სააკაშვილმა პატრიარქს შვედეთში ჩააკითხა და ქუთაისში პარლამენტის გახსნაზე დასწრება სთხოვა

სააკაშვილმა პატრიარქს შვედეთში ჩააკითხა და ქუთაისში პარლამენტის გახსნაზე დასწრება სთხოვა

ქუთაისში 26 მაისს, პარლამენტის ახალი შენობის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შვედეთში ჩააკითხა, სთხოვა საქართველოში 26 მაისამდე დაბრუნებულიყო და პარლამენტის ახალი შენობა ეკურთხებინა, რაზეც უარი მიიღო. ამით განაწყენებულმა სააკაშვილმა დარდის გასაქარვებლად რამდენიმე ჭიქა სასმელი მიირთვა, რამაც მისი ჯანმრთელობის დროებით მოშლა გამოიწვია.

ეს ინფორმაცია  presage.tv-მ ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროსგან შეიტყო და საპატრიარქოში გადაამოწმა. ამ ეტაპზე დადასტურებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ მისი უწმინდესობა ნამდვილად შვედეთში იმყოფება - პატრიარქი და მისი თანხმლები პირები პარიზიდან შვედეთში გაემგზავრნენ ფონდ “იავნანას“ ორგანიზებით გამართული საქველმოქმედო კონცერტის მეორე დღეს და 30 მაისს, საღამოს საქართველოში სწორედ შვედეთიდან დაბრუნდებიან.

რაც შეეხება სააკაშვილის შვედეთში ჩასვლის შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, ამას საპატრიარქოში, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზში 19 მაისს, "სოლ პლეიელის" საკონცერტო დარბაზში ფონდ "იავნანას" ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს: თამარ გვერდწითელმა, პაატა ბურჭულაძემ, სოფო ნიჟარაძემ, ანიტა რაჭველიშვილმა, ბადრი მაისურაძემ და თეონა დვალმა.

კონცერტზე პატრიარქის საგალობლის "SUNCTUS” (“წმინდა არს”) პრემიერაც შედგა, რომელიც მარიამ როინიშვილმა, ანიტა რაჭველიშვილმა, პაატა ბურჭულაძემ და ბადრი მაისურაძემ შეასრულეს.

“საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საქართველოს საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარიზში გამართული საქველმოქმედო კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა:

"ქართული სიმღერა, ქართული საგალობელი არის უნიკალური მსოფლიოში. ჩვენი სურვილი იყო და არის, რომ ეს უნიკალური სიმღერის ჰანგები გავაცნოთ ევროპას და მთელ მსოფლიოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველ წელიწადს გამორჩეულ გუნდს თუ ადამიანს, მიენიჭოს საქართველოს საპატრიარქოს პრემია 10 ათასი ევროს ოდენობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, 14 მაისს დაწესდეს ქართული სიმღერისა და გალობის დღესასწაული".

"იავნანას" საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით ხარიტონაშვილების რვასულიან ოჯახს ბინა გადაეცა.

კონცერტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.