ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ოფიციალურად ადასტურებს.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ადასტურებს, რომ ევროპარლამენტთან შეჩერების მექანიზმის რეგულაციის ტექსტთან დაკავშირებით კომპრომისული ტექსტი შეათანხმა.
“ეს შეთანხმება არის დაბალანსებული და უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ეფექტიანობისა და სანდოობისთვის. ამჟამინდელი შეჩერების მექანიზმი არ არის ადეკვატური და ახლა გაუმჯობესდება. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, კარს გაუღებს იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების პროგრესს, რომლებმაც ყველა აუცილებელი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. დღევანდელი შეთანხმებით, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთი ასრულებს თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”, - განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა რობერტ კალინაკმა.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანია შეჩერების მექანიზმის გაძლიერება.
საბჭო აღნიშნავს, რომ ის უფრო გაამარტივებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმირებას იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვიონ. ასევე აძლევს საშუალებას ევროკომისია მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს. ამას გარდა გაფართოვდა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი. კერძოდ უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყანა რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობას შეამცირებს ან წევრ სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების რისკი გაიზრდება. ამასთან, იმოქმედებს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა კვლავ აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს.
შეჩერების მექანიზმის რეგულაცია გადაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელიც პირველი მოსმენით უყრის კენჭს, რის შემდეგაც კვლავ საბჭოს დაუბრუნდება დასამტკიცებლად.