოძიების დასრულება, ეჭვმიტანილები იდენტიფიცირებულები არიან და შესაბამისი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ხობის შემთხვევაში კი, გამოძიებამ შედეგი სწრაფად ვერ მოიტანა, თუმცა შს სამინისტროს განცხადება ცხადყოფს, რომ სამინისტრო მოტივირებულია, ეს საქმე გამოუძიებელი არ დარჩეს.

„ხობის შემთხვევაში გამოძიებამ შედეგი სწრაფად ვერ დადო, თუუწყებათამცა განცხადება, რომელიც სამინისტრომ გააკეთა და ის ჯილდო, რომელიც გამოაცხადა წახალისების მიზნით, ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ საქმე გამოუძიებელი არ დარჩეს“, - განაცხადა ეკა ზღულაძემ. სუბარია იმაზე, რომ შსს-მ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავას ფიზიკური შეურაცხყოფის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციაზე 10 ათას ლარიანი ჯილდო დააწესა. თუმცა უნდა აღინიშნოს, მაშინ როდესაც ეკა ზღულაძე გვარწმუნებდა, რომ უწყებათშორისი კომისია პოლიტიკური პარტიების წევრებზე ზეწოლის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სწორედ ამ დროს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ გივი ოთარაშვილს საკუთარი სახლის ეზოში ორი უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზკურად გაუსწორდა.

გარდა ზემოთქმულისა, ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ უწყებათაშორისი კომისია „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ მოუწოდებს ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და საჯარო სკოლებს, არჩევნების დასრულებამდე დაგეგმილი ან მიმდინარე შემცირების პროცესი შეაჩერონ, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები მოიხსნას.

მართალია ქალბატონი ზღულაძე გვარწმუნებს, რომ უწყებათშორისი კომისია წინასაარჩევნო პერიოდში ყველანაირი დარღვევის ფაქტს გამოავლენს და მასზე რეაგირებასაც მოახდენს, მაგრამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილები. მაგალითად, საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახი კახიშვილი ამბობს, რომ ამ კომისიის დებულებაში არ წერია, დარღვევის შემთხვევაში როგორ უნდა დაისაჯოს კონკრეტული ჩინოვნიკი.

„როდესაც რამე კომისია იქმნება, მას უნდა ჰქონდეს იმის უფლება-მოსილება, რომ დარღვევის შემთხვევაში თვითონ მოახდინოს რეაგირება და არ მიმართოს იმ უწყებებს, რომლებიც შემჩნეულები არიან იმაში, რომ მათი თანამშრომლების მიერ დარღვევების ჩადენაზე არ რეაგირებენ. როდესაც სახელმწიფოს სურვილი იყო, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ყოფილიყო დასჯადი, ჩვენ ვნახეთ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ კანონში როგორი ძლიერი და მკაცრი სანქციები დააწესეს. ამ უწყებათშორის კომისიას კი არ აქვს უფლება, გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს და მეტიც, დამრღვევის მიმართ არანაირი სანქციებიც არ აქვს დაწესებული“, - აღნიშნავს კახი კახიშვილი.

იგი ამბობს, რომ უნდობლობა აქვს იმ კომისიის მიმართ, რომელიც სწორედ იმ უწყებების თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც თავად არიან შემჩნეულები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. აქვე კახიშვილი სვამს კითხვას - თუკი ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიაში მონაწილეობის უფლება არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას მისცა, მაშინ გაუგებარია, უწყებათშორის კომისიასთან დაკავშირებით რატომ იგივე არ გააკეთა?

აქედან კახიშვილი ასკვნის, რომ ეს უწყება ფაქტების ობიექტური შესწავლით არ არის დაინტერესებული, ეს უბრალოდ იქნება სამსახური, რომლის შესახებაც ყველგან იქნება დაანონსებული, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს კომისია დამრღვევი თანამდებობის პირების მიმართ ადექვატურ რეაგირებას მოახდენს.

„ამ კომისიამ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს რეკომენდაციით უნდა მიმართოს. მე კი ცოტა უხერხულად მეჩვენება, რომ უწყების ხელმძღვანელს მისმა მოადგილემ მიმართოს, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს კომისია მინისტრების მოადგილეებით არის დაკომპლექტებული. გასაგებია, რომ მისი ხელმძღვანელი უშიშროების საბჭოს მდივანია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა უცნაურად მეჩვენება, როგორ შეიძლება მინისტრის მოადგილემ მინისტრს მისწეროს რეკომენდაცია - ეს ასე გააკეთეო“, - აღნიშნავს კახი კახიშვილი presage.tv-სთან საუბარში.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, იგი ვერ გამორიცხავს, რომ ეკა ზღულაძის განცხადებები ჰილარი კლინტონის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტით არის გამოწვეული, რათა ეს თემა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უთუოდ იქნება განხილული, გაზავებული იყოს ამგვარი „ჰუმანური“ განცხადებებით.

„ნათქვამია აღდგომა და ხვალეო, ქალბატონი კლინტონი ჩამოვა და წავა და როგორ განხორციელდება ფავორიტი მინისტრის ფავორიტი მოადგილის მოწოდებები, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მინდა ქალბატონ მინისტრის მოადგილეს ვუსურვო, აღსრულდეს ის, რასაც იგი აცხადებს, თუმცა ვიმეორებ, ნათქვამია აღდგომა და ხვალეო“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი presage.tv -სთან საუბარში.

იგი არ ფიქრობს, რომ ამგვარ კომისიაში სავალდებულოა იყოს მაღალი რანგის ჩინოვნიკთა ნაკრები, რადგან მათ ისედაც, ყოველგვარი კომისიის გარეშე აქვთ კანონიერების ფარგლებში მოქმედების ვალდებულება.

„ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ანტიკორუფციული კომისიის არსებობის მწარე გამოცდილება, რომელსაც პროკურორთუხუცესი ზურიკელა ადეიშვილი თავკაცობს, რაც მხოლოდ იმაში გამოიხატება - ვიძახით, რომ ქვეყანაში კორუფცია აღარ გვაქვს. როდესაც მგელს აბარებ ცხვრის ფარას, დემოკრატიაზე საუბარი გაჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ამ კომისიის შემადგენლობა უნდა ბადებდეს ნდობას. ეს კომისია კი ნაცვლად საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისა, იმ ჩინოვნიკებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც სამართლიანი ადამიანებისა და გულწრფელი მოქალაქეების სახელი არ დაუმსახურებიათ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

„ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერ მაია ფანჯიკიძეს ამ კომისიის შესახებ რამის თქმა უჭირს, რადგან კომისიას ჯერ მუშაობა არ დაუწყია, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, არც მას სჯერა, რომ კომისია იმ დანიშნულებას შეასრულებს, რისთვისაც იგი შეიქმნა.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი რამ ფასადურად კეთდება იმისთვის, რომ ამ ფასადის მიღმა შეინიღბოს ძალიან ბევრი თემა (არჩევნები იქნება, თუ სხვა საკითხები), მე პირადად ამ კომისიასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ მექნება. ძალიან ხშირად არის ხოლმე სიტუაცია, რომ ადამიანი გაიფიქრებ - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ასეთი არ აღმოჩნდეს ამ კომისიის მუშაობაც“, - აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე.