მომხმარებლებთან ურთიერთობის გადატვირთვის მეორე წრე

მომხმარებლებთან ურთიერთობის გადატვირთვის მეორე წრე

საქართველოს ეროვნულ ბანკს, „კრედიტინფო საქართველოსა“ და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნა, ბაზაში არსებული შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ არსებული ინფორმაციის შენახვის ვადა კი 7-დან 5 წლამდე შემცირდა. კომერციული ბანკები შეთანხმდნენ, რომ მომხმარებლის შესახებ „კრედიტინფო საქართველოში“ არსებული მონაცემი მსესხებლისთვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იქნება. ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის რეკომენდაცია ხელისუფლებისგან მოდის და, რომ ბანკებს ამ მითითების შესრულება მაინცდამაინც არ უნდა უნდოდეთ.

მემორანდუმის თანახმად, „კრედიტინფო საქართველოსთან“ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკები, სალიზინგო კომპანიები, საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტები ან სხვა პირები, რომლებიც გასცემენ სესხს, საქონელს ან მომსახურებას კრედიტით, „კრედიტინფო საქართველოს“ მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ერთიან ინფორმაციას იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც მათ მიმართ სრულად ან არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს.

მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე „კრედიტინფო საქართველო“ აწარმოებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ერთიან საკრედიტო ისტორიას, რომელიც ასახავს სუბიექტის მიერ როგორც სრულად, ასევე არასრულად შესრულებულ ან/და შეუსრულებელ ვალდებულებას. პოზიტიური ისტორიის შენახვის ვადად 7 წელი განისაზღვრა, ნეგატიური ისტორიის შენახვის ვადა კი 5 წელია (ნაცვლად აქამდე არსებული 7 წლისა).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს საკრედიტო აქტივობის ზრდას და მოქალაქეებისთვის სესხების აღებას უფრო გაამარტივებს, ე.წ. შავი სიები კი აღარ იარსებებს. 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ კომერციულ ბანკებში აცხადებენ, რომ კრედიტი ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კრიზისის პერიოდში სესხის გადახდისას პრობლემები შეექმნათ, მაგრამ შემდეგ ვალდებულებები დაფარეს.

„ამჟამად „კრედიტინფო-საქართველოს“ ბაზაში დაახლოებით 2 მლნ ჩანაწერია. არსებობს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ჩანაწერთა ბაზა. მომავალი წლიდან ჩვენ ამ ბაზებს ვაერთიანებთ. ეს არ იქნება მექანიკური გაერთიანება. აქამდე ბანკებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ, მომხმარებელს რა ოდენობის თანხის დავალიანება ჰქონდა და რამდენი ხნის განმავლობაში. ამის გამო მათ გადაწყვეტილების მიღება უჭირდათ. ახალი მონაცემთა ბაზა იძლევა იმის საშუალებას, რომ ბანკებმა ეს დეტალები გაარკვიონ“, - ამბობს „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე გიუნაშვილი.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურა გვასალია მიიჩნევს, რომ ახალი მემორანდუმი პოზიტიური ნაბიჯია როგორც საბანკო სისტემისთვის, ისე მომხმარებლებისთვის: „აქამდე ბანკებს არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ გაერკვიათ, რატომ შეექმნა მომხმარებელს სესხის დაფარვისას პრობლემა. ახლა ინფორმაცია ცენტრალიზებულია და ბანკი თავად არკვევს მსესხებლის საკრედიტო ისტორიის დეტალებს. თუ მომხმარებელი ვადაგადაცილებულ სესხს ფარავს, ის შემდეგ ავტომატურად ხვდება პოზიტიურ ჩანაწერებში. აქამდე, თუ პრობლემური სესხი იფარებოდა, მომხმარებელი მაინც რჩებოდა „შავ სიაში“ და ბანკები მისთვის კრედიტის მიცემაზე უარს ამბობდნენ“.

„კრედიტინფო - საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა რაოდენობამ ამ დროისთვის 2 000 000-ს გადააჭარბა. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, პოზიტიურ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი - 58.51 პროცენტია, ნეგატიურ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი კი 43.28 პროცენტი. ამავე დროს, მონაცემთა ბაზაში ძებნადია 765 665 ფიზიკური პირი და 11 086 კომპანია.

2006-2007 წლების საკრედიტო ბუმი ქართული საბანკო სექტორისთვის მწარე გაკვეთილი იყო. პრობლემად ის მსესხებლები იქცნენ, რომელთაც კრედიტები ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ჰქონდათ აღებული. ბანკებს ასეულობით ათასი ლარის პრობლემური სესხი დაუგროვდათ. თუ „კრედიტინფო-საქართველოს“ ე.წ. შავ სიაში 2008 წელს 142 000 ვადაგადაცილებული სესხი იყო აღრიცხული, ამ ციფრმა 2009 წლის ბოლოს 300 ათასს მიაღწია. არაკეთილსაიმედოთა სიაში შეყვანილი მომხმარებლებისთვის კი ნებისმიერი ბანკის კარი 7 წლით ჩაირაზა. ზოგიერთ ბანკს მსესხებლები უმნიშვნელო დარღვევისთვისაც კი განგებ შეჰყავდა „შავ სიაში“ და ამით კონკურენტ ბანკებსაც საქმეს უფუჭებდა.

როცა ფინანსური კრიზისის გამო ბანკებში სესხის აღების მსურველთა რიცხვმა იკლო და ბანკებს ჭარბად დაგროვილი კაპიტალის მომსახურება გაუჭირდათ, საბანკო სექტორმა კრედიტები გააიაფა და პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობის გადატვირთვა გადაწყვიტა. გასული წლის ამავე პერიოდში ყველა წამყვანი ბანკი ერთხმად აცხადებდა, რომ კრედიტის გაცემისას „კრედიტინფო საქართველოში“ არსებული ინფორმაციის გათვალისწინება სავალდებულო არ იქნებოდა. თუმცა, რეალობაში მომხმარებელთან ლოიალური საკრედიტო პოლიტიკის ამოქმედება ვერ მოხერხდა: სესხი არ მისცეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც „კრედიტინფო საქართველოს“ ნეგატიურ ჩანაწერთა ბაზაში მხოლოდ რამდენიმედღიანი დაგვიანების გამო აღმოჩნდნენ. ბევრ ბანკში მომხმარებლებს უარი უთხრეს დავალიანების ფართოდ რეკლამირებულ რესტრუქტურიზაციაზეც.

19-დან 7-მა ბანკმა, მათ შორის ბანკმა „რესპუბლიკამ“, წლევანდელი წლის პირველი ნახევარი წაგებით დაასრულა. წაგებაზე მუშაობის მთავარი მიზეზი სწორედ კრედიტების შეზღუდვა გახდა. „კრედიტინფო-საქართველოს“ შავ სიაში მოხვედრის გამო ბანკებმა უამრავი პოტენციური მომხმარებელი დაკარგეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 95 მილიონი ლარი შეადგინა, დეპოზიტების მოცულობამ კი 4 მილიარდს გადააჭარბა. ამავე დროს ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა 226-დან 202 მილიონ 500 ათას ლარამდე შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას შეფასებით, ბანკების აქტივებისა და დეპოზიტების ზრდა საბანკო სფეროს კრიზისიდან გამოსვლაზე მიუთითებს. ბანკები დაკრედიტების გაზრდის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პრობლემური სესხების ოდენობის შემცირება იძულებითი ღონისძიებების შედეგია და, რომ საბანკო სექტორი იდეალური მდგომარეობისგან ჯერ კიდევ შორსაა:

„ე. წ. შავი სიის გაუქმება და ლიბერალურ საკრედიტო სისტემაზე გადასვლა ხელისუფლების რეკომენდაციაა. ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ საბანკო სისტემამ კრედიტები გასცეს და ეკონომიკას სტიმული მისცეს. ბანკები ახლა ორ ცეცხლს შუა არიან. ერთი მხრივ მათ უნდა შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაცია, მეორე მხრივ კი კრედიტების გაცემის ეშინიათ. კრიზისი დასრულებული არ არის და რისკი, რომ გაცემული სესხები უკან ვეღარ დაიბრუნონ, ჯერ კიდევ დიდია. ამდენად, ბანკებისგან კრედიტების გაცემის გამარტივებას არ უნდა ველოდოთ“.

ბანკების მიერ საკრედიტო შეზღუდვების მოხსნისა ბევრ მომხმარებელს არ სჯერა. როგორც კულუარებში ამბობენ, ახალი ინიციატივა სებ-ის პრეზიდენტს „ლარიზაციის“ ჩავარდნილი პროცესის შემდეგ საკუთარი იმიჯის აღსადგენად დასჭირდა. გახდება თუ არა კრედიტის გაცემისას საბანკო სექტორი მომხმარებლისადმი უფრო ლოიალური, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.