30, 100 თუ 200 ათასი

30, 100 თუ 200 ათასი

„ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეების რაოდენობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გუშინ თავისუფლების მოედანზე 200 ათასამდე კაცი იყო მისული. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა 40 ათასს არ აღემატებოდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური პროგრამა „Google map“-ით დათვალა აქციის მონაწილეთა ოდენობა და 110 ათასი მიიღო.

თავისთავად მიუღებლია აქციის მონაწილეების რაოდენობაზე ასეთი სპეკულაციები, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გამოსული თუნდაც 50 ადამიანის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. საქართველოში კი, რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოიყვანოს ოპოზიციამ, ხელისუფლებას მათი ოდენობა სულ ეცოტავება. საინტერესოა, რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ ხელისუფლება მათი პოზიციით დაინტერესდეს? აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოეული მიტინგზე გამოსული ადამიანის უკან მისი ოჯახი დგას, რომელიც ძირითადად, ხშირად, ერთ პოლიტიკურ პოზიციაზეა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ძალიან მრავალრიცხოვანი საპროტესტო კონტინგენტი, რომელიც არასოდეს დადის მიტინგებზე, მაგრამ არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილოა და პოტენციურად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს წარმოადგენს, ანუ ე.წ. „ტელევიზორთან მჯდომი“ ამომრჩეველი, რომელიც მოვლენებს სახლიდან აკვირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკანასკნელ წლებში საპროტესტო აქციებზე ძირითადად რევოლუციურად განწყობილი ადამიანები დადიან და როგორც წესი, ოპოზიციის მხრიდან დაპირებაც ასეთია ხოლმე - „დღეს ჩვენ დავამთავრებთ სააკაშვილის ხელისუფლებას“, ან „რამდენიმე დღეში დავამთავრებთ სააკაშვილის რეჟიმს“ და ა.შ. ხოლო როდესაც გაირკვევა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, ამას შედეგად მოსდევს მიტინგზე მისული ადამიანების იმედგაცრუება და ოპოზიციისადმი რწმენის დაკარგვა. გუშინდელ აქციაზე კი ადამიანები მისულები იყვნენ არა „მიშა მოვდივარ“-ს ძახილით და არა იმისთვის, რომ ვინმე სადმე შევარდნილიყო, არამედ ეს იყო წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა.

ამ აქციასთან დაკავშირებით არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ იმ დღესვე რამე გადაწყდებოდა ან შეიცვლებოდა. ამდენად, აქ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა იყო მოსული, რომელმაც უბრალოდ თავისი პოზიცია დააფიქსირა და ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე სახლებში წავიდა.

„ქართული ოცნების“ მხრიდან კი ეს აქცია ერთგვარად ძალის დემონსტრირება იყო.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი იყო გუშინდელ აქციაზე, როგორც მოგახსენეთ, მოსაზრებები სხვადასხვანაირია. ამ თემაზე presage.tv-სთან საუბარში ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოთქვა მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ. მან მოგვაწოდა ფოტო, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვიზიტის დროს თავისუფლების მოედანზე არის გადაღებული. აქ კარგად ჩანს, რომ ხალხი მოედანზე არის შეკრებილი და აქციის მონაწილეთა კუდები პუშკინის ქუჩისა და რუსთაველის გამზირისკენ არის მიმართული, მაგრამ მალევე მთავრდება (გუშინდელ აქციაზე კი რუსთაველის გამზირი პრაქტიკულად სავსე იყო მომიტინგეებით).

ვასილ მაღლაფერიძე იხსენებს, რომ ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ თავისუფლების მოედანზე 150 ათასი კაცი იყო შეკრებილი. მაღლაფერიძე ამბობს, ამ ორი აქციის შედარება უკვე უნარ-ჩვევების საკითხია და მეტი არაფერიო.

თავად აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე 200 ათასამდე ადამიანი იყო. „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური, რომელიც აქციის ორგანიზაციულ საკითხებს კურირებდა, presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვისაც ამ მონაცემის გადამოწმება სურს, შეუძლია ყველაზე ხალხმრავალ დროს, ანუ დაახლოებით დღის სამი საათიდან გადაღებული ფოტოები ნახოს. ძიძიგურის განცხადებით, იმის გამო, რომ ხალხი ძალიან მჭიდროდ იყო განლაგებული, ბიძინა ივანიშვილს ცენტრალური ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე მოსვლისთის საათნახევარზე მეტი დრო დასჭირდა.

ზვიად ძიძიგური აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან დაკავშირებით  საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმება.

„ინტერპრესნიუსმა“ კვადრატულ მეტრზე ოთხი კაცი იანგარიშა, მაგრამ ადამიანები აქციაზე ისე მჭიდროთ იდგნენ, რომ ამ შემთხვევაში ეს გათვლა კვადრატულ მეტრზე მინიმუმ ექვს კაცზე მაინც უნდა გაკეთდეს. კონსერვის კოლოფში თევზები რომ მჭიდროდ არის ჩალაგებული, დაახლოებით ასე იყო ხალხი ამ აქციაზე. ამის გამო, ძალიან ბევრს გული წაუვიდა და მათ წყალს და სააფთიაქო საშუალებებს ვაწოდებდით. ვინც დაინტერესებულია აქციაზე მყოფი ადამიანების რეალური რაოდენობით, შეუძლიათ აიღონ ეს კადრები, ნახონ და თავად დარწმუნდებიან ჩემს ნათქვამში“, - ამბობს ზვიად ძიძიგური.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი აქციაზე საუბრისას ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ როდესაც აქცია მოძრაობს, მაშინ შეუძლებელია მასში მონაწილეთა რაოდენობის განსაზღვრა, რადგან შეიძლება აქცია ისე გაიწელოს, რომ კაცი ილუზიაში ჩავარდეს. ირაკლი წერეთელის თქმით, როდესაც მიტინგი დაიწყება და მოძრაობა შეწყდება, ამ პერიოდში რა ტერიტორიაც შეკრებილ საზოგადოებას უკავია, იმის ფართობი უნდა გამრავლდეს მაქსიმუმ სამ კაცზე და ასე მიიღება აქციაში მონაწილეთა რაოდენობა.

„გუშინ მე აქციაზე არ ვყოფილვარ. ამიტომ ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზოგადად რა ფართობიც მომიტინგეებს უკავიათ, ის უნდა გამრავლდეს მაქსიმუმ სამ კაცზე. შეუძლებელია გუშინ 200 ათასი კაცი ყოფილიყო, რადგან 200 ათასი არის, თუკი გაივსება თავისუფლების მოედანი, მთლიანად რუსთაველის გამზირი და პლიუს ამას რესპუბლიკის მოედანი. მთელი ეს ტერიტორია თუ გაივსება, მაშინ არის 200 ათასი კაცი შეკრებილი. გუშინ კი ამდენი ხალხი არ ყოფილა“, - ამბობს ირაკლი წერეთელი, რომლის აზრითაც გუშინდელ აქციაზე შეიძლება მაქსიმუმ 100 ათასი კაცი ყოფილიყო.

„სახალხო კრების“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობის შესაფასებლად საჭიროა აქციას ზემოდან გადახედოს.

„ჩვენ ხალხში ვიდექით და ზემოდან აქციის დანახვის საშუალება არ მქონია. ერთი კი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ აშკარად ძალიან ბევრი ხალხი იყო. როგორც მითხრეს, მეტრო თავისუფლების მოედნის წინ ძალიან დიდი სიმჭიდროვე იყო, ხალხი ძალიან ბევრი იყო რუსთაველის თეატრის წინაც. საერთოდ კი მინდა გითხრათ, რომ ხშირად მომიტინგეთა რაოდენობებს არასწორად ვაფასებთ ხოლმე. თავის დროზე იპოდრომზე რომ გაიმართა აქცია, მე მაშინ ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი და კარგად მახსოვს, ზემოდან რომ გადმოვხედე, ამ რაოდენობის ხალხი არ მინახავს, ეროვნული მოძრაობის დროსაც კი. იპოდრომზე მაშინ დაახლოებით 100 ათასი კაცი იყო მოსული“, - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისისთვის 50-60 ათასიანი მიტინგიც კი ძალიან ხალხმრავალია. ბათიაშვილს მაგალითად მოჰყავს მოსკოვი, სადაც რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ოპოზიციამ იქ დაახლოებით 50 ათას კაცზე მეტის შეგროვება ვერ მოახერხა. თბილისისთვის კი ეს ძალიან დიდი რიცხვია და მით უფრო, თუკი გუშინდელ აქციაზე ამაზე მეტი ადამიანი იყო მისული.

სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვს, რაც „ინტერპრესნიუსმა“ გააჟღერა. გორგილაძე ამბობს, რომ “Google map”-ის მეშვეობით გაზომა ხალხით დაფარული ტერიტორიის ფართობი.

„თავისუფლების მოედანზე არის დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრი, 20 000 კვადრატული მეტრი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ხალხით იყო დაფარული და პუშკინის ქუჩის ის მონაკვეთი, სადაც ხალხი იდგა, არის დაახლოებით 8 000 კვადრატული მეტრი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქციის ფარგლებში იყო მონაკვეთები, რომლებზეც ხალხის სიმჭიდროვე განსაკუთრებით მაღალი იყო და იყო ადგილები, სადაც სიმჭიდროვე დაბალი იყო, განსაკუთრებით თავისუფლების მოედანზე. მთლიანობაში, ხალხით დაახლოებით 40 ათას კვადრატულ მეტრამდე იყო დაფარული და განსხვავებული სიმჭიდრობის გათვალისწინებით, თუ ამ მონაცემს გავამრავლებთ სამზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქციის მონაწილეთა ოდენობა 100-დან 120-130 ათასამდე მერყეობდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. მართალია, მე მქონდა მოლოდინი, რომ ამაზე მეტი ადამიანი მივიდოდა ამ აქციაზე, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხაზგასასმელია აქციის კარგი ორგანიზაცია“, - ამბობს ვალერიან გორგილაძე.