სიზმარეთი საქართველოს პარლამენტში

სიზმარეთი საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს იხილავს, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ ჩვენი მკითხველის ყურადღებას. ამ ცვლილებების თანახმად, მცირდება პლენარული სხდომების რაოდენობა. თუ ახლა ერთი კვირა სესიებს ეთმობა, ხოლო მეორე საკომიტეტო მოსმენებს და ამომრჩეველთან შეხვედრას, მომავალ პარლამენტში პირველ კვირას დასაშვები იქნება როგორც პლენარული სხდომის, ისე საკომიტეტო მუშაობის გამართვა. მეორე კვირა კი ჩვეულებრივ დაეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრას და კომიტეტების მუშაობას.

ამასთანავე, პლენარული სხდომა, რომელიც ამჟამად დილის თერთმეტ საათზე იწყება, ახალ პარლამენტში 12 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, ცვლილებები შედის პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებშიც. კერძოდ, პარლამენტარს შეეზღუდება ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის უფლება, რაც დღეს მოქმედი რეგლამენტით არის უზრუნველყოფილი. ამასთან, პარლამენტარს გაუუქმდება ვალდებულება 6 თვეში ერთხელ წარსდგეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და თავისი და პარლამენტის მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს. დღეს მოქმედი რეგლამენტით დეპუტატებს ეს ვალდებულება ეკისრებათ, თუმცა რამდენად ასრულებენ, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საერთოდ, საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ყოველთვის იწყებოდა დილის ათ საათზე, მაგრამ ვინაიდან დეპუტატებს უჭირდათ ამ დროს სხდომათა დარბაზში გამოცხადება, წინა მოწვევის პარლამენტმა ეს დრო ერთი საათით გადასწია და დღეს მოქმედი რეგლამენტით სესია თერთმეტ საათზე იწყება. კარგად გვახსოვს, უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე მობილურებზე როგორ უგზავნიდა ხოლმე დეპუტატებს მესიჯებს და კატეროგიული ტონით ითხოვდა სხდომათა დარბაზში მათ გამოცხადებას. თუმცა ქვორუმის შეკრება მაინც რთული იყო და სწორედ ამიტომ გადაიწია სესიის დაწყების დრომ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს მოქმედი რეგლამენტით, დეპუტატებს თვეში პრაქტიკულად რვა სამუშაო დღე აქვთ, ანუ პლენარული სხდომა თითო კვირის გამოშვებით კვირაში ოთხი დღე იმართება. საკომიტეტო მოსმენებზე კი, როგორც წესი, მხოლოდ დაინტერესებული პირები დადიან, ანუ კანონპროექტის ავტორები და ისინი, ვისაც კონკრეტულად ესა თუ ის კანონპროექტი აინტერესებთ. რეგლამენტში შესატანი ცვლილებით კი პლენარული სხდომების რაოდენობაც მცირდება და საკომიტეტო მოსმენებისაც.

რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით presage.tv-ს დეპუტატი ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ წევრი გია ცაგარეიშვილი ესაუბრება.

გია ცაგარეიშვილი: „პირველ რიგში, ჩვენ გვყავს ძალიან ზარმაცი პარლამენტი. დეპუტატები მასობრივად აგვიანებენ სხდომებზე. მოგეხსენებათ, ასეთ პარლამენტში, როგორიც ახლა გვაქვს, აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ძალიან ხშირია ქვორუმის პრობლემა. ეს კი ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს უბრალოდ ეზარებათ თავიანთი მოვალეობის შესრულება. ისინი არ დადიან სხდომებზე, რადგან დილით ვერ იღვიძებენ.

ხშირია შემთხვევა, რომ პარლამენტის სხდომა ვერ იხსნება იმის გამო, რომ ქვორუმი ვერ იკრიბება. ეს კი იმ მარტივი მიზეზის გამო ხდება, რომ ჩემი კოლეგები 11 საათზე რეგისტრაციას ვერ ასწრებენ. შემდეგ ხუთ წუთში იმართება განმეორებითი რეგისტრაცია, იქაც ვერ მოდიან დეპუტატები და შემდეგ უკვე ნახევარ საათში ტარდება რეგისტრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ შემოღებულია საკმაოდ მკაცრი ჯარიმები, სანქციები და გაცდენების გამო, დეპუტატებს ხშირად უკავდებათ ხელფასი, ისინი მაინც არ დადიან სხდომებზე. მათთვის ხელფასის დაკავება პრობლემა არ არის, რადგან ეს ხელფასი მათთვის ზღვაში წვეთია იმ შემოსავლებთან შედარებით, რასაც ისინი თავიანთი ფარული ბიზნესებიდან ღებულობენ. ამიტომ, ამ ადამიანებისთვის ეს 2500 ლარი პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენს.

მე მგონი დილის 11 საათი უკვე ის დროა, როდესაც უნდა ერთვებოდე სამუშაოში და მით უმეტეს, როდესაც დეპუტატი ხარ, ამ დროს სიზმრებს არ უნდა ხედავდე. 11 საათისთვის უნდა იყო გამოღვიძებული, მობილიზებული, უნდა მობრძანდე და შენზე დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულო. მაგრამ ჩვენს დეპუტატებს ამ დროს სძინავთ, და ესიზმრებათ, როგორ იქნება სააკაშვილი ცხოვრების ბოლომდე მათი პრეზიდენტი, ისინი სიზმარეთში ცხოვრობენ. ან არ სძინავთ და უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ რა ხდება საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამით ისინი თავის თავსაც აყენებენ შეურაცხყოფას და თავის კოლეგებსაც, რომლებიც ამ დროისთვის უკვე იწყებენ მუშაობას. ასეთი უდისციპლინობის გამო სხდომები ხშირად ჩაშლილა, მთელი დღის წესრიგი არეულა და ა.შ.

მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი რეგლამენტით სხდომაზე შესვენება ცხადდება დღის ორიდან ოთხ საათამდე და ხშირად ძალიან ბევრი კანონპროექტის განხილვა გადადებულა შესვენების შემდეგი დროისთვის, რადგან კანონპროექტის ინიციატორები არ არიან ხოლმე დარბაზში.

როგორც ჩანს, რეგლამენტში ამ ცვლილების შეტანით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ დაუსწრებლობის და კანონპროექტების განხილვის ჩაშლის პრობლემას მოაგვარებს. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ პარლამენტი გადადის ქუთაისში და, როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციატორები ითვალისწინებენ იმას, რომ პარლამენტის წევრების, ალბათ, დაახლოებით, 60% თბილისში ცხოვრობს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მაჟორიტარი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობაც თბილისში ცხოვრობს. უბრალოდ ისინი წარმოშობით ჩვენი ულამაზესი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან არიან და იმ რაიონებიდან არიან მაჟორიტარებად არჩეულები. რა თქმა უნდა, მაჟორიტართა დიდი ნაწილი ისევ თბილისში იცხოვრებს.

მინდა აქვე გითხრათ, რომ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობა განთავსებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, ანუ კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და მესხეთ-ჯავახეთში. ამდენად, მომავალი საპარლამენტო მანდატების პროცენტული განლაგებაც ამგვარი წყობით გამოირჩევა. ადამიანს, რომელიც მაგალითად, ლაგოდეხიდან ქუთაისში უნდა გაემართოს პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისში ჩააღწიოს. სწორედ ეს არის მეორე მიზეზი იმისა, რომ პლენარული სხდომა დაიწყოს არა 11-ზე, არამედ 12 საათზე.

პარლამენტის დეპუტატს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შეუზღუდავად შესვლის უფლება აქვს, თუმცა ჩვენ ხშირად გავმხდარვართ იმის მოწმე, თუ როგორ არ აძლევენ ამა თუ იმ დეპუტატს კონკრეტულ ადმინსიტრაციულ ორგანოში შესვლის უფლებას. ახალი რეგლამენტით დეპუტატს ეს უფლება უკვე ოფიციალურად ეზღუდება. ხომ არ არის ეს იმის დაკანონება, რაც აქამდე ისედაც ხდებოდა ხოლმე?

- თქვენი ეჭვი არის საფუძვლიანი. ეს სავარაუდოდ სწორედ ამიტომ კეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა შეუშალონ ხელი ხალხის რჩეულს, შევიდეს რომელიმე დაწესებულებაში. ჩვენ ისედაც მკაცრად რეგლამენტირებულად გვქონდა განსაზღვრული ის შემთხვევები, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრის შესვლა რომელიმე დაწესებულებაში არ შეიძლებოდა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის პირდაპირი ნებართვის გარეშე (საუბარია წერილობით ნებართვაზე) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა არ შეიძლებოდა. პრინციპში ეს ასეც უნდა იყოს და ამას არავინ ეწინააღმდეგებოდა. ცალკე საკითხია ის, რომ ბატონი ბაქრაძე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში განსხვავებული მოსაზრებების მქონდე დეპუტატებს ყოველთვის უკრძალავდნენ შესვლას.

მაგალითად, მე უკვე მერვე წელია პარლამენტში ვმუშაობ და არც ერთხელ ამის უფლება არ მომცეს არც ქალბატონმა ბურჯანაძემ და არც ბატონმა ბაქრაძემ. არა და, რომ დააკვირდეთ მართული მედიასაშუალებებით გადაცემულ სიუჟეტებს, ნახავთ, ხან ვის ეძლევა იქ შესვლის უფლება და ხან - ვის. თუ დაკავშირებული ხარ ხელისუფლებასთან და გქვია ოპოზიციონერი, შენთვის ყველა ციხის კარი ღიაა.

ხელისუფლების წარმომადგენლებზე აღარაფერს ვამბობ, ისინი შედიან ყველგან, სადაც მოესურვებათ. ამდენად, ეს დათქმა იყო და მას არავინ ეწინააღმდეგებოდა. უბრალოდ, ცალკე საკითხია, ჩვენს წინააღმდეგ როგორ იყენებდნენ ამ დათქმას. ჩვენ ვერ ვნახულობთ პატიმრებს და ვერ ვახორციელებს საპარლამენტო მონიტორინგს ციხეებში შექმნილ უსაშინლეს მდგომარეობაზე.

ახლა ამ აკრძალვებს ახალი აკრძალვები ემატება. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ამგვარი შეზღუდვები შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზეც გავრცელდეს. მე ჯერ არ ვიცი, რეგლამენტმა უნდა განსაზღვროს ამგვარი დაწესებულებების ნუსხა, თუ თავად იმ დაწესებულების ხელმძღვანელმა, სადაც დეპუტატს სურს შესვლა. სავარაუდოდ, ეს ჩვენთვის სიურპრიზი იქნება. მე პირადად, ისედაც არ ვიყენებდი ამ უფლებას და არასდროს გამჩენია სურვილი, ვინმეს შევვარდნოდი კაბინეტში, თუმცა ეს ადამიანები კი არიან იმის ღირსები, რომ შეუვარდე კაბინეტში და იქიდან გამოაბრძანო. გარდა თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევებისა, როდესაც რაიმე გადაუდებელი საქმე მქონია, მე ეს უფლება არ გამომიყენებია. სავარაუდოდ, ეს არის კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, რაც რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრს ეხსნება ვალდებულება (რომელიც მას აქამდე ჰქონდა), რომ 6 თვეში ერთხელ წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თავისი და პარლამენტის მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს. ამ ცვლილებაზე რა აზრის ხართ?

- ეს იყო ერთგვარად მკვდარი ნორმა. სამწუხაროდ, ამას არავინ აკეთებდა, ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის წარმომადგენლებს, მე მგონი, არასდროს გაუკეთებიათ და არც ე.წ. ოპოზიცია იკლავდა ამაზე თავს. ეს იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა. მით უმეტეს, ეს ნორმა ეხებათ მაჟორიტარებს, რომლებიც ამომრჩეველთან მუდმივ კავშირში უნდა იყვნენ. სწორედ ამისთვის არსებობს მათი ოფისები, რომლებიც ძალიან უხვად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ ამომრჩეველსა და ამორჩეულს შორის ეს კავშირი ჩვენთან აბსოლუტურად ნიველირებულია.

ადამიანს პარლამენტში ირჩევენ და მას შემდეგ ხშირად ისიც კი ავიწყდება, საიდან არის არჩეული. ამიტომაც ადამიანებმა რეგიონებში პრაქტიკულად ისიც კი არ იციან, ვინ არის მათი რაიონის მაჟორიტარი. სწორედ ასეთი მანკიერი პრაქტიკის დანერგვას უწყობს ხელს ამგვარი ნოვაციები, რაც ხელისუფლებამ რეგლამენტში შესატანი ამ ცვლილებებით შემოგვთავაზა.

ნაცვლად იმისა, რომ რეგლამენტში ანგარიშგების ვალდებულება მკაცრად გაიწეროს და რეგლამენტმა მკაცრად განსაზღვროს ეს მუდმივი კონტაქტი დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის, ცვლილება შედის იმ კუთხით, რომ ეს ცუდი პრაქტიკა კიდევ უფრო გაუარესდეს. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს იმ წინააღმდეგობებს, რაც არსებობს დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის. მე ხშირად მინახავს, პარლამენტში ადამიანები მოდიან და დეპუტატები კი არც მათ სატელეფონო ზარებს პასუხობენ და საერთოდ ემალებიან მათ. ამის შემდეგ კიდევ ზოგიერთს სწყინს, ამომრჩეველი რატომ უყურებს ასე აუგად ქართულ პარლამენტარიზმს.