იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ ოფიციალურად დატოვა თანამდებობა, - წერს იტალიური გამოცემა La Repubblica.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო, მატეო რენციმ იტალიის პრეზიდენტს სერჯიო მატარელას გადადგომის თხოვნით მიმართა.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ კვირინალეს სასახლეში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მატეო რენცი მიიღო, რომელმაც მას გადადგომის შესახებ თხოვნა გადასცა. რესპუბლიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღების უფლება დაიტოვა და მთავრობას მოუწოდა მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის ფორმირებამდე“, - ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
დღეს საღამოს კონსულტაციები დაიწყება ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ. ამის შემდეგ იტალიის პრეზიდენტი სთხოვს არსებული მთავრობის წევრს ან სხვა პოლიტიკოსს დემოკრატიული პარტიიდან ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.
5 დეკემბერს იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. იტალიაში გამართულ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმზე იტალიელებმა ხმათა 59.7%-ით აღნიშნული რეფორმის გატარებაზე უარი განაცხადეს. რეფორმის გატარებას ამომრჩეველთა 40.2%-მა დაუჭირა მხარი.