პრივატიზებიდან ბუნების განადგურებამდე - მთავრობის აგრესიული ნაბიჯები

პრივატიზებიდან ბუნების განადგურებამდე - მთავრობის აგრესიული ნაბიჯები

 

აგრესიული პრივატიზება, დაუმთავრებელი მშენებლობა და ბუნების უმოწყალოდ განადგურება - ეს არის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების 8-წლიანი მოღვაწეობის შედეგი. თუმცა, მთავრობაში მოკალათებულ შეუდრეკელ ბიუროკრატებს ვერანაირი წანააღმდეგობა ვერ შეაჩერებს. ისინი “პირველ ჩვენებას” ბოლომდე მიჰყვებიან.

აჭარის მთავრობა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების მაქსიმალურად გასხვსებას გეგმავს. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უკვე შედგენილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და განსაზღვრულია მათი საპრივატიზაციო პირობებიც. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აჭარის მთავრობა დაინტერესებულ პირებს ტურისტული ინფრასტრუქტურისა, ბინათმშენებლობის და სხვა დარგების განვითარების მიზნით განკუთვნილ ობიექტებს სთავაზობს.

იყიდება დასასვენებელი სახლი “ქობულეთი” და მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6-12 თვის ვადაში არანაკლებ 200 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყოს. პირობების თანახმად, სასტუმროში უნდა განთავსდეს ღია და დახურული აუზები, ჩოგბურთის მოედანი. ინვესტორი ვალდებულია სასტუმრო კომპლექსი ექსპლოატაციაში შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში შეიყვანოს. ქობულეთში, აღმაშენებლის N313-ში განთავსებული შენობის ფართი 15 060.4 კვ_მ-ია, მისი  საპრივატიზაციო ღირებულება 1 კვ_მ-ზე 100 ლარია.

იყიდება ასევე მიწის ნაკვეთები ფიჭვნარის ზოლში. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6-12 თვის ვადაში დაიწყოს არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და კომპლექსი არაუგვიანეს 36 თვეში აამუშაოს. მიწის ნაკვეთის ფართობი 21 041 კვ_მ-ია და მისი საპრივატიზაციო ღირებულება 1 კვ_მ-ზე 100  ლარია.

აჭარის მთავრობა გეგმავს ასევე ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთის (262 123 კვ_მ) გასხვისებას, რომლის საპრივატიზაციო პირობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციის წარმოდგენაა.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, შესაძლებელია ობიექტის მთლიანად, ან ცალკეულ ნაწილებად პრივატიზება (3-4 ჰა). პირობის თანახმად კი თითოეულ ნაწილზე არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ღირებულება კი 1 კვ_მ-ზე 100 ლარია.

რაც შეეხება ბათუმში განთავსებულ 9 028 კვ_მ მიწის ფართობს, მისი საპრივატიზაციო ღირებულება 1 კვ_მ-ზე 100 ლარია. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6-12 თვის ვადაში დაიწყოს აპარტამენტების მშენებლობა, სადაც შენობის 20%-ში სასტუმრო განათავსდება.

რამდენიმე თვეში კი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამ მიზნით, აჭარის მთავრობა 52 000 კვ_მ-ი მიწის ფართობის გასხვისებას გეგმავს. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6-12 თვის ვადაში დაიწყოს მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 30 000 კვ_მ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, მიწისქვეშა ავტოსადგომით. ობიექტის საპრივატიზაციო ღირებულება კი 1 კვ_მ-ზე 200 ლარადაა განსაზღვრული.

ზოგადად ასეთ აგრესიულ პრივატიზებას და შემდეგ დაწყებულ არანაკლებ აგრესიულ მშენებლობებს, ძალიან დიდი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის. ჯერ ერთი, რომ მყიდველთა დიდი ნაწილი ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს და დაუსრულებული შენობები მრავალი წლის განმავლობაში სასტიკად ამახინჯებს ირგვლივ ყველაფერს. ამასთან, აგრესიულ პრივატიზებაში გამარჯვებული “აგრესიული” მყიდველი არად დაგიდევს ბუნებას, გარემოს, ეკოლოგიას და უმწყალოდ ანადგურებს მიმდებარე ტერიტორიას.

უახლესი ასეთი შემთხვევა სწოედ რომ აჭარაში დაფიქსირდა. ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასწლოვანი ევკალიპტები იჭრება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სულიკო მიქელაძის ინფორმაციით, ასწლოვანი ევკალიპტების მოჭრა ღამის საათებში ხდება. 

“დანაშაულებრივი გარიგებების შედეგად, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ნადგურდება საუკუნის წინ გაშენებული ევკალიპტის ხეები. აღნიშნული ტერიტორიის ქალაქ ბათუმზე გადაცემის შემდეგ, კრიმინალური საქმიანობა ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა ზენიტში აიყვანა.

სქემა მარტივია - ევკალიპტის ხეებიდან 3-4 მეტრის დაშორებით გაიცემა უკანონო მშენებლობის ნებართვა, აშენებულ შენობას კი ხელს უშლის ევკალიპტის ხეები. რის გამოც ხეებს ხან შხამქიმიკატებით ახმობენ, ხან კი უმოწყალოდ ჭრიან”, - აღნიშნა სულიკო მიქელაძემ. 

მისი ინფორმაციით, ხევლაჩაურში პოლიციის შენობის მშენებლობის დაწყებამდე სულ მცირე 8 ევკალიპტის ხე მოჭრეს. “თუ მოითხოვ ნებართვას, რის საფუძველზე გაიჩეხა, ნებართვა ვინ გასცა მწვანე ნარგავების განადგურებაზე - პასუხს ვერ მიიღებ, რადგან ძალადობრივი კუთხით უყურებენ ყველაფერს. მაქვს ძალა, რად მინდა ჭკუა - ეს არის მათი პოლიტიკა”, - აღნიშნა სულიკო მიქელაძემ. 

ევკალიპტის ხეების მოჭრით ხელვაჩაურს ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება, რადგან აღნიშნული ტერიტორიაზე ჭაობებია, ევკალიპტის ხეები კი  მიწიდან დიდი რაოდენობით წყალს იწოვს.