კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მოსამართლეს ანგარიშს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ დავაკვირდებით კანონმდებლის თვალით, რა ხარვეზებია

კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მოსამართლეს ანგარიშს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ დავაკვირდებით კანონმდებლის თვალით, რა ხარვეზებია

კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მოსამართლეს ანგარიშს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით კანონმდებლის თვალით, რა ხარვეზები არის და რა შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებულ, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სასამართლოს რეფორმისას მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესი, როგორია პრაქტიკა, რომელიც ეხება წინასწარი პატიმრობის გამოყენების საკითხებს.

”ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში შევცვალეთ და გავზარდეთ სტანდარტი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენონ წინასწარი პატიმრობა და როდესაც გამოიყენებს სასამართლო, ის კარგად იყოს დასაბუთებული. გირაოს გამოყენების, როგორც აღკვეთის ღონისძიების ნაწილში, ასევე კანონმდებლის სტანდარტია, რომ ესეც იყოს დასაბუთებული და ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა იყოს შესწავლილი. ამ კუთხით არის პოზიტიური კვლებები და ტენდენციები, თუმცა არის პრობლემური საკითხებიც”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის საქმეები.

”როგორც საია-ს კვლევაშია მითითებული, არის გარკვეული ტენდენციები, რომელიც მსუბუქი სასჯელის გამოყენებაზე მიუთითებს და ამას მიიჩნევს შემაშფოთებლად არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ალბათ ტენდენციების შეფასების დროს უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალური შემთხვევებიც. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში მოსამართლეს ჰქონდეს სხვა ტიპის გარემოება, რომლითაც მან იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანის დროს. სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ შეიძლება, ეს კონსტიტუციური პრინციპი. ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მოსამართლეს ანგარიშს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით კანონმდებლის თვალით, რა ხარვეზები არის, რა შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს. ამ მხრივ ჩემთვის, როგორც იუდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანი არის ვნახოთ საკანონმდებლო კუთხით ხომ არ არის რაიმე ხარვეზი”, - განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გახსნილი იქნება თანამშრომლობისთვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის რიგით მე-9 ანგარიში 2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ საანგარიშპო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა განახლებული მეთოდოლოგიით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოწყვლადი ჯგუფბის(ქალები, შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ თემის წარმოამდგენლები და ა.შ.) მიმართ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასებას გულისხმობს.

როგორც საია-ს წარმოდგენელმა გოგა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ზოგჯერ სასამართლოები დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ ბრალდებულებს, ასევე, ზოგჯერ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ. კერძოდ, საიას მონაცემებით, შეფარდებული გირაოს 10 შემთხვევიდან 2(20%) იყო დაუსაბუთებელად ლმობიერი.

"პრობლემური არის სასჯელის ადეკვატურობის საკითხი და ამით მოსამართლეები კვლავ პოტენციურ საფრთხეს უქმნიან ძალადობის მსხვერპლ ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, პრობლემებია აღკვეთის ღონისძიებების ნაწილში. წინასაანგარიშო პერიოდისაგან განსხვავებით გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული წილი გირაოს გამოყენების შესახებ. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ის რომ, პროკურატურა თითქმის უმრავლეს შემთხვევაში ისე ითხოვს ძალიან მაღალი ოდენობით გირაოს თანხის გამოყენებას ბრალდებულებთან მიმართებით, რომ არ ასაბუთებს გირაოს ოდენობას. გარდა ამისა, პრობლემები არსებობს ჩხრეკა-ამოღებებთან მიმართებით, ვინაიდან პროკურატურა კვლავ უმრავლეს შემთხვევაში საგამონაკლისო წესით, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაში ატარებს ჩხრეკა-ამოღებას, სასამართლოც ძირითადად ეთანხმება პროკურატურას და აკანონებს, ხოლო დასაბუთება არის მინიმალურზე დაბალი. შაბლონურია სასამართლოს გადაწყვეტილებები და არის ფაქტების სიმწირე და ინდივიდუალური გარემოებებზე მსჯელობის ნაკლებობა. ეს არის ძირითადი პრობლემები, რომელიც სასამართლო მონიტორინგის შედეგად დავაფიქსირეთ",- განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.