ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, უკვე, მცირეწლოვანი ბავშვების ხელით ებრძვის“

ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, უკვე, მცირეწლოვანი ბავშვების ხელით ებრძვის“

დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები ზვიად ძიძიგური, სოზარ სუბარი და ელისო ჩაფიძე თეთრიწყაროს რაიონში კოალიციის ადგილობრივი ოფისის გასახსნელად ჩავიდნენ, მაგრამ მათ ოფისის გახსნის საშუალება არ მისცეს.

„ქართულ ოცნებაში“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამჯერად კოალიციისთვის პოლიტიკური საქმიანობის ხელის შესაშლელად ხელისუფლებამ მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყენა. კოალიციის წევრები ამბობენ, რომ თეთრწყაროში ოფისს მაინც გახსნიან, მაგრამ დღევანდელმა ინცინდენტმა საზოგადოებას ხელისუფლების ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ დაანახა. მომხდართან დაკავშირებით presage.tv ელისო ჩაფიძეს ესაუბრა.

ელისო ჩაფიძე„დღეს ჩვენ ვაპირებდით თეთრწყაროში ოფისის გახსნას, რისთვისაც ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაო პრინციპში უკვე ჩატარებული იყო. ჩვენმა წარმომადგენლებმა შტაბის უფროსის მეშვეობით, ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლისგან მისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიქირავეს. როგორც გაირკვა, სახლის პატრონს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სახლის პირველ სართულზე შეფარებული ჰყავდა სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახი. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში არანაირი იჯარის ხელშეკრულება არ არსებობს, ეს უბრალოდ სახლის პატრონის კეთილი ნება იყო, რომ ეს ადამიანები ამ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ ახლა ისინი თურმე ამ სახლიდან აღარ გამოდიან.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც კოდიდან ჩამოსულმა დევნილებმა მოგვაწოდეს, ეს ოჯახი საერთოდ კოდაში ცხოვრობს და ოჯახის უფროსი არის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი. იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნისთვის ხელი შეეშალათ, ამ ადამიანმა წინა დღეს ჩამოიყვანა თავისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ასევე ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ე.წ. „ბასიშვილის ზონდერები“ და როდესაც ჩვენ ადგილზე ჩავედით, მივედით ოფისის გასახსნელად, სადაც ჩვენი ორასამდე მხარდამჭერი იყო თავშეყრილი, ამ ადამიანებმა ყველა მხრიდან ჩაკეტეს ეს სახლი და შიგნით შესვლის საშუალება არ მოგვცეს.

ჩვენ ყველანაირი შესაბამისი დოკუმენტაცია გვქონდა იმის დასტურად, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს სახლი მისი მეპატრონისგან კანონიერად აქვს დაქირავებული, მაგრამ ადამიანებმა, ვინც ოფისში არ გვიშვებდნენ, არც ამას მიაქციეს ყურადღება.

სხვათა შორის, ესენი იყვნენ კუნთმაგარი ახალგაზრდები, რომლებიც ფიზიკური წინააღმდეგობის გასაწევად იყვნენ მზად. რაც მთავარია, ყველაზე სამარცვხინო გახლავთ ის, რომ ჩვენთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შესაშლელად სააკაშვილის ხელისუფლებამ, ამჯერად, მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყენა - ეს ბავშვები ჭიშკართან იდგნენ. ამიტომ, „ქართული ოცნების“ წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ოფისში შესვლის ყველანაირი კანონიერ საფუძველი გვქონდა, გადავწყვიტეთ ხელისუფლებას არ დავმსგავსებოდით და იქ შეკრებილი ადამიანებისთვის წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.

ჩვენს მხარდამჭერებს პრაქტიკულად ისეთივე ფორმით გავესაუბრეთ, როგორც ეს უნდა მომხდარიყო ოფისის გახსნაზე. ჩვენ მათ ჩვენი გეგმების და პროგრამების შესახებ ვუამბეთ. მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი და საინტერესო წინადადება იყო.

ადგილობრივ პოლიციას თუ მიმართეთ?

- დიახ, ჩვენ ვიყავით ადგილობრივი პოლიციის შენობაში, სადაც პრაქტიკულად მთელი ხელისუფლება დაიმალა და მხოლოდ ორი მორიგე პოლიციელი დაგვხვდა. მათ კი კატეგორიული უარი განგვიცხადეს იმაზე, რომ შემთხვევის ადგილზე წამოგვყოლოდნენ. მინდა გითხრათ, რომ იქ საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, რადგან ჩვენი მხარდამჭერები მოითხოვდნენ ჭიშკრის გაღებას. პოლიციელებს ჩვენ ვუთხარით, რომ ამ დაძაბულობის გამო, მათი იქ ყოფნა იყო საჭირო. ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ადგილობრივ პოლიციაში უკვე რამდენიმე შეტყობინებაა შესული იმასთან დაკავშირებით, რომ ხელს გვიშლიან ჩვენი კუთვნილი ფართის გამოყენებაში, სადაც პოლიტიკური საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ.

ამჟამად ვაპირებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენოთ ამერიკის საელჩო, მთელი დიპკორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

რით ახსნეს ამ ადამიანებმა ის ფაქტირომ შენობაში არ გიშვებდნენ?

ისინი გვეუბნებიან, რომ იქ მივა ძალიან ბევრი ხალხი, იქნება მაღალი პოლიტიკური აქტივობა და ამიტომ ჩვენს სიმშვიდეს და მყუდროებას დაარღვევთო. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ დაქირავებული გვაქვს შენობის მეორე სართული. ეს დევნილი ოჯახი კი პირველ სართულზე ცხოვრობს. ამდენად, ჩვენი მხრიდან იქ პოლიტიკური საქმიანობის წარმოება მათ არანაირად შეუშლიდა ხელს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის იმ ჩაკეტილი ჭიშკრის გახსნა პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგან სიტუაციის გამწვევებას მოვერიდეთ.

ამასთანავე, გვინდა ქართულ საზოგადოებასაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც დავანახოთ საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი სახე, ხელისუფლების, რომელიც უკვე მცირეწლოვან ბავშვებს იფარებს წინ. და ბოლოს, არც ერთი ბავშვის ერთი ცრემლიც კი არ გვიღირს იმად, რომ თუნდაც კანონიერად ჩვენთვის კუთვნილი ოფისი გავხსნათ და პოლიტიკური საქმიანობა განვახორციელოთ.

თქვენ ახსენეთ კუთნმაგარი ბიჭებირომლებმაც ოფისში არ შეგიშვესთუ გაქვთ ინფორმაციავინ იყვნენ ისინი?

- ერთ-ერთი მათგანი არის გვარად ბასიშილი, ყოველ შემთხვევაში, მან ასე გაგვაცნო საკუთარი თავი. დანარჩენების ვინაობა ჩვენთვის უცნობია და ვაპირებთ, ფოტოების მეშვეობით ჩავატაროთ მათი ამოცნობა, რათა გაირკვეს, ვინ არიან ისინი რეალურად.