ირაკლი შენგელაია: როდესაც ხელისუფლებაში დიდი უპირატესობით მოდიხარ, უმცირესობის აზრის გაზიარების სურვილს კარგავ

ირაკლი შენგელაია: როდესაც ხელისუფლებაში დიდი უპირატესობით მოდიხარ, უმცირესობის აზრის გაზიარების სურვილს კარგავ

„მართალია ოცი წელი მოვუნდით რაღაცეების გაგებას, კიდევ ერთი ათი წელი დაგვჭირდება, რომ რაღაცეები გავარკვიოთ, მაგრამ მე, მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს.  და 1990 წლიდან თუ ავთვლით, ნახევარ საუკუნეში დავლაგდებით“ - ასე აფასებს ირაკლი შენგელაია 1990 წლის 28 ოქტომბერს გამართული პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მიერ განვლილ ოც წლიან მონაკვეთს. 

 

პუბლიცისტი პრესა.გე-სთან საუბრისას წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნების მიმდინარეობის პროცესსაც იხსენებს და საუბრობს როლზე, რომელიც ამ არჩევნების შედეგებმა პოლიტიკური პროცესების შემდგომ განვითარებაში ითამაშა. 

 

რა სიტუაცია იყო 1990 წლის 28 ოქტომბერს და რას ნიშნავს ეს დღე ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიისთვის?

– ეს იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები და მას დიდი დატვირთვა ჰქონდა. რაც შეეხება სიტუაციას, ის მაინცდამაინც კარგი არ იყო. მოგეხსენებათ, ორი დღის შემდეგ, 1990 30 ოქტომბერს ჩატარდა ეროვნული კონგრესის არჩევნები.

 

მათ გამართვამდე, ორი თვის განმავლობაში ორივე არჩევნების საარჩევნო კამპანია ერთდროულად იმართებოდა. ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ საბოლოო ჯამში მოსახლეობამ ვერ გაიგო რატომ იყო და ვის სჭირდებოდა ეს ორი არჩევნები. ასე, რომ ფონი მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო.

 

ეს გაურკვევლობა როგორ აისახა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე?

– ბუნებრივია, ამ გაურკვევლობამ განაპირობა ის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ სხვებთან შედარებით ძალიან მაღალი შედეგი მიიღო. თუმცა, აქვე ერთ კორექტივს შევიტან და ვიტყვი, რომ როდესაც 28 ოქტომბრის არჩევნების პირველადი შედეგები დაჯამდა, გამოცხადდა, რომ 4%-იანი საარჩევნო ბარიერი სამმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა - ბლოკმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ“ და ბლოკმა „თავისუფლება“.

 

მოგვიანებით, საბოლოო შედეგების დაჯამების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ბარიერს მიღმა აღმოვჩნდით. არ ვიცი ვინ და როგორ, მაგრამ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ის რამდენიმე ათასი ხმა დაგვაკლდა იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში ბიულეტენები გაგვიყალბეს. თუმცა მაშინ ვერ დავადასტურეთ ეს ვინ გააკეთა. რადგან საარჩევნო კომისიები მეტად ფარღალალა იყო.

 

ამ კუთხით ქვეყანაში დღესაც არ არის წესრიგი და ხომ წარმოგიდგენიათ მაშინ რა ხდებოდა - ვისაც არ ეზარებოდა შედი-გამოდიოდა ამ კომისიებში. ამიტომ ჩვენ აღმოვჩნდით გარეთ. უზენაეს საბჭოში კი შევიდნენ „მრგვალი მაგიდის“ „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლები, ასევე რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი  „სახალხო ფრონტიდან“ და  „ეროვნული კონგრესიდან“.

 

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა, რომ ბლოკ „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ მმართველობა, რომელმაც ამ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების დიდი უმრავლესობა მიიღო ძალიან მალე დასრულდა და არც თუ სახარბიელოდ?

– 1990 წელს, „ცისკარში“ გამოქვეყნდა ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ინტერვიუ, მომზადებული ჟურნალის კითხვარების მიხედვით. იქ ვთქვი, რომ ამ არჩევნებში მთავარი იდეა უნდა ყოფილიყო - ყველა უმცირესობაში! არავის არ უნდა ეცადა სხვა პოლიტიკური ძალის ხმების მიტაცებას და საკუთარ ამომრჩეველს დასჯერებოდა.

 

ისიც აღვნიშნე, რომ მას, ვინც დიდი უპირატესობით მოვიდოდა ხელისუფლებაში, მას ხელისუფლების უზურპირების საშიშროება შეექმნებოდა. მტერს აუხდა ისე, როგორც ჩემი ეს ნათქვამი ახდა. ეს ინტერვიუ 20 წლის წინ დაიბეჭდა. ასე, რომ ახალს არაფერს ვიგონებ.

 

 

ანუ,  თავისუფლებისა და დემოკრატიის ლოზუნგით მოსულმა „მრგვალმა მაგიდამ“ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა?

– რა არის იცით, როდესაც ხელისუფლებაში ამხელა უპირატესობით მოდიხარ, უმცირესობის აზრის გაზიარების სურვილს კარგავ. საპარლამენტო უმცირესობის აზრს არ ვგულისხმობ. არამედ გარეთ დარჩენილ პარტიების. როდესაც ასეთი ანგარიშით იგებ, ბუნებრივად ჩნდება საკუთარ თავში თვით დაჯერება. ამას გარდა, ეს ორგანიზაცია თავადაც მრავალფეროვანი იყო.

 

უამრავი სუბიექტისგან შედგებოდა. შემდეგ, მოხდა შიდა დაპირისპირება. მეტად არასასიამოვნოა, როდესაც „მრგვალი მაგიდის“ წარმომადგენლები დღეს, ხელს სხვებისკენ იშვერენ უცნაური ბრალდებებით. საკუთარ თავს მიხედონ.  განხეთქილება დაიწყო „მრგვალი მაგიდიდან“ და ვაი-უშველებელი რომ ატყდა, ისევ შიდა განხეთქილების შედეგად ატყდა.

 

 

საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მაღალი პროცენტის აღება ქართულ პოლიტიკაში თითქოს ტრადიციად რატომ იქცა?

– ყოველთვის ვამბობ, დღესაც ვიმეორებ და მომავალშიც ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი განაპირობა ერთიანი პარტიული სიების უგვანო საარჩევნო წესმა და ეს, დღესაც ასეა. ქართული პოლიტიკური სპექტრი სამწუხაროდ ჯერ ვერ მივდია იქამდე, რომ ერთიან პარტიულ სიებზე უარი განაცხადოს. 

 

იმის მაგივრად, რომ მაჟორიტარული არჩევნები მოაწესრიგონ, ისე როგორც ამ სისტემას შეჰფერის და არ იმართებოდეს კვოტირებული პრინციპით, როგორც დღეს არის, როცა ექვსი ათასი ამომრჩეველიც და ასი ათასი ამომრჩეველი ერთ დეპუტატს ირჩევს, ახლა სურთ, რეგიონული პარტიული სიებით ჩაანაცვლონ მაჟორიტარული არჩევნები. პოლიტიკურ სპექტრს, სადაც ასეთი განწყობაა კარგახანს არაფერი ეშველება. შესაბამისად მანამდე საქართველოს პარლამენტი ყველა ჯგუფის წარმომადგენლით გაჯერებული ვერ იქნება.

 

ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც 1995 წლის არჩევნები, როდესაც პარტიული სიებით გასულმა სამმა სუბიექტმა ჯამში 39% დააგროვა, 61%-ის მფლობელი პარტიები კი, პარლამენტს გარეთ დარჩა. რამაც ქართული პოლიტიკური სისტემა საერთოდ გაანადგურა. ეს ვითარება დღემდე გრძელდება.

 

პოლიტიკას აქვს ის თავისებურება, რომ ამომრჩეველი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ხშირად ვარდება. მმართველობის ყველაზე ოპტიმალური სისტემა, მიუხედავად თავისი ბევრი ნაკლისა, შეერთებულ შტატებშია. თქვენ ხედავთ, რა უპირატესობით მოვიდნენ დემოკრატები ხელისუფლებაში. ორი წელია გასული და რეიტინგის თვალსაზრისით ეს ორი წელი დემოკრატებისთვის სრული კატასტროფაა.

 

ეს რყევები სამწუხაროდ, ყველა საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. ამას ვერსად გავექცევით. მაგრამ, ამავდროულად, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს რა სისტემით უნდა ყალიბდებოდეს ხელისუფლება საქართველოში. ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატო ახლახან მიღებული კონსტიტუციის მიმართ. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ეს არ არის კარგი კონსტიტუცია. 

 

ამ ცვლილებებში მაინც  რა არის თქვენთვის ყველაზე მიუღებელი?

– სახელისუფლებო შტოების უფლებამოსილებები გაიმიჯნაო რომ ამბობენ, ვერ გავიგე რას გულისხმობენ. ახალი კონსტიტუციით ერთადერთი რაც გაიმიჯნა ეს, პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებებია.

 

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ გვგონია წინ მივდივართ, მაგრამ ოცი წელია ერთ ადგილს ვტკეპნით?

– არა, მთლად ასე არ არის, რადგან საზოგადოება პოლიტიკურად მაინც ვიტარდება. ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ არც ეს სისტემა ვარგა და მერე ნორმალური სისტემის მოფიქრებას დავიწყებთ. სამწუხაროა, რომ ასევე ვერ მოხდა ტერიტორიული აგების პრინციპის დამკვიდრება საქართველოში. დაგვრჩა ისევ ის უდღეური რაიონები და რაღაც გაუგებარი გადანაწილება მანდატებისა.

 

ვიდრე საქართველოში სამხარეო თვითმმართველობის შემოღება არ მოხდება, ვერც პოლიტიკური სისტემა დალაგდება.