თუ შემიფარდებთ გირაოს, მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან

თუ შემიფარდებთ გირაოს, მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან

რამდენჯერაც დამიძახეს მთავარ პროკურატურაში, მე არაერთხელ მივსულვარ კეთილსინდისიერად და დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხი გამიცია, - ამის შესახებ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, ის ფაქტობრივად მისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და თუ მას სასამართლო გირაოს შეუფარდებს, მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

"მყავს მცირეწლოვანი შვილები, რომელთა აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. ასევე მყავს მოხუცი მშობლები და ფაქტობრივად ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ. თუ გაითვალისწინებთ ჩემს პოზიციას და შემიფარდებთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან. მითუმეტეს, რამდენჯერაც დამიძახეს მთავარ პროკურატურაში, მე არაერთხელ მივსულვარ კეთილსინდისიერად და დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხი გამიცია", - განაცხადა დევნოზაშვილმა.

ბრალდებულის თქმით, ის ამ საქმის მოწმეების უმეტესობას საერთოდ არ იცნობს, ისევე როგორც არასოდეს ჰქონია შეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძესთან. რაც შეეხება მის წინააღმდეგ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ჟურნალისტის შანტაჟს ეხება, როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, ის ამ საქმეში უდანაშაულოა.

"2009 წლის აჭარის საქმეს რაც შეეხება, ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. მინდა განვმარტო, რომ იმ საქმეში სრულიად უდანაშაულო ვარ. სასამართლო პროცესები გადადებულია და უკვე მე-7 თვეა არ ჩატარებულა. მორჩილად ველოდები სასამართლო პროცესის გამართვას. ყოველი გამოძახების შემდეგ არაერთხელ ჩავსულვარ აჭარის პროკურატურაში და მიმიცია განმარტებები გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოთი უნდა ვყოფილიყავი გარეთ და არ შემეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მე დღესაც ვასრულებ მიცემულ პირობას", - განაცხადა დავით დევნოზაშვილმა.

მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი ამ საქმეზე მასმედიისა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას განიცდიან, ვინაიდან მასთან სახლში რამდენჯერმე უცნობი ადამიანები იმყოფებოდნენ .