"ჩეკების" გათამაშების მიმართ მოსახლეობამ ინტერესი დაკარგა

სალარო აპარატების ქვითრების გათამაშების შესახებ ბევრს სმენია, თუმცა იმის გამო, რომ რიგითი თბილისელების დიდ ნაწილს მოგების ნაკლებად სჯერა, "ჩეკის" შემოწმებისგან თავს მაინც და მაინც არ იწუხებს. მეტიც, თუ გათამაშების პირველ დღეებში მაღაზიებში ქვითარს, პრაქტიკულად, არც ერთი მყიდველი არ ტოვებდა, დღეს სალარო აპარატთან ქვითრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ის, რომ "ჩეკების" გათამაშების ბევრს აღარ სჯერა და მისი შემოწმებისგანაც თავს აღარ იწუხებენ, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის ცენტრის "ეისითი"- ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც მეტყველებს. კერძოდ, ცენტრის მიერ გამოკითხულთა 97% - ს "ჩეკების" გათამაშების შესახებ სმენიათ, მაგრამ მათი მხოლოდ 56% ამოწმებს ქვითარს.

სალარო აპარატის ქვითარს მხოლოდ თბილისელთა ნახევარი ამოწმებს.

მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, სატელევიზიო თუ გარე პერიმეტრზე არსებული რეკლამები საზეიმოდ გვამცნობენ, რომ მომხმარებელი შეძენილ პროდუქტზე სალარო აპარატის ქვითარს თუ მოითხოვს, წამახალისებელ გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება და 2012 წლისთვის 9 მლნ ლარით განსაზღვრული საპრიზო ფონდიდან 10, 20, 50, 100- ლარიან მოგებას მიიღებს. გარდა ამისა, თვეში ორჯერ გათამაშდება 10 000 ლარი, ხოლო კვარტალში ერთხელ - 50 000 ლარი.

მოგების სურვილით შეპყრობილმა ადამიანებმა დაიწყეს "ჩეკების" მოთხოვნა, ყველა ითხოვდა სალარო ქვითარს. ამიტომ საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის ცენტრმა "ეისითი"- მ გადაწყვიტა, რომ სალარო აპარატის ქვითრების გათამაშებასთან დაკავშირებით დედაქალაქში გამოკითხვა ჩაეტარებინა. კვლევა აპრილში ჩაატარა და რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა თბილისის 426 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,7 %.

"გადავწყვიტეთ თბილისის მოსახლეობაში გამოგვეკვლია რამდენმა იცის გათამაშების არსებობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ თბილისელების 97.1%- ს აქვს ინფორმაცია ჩეკების გათამაშებაზე", - აცხადებენ "ეისითი"- ში.

გამოკითხვისას დასმული იყო რამდენიმე შეკითხვა. მაგალითად, კითხვაზე გსმენიათ თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ ინიცირებული "ჩეკების" გათამაშების შესახებ? გამოკითხულთა 97,1%- მა თქვა, რომ სმენია, 2,9%- მა კი განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის.

ინფორმაცია ჩვენს ქალაქში სწრაფად რომ ვრცელდება ყველასთვის ცხადია და კვლევამაც ეს თვალნათლივ აჩვენა. საინტერესო ისაა, რამდენ მოქალაქეს მოსწონს ეს ინიციატივა. ამ კითხვაზე კი "ეისითი" - მ ასეთი პასუხები მიიღო: გამოკითხულ ქალთა 68,6%- ი და მამაკაცთა 66,1%- ი შემოსავლების სამსახურის ე.წ. ჩეკების გათამაშებას დადებითად აფასებს და მოსწონს კიდეც. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც "ჩეკები"- ს გათამაშება საერთოდ არ მოსწონთ, ასეთი "ეი-სი-თის" კვლევაში გამოკითხულ ქალთა 9,3% და მამაკაცთა 13,4% აღმოჩნდა.

"ერთია, რომ მოგვწონს ინიციატივა, ხოლო რამდენად ვიყენებთ მოგების შანსს, უკვე ჩვენს აზარტულობაზეა დამოკიდებული. როგორც შემოსავლების სამსახური აცხადებს, 9 მლნ ლარია გამოყოფილი გასათამაშებლად და როგორც გაირკვა, თბილისელების ნახევარზე მეტი რეგულარულად სცდის ბედს", - აცხადებენ "ეისითი"- ში.

შესაბამისად, კითხვაზე - პირადად თქვენ რა სიხშირით ამოწმებთ "ჩეკის" მომგებიანობას, პასუხი - თითქმის ყოველთვის ვამოწმებ - გამოკითხული ქალების 56,2%- მა გასცა. ქალებს სალარო აპარატების ქვითრების შემოწმებით არც კაცები ჩამოუვარდებიან. ყოველ შემთხვევაში, "ეისითი"- ს კვლევის მიხედვით, სალარო აპარატის "ჩეკს" გამოკითხული კაცების 43,7% მუდმივად ამოწმებს.

გამოკითხულ ქალთა 18,8% და მამაკაცთა 15,2% ქვითარს დროდადრო ამოწმებს. მხოლოდ ერთხელ შეამოწმა იგი გამოკითხულ ქალთა 4,6%- მა და მამაკაცთა - 4,2%- მა.

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საერთოდ არ დაინტერესებულა, უფრო ზუსტად ერთხელაც არ შეუმოწმებია მიღებული ქვითარი გამოკითხულ ქალთა - 19,7%- ს და მამაკაცთა - 36,9%-ს.

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მონაცემები ასაკობრივ ჭრილშიც - ყველაზე ხშირად "ჩეკების" მომგებიანობას 30-44 წლამდე თბილისელები ამოწმებენ (74%), ოდნავ ჩამორჩება 45-59 ასაკის მოქალაქეების აქტივობა (71%). შედარებით პასიურები 60 და უფროსი ასაკის ადამიანები აღმოჩნდნენ (54%), რაც შესაძლებელია გათამაშების ელექტრონული სისტემით აიხსნას - კოდების გასაგზავნად ხომ მობილური ტელეფონი, ვებგვერდის ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებაა საჭირო.

აფერა თუ ხალხზე ზრუნვა?

ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურისთვის გაუგებარი და საერთოდ გაურკვეველია საიდან ივსება საპრიზო ფონდი. თუ ეს მომდინარეობს ბიუჯეტიდან, ბიუჯეტის კანონში მსგავსი არაფერი წერია. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტი საპრიზო ფონდისთვის თანხას გამოყოფს, საბიუჯეტო კანონმდებლობის დარღვევაა და მასში წყარო არ ჩანს.

გარდა ამისა, ნოდარ ხადური წმინდა ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, ნებისმიერი გათამაშება და ლატარია ადამიანის ნებაყოფლობით სურვილზეა დამოკიდებული; ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ყველა ადამიანი ჩეკების გათამაშების მონაწილე გახდება, ეს მართლაც არ გამოდის ნებაყოფლობითი სურვილი. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ გათამაშებაში.

"სალარო აპარატების ქვითრების გათამაშების პროცესი აბსოლუტურად გაუჭვირვალეა. რეალურად არავინ იცის, რა მექანიზმებით ხდება და მოხდება გათამაშება, რა ალბათობა არსებობს და სხვა. თანაც, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კეთდება მაშინ, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ადმინისტრირებით ისე დაამახინჯეს სალაროებისა და "ჩეკების" სისტემა, რომ დღეს წამახალისებელი სიტუაციის გამოჩენა, უბრალოდ, დაცინვას ჰგავს.

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ დაწყებული ეს გათამაშება აბსოლუტურად გაუმართლებელი პროცესია. თუ ხელისუფლების არგუმენტი ისიცაა, რომ გამყიდველები აქამდე "ჩეკებს" არ იძლეოდნენ და ამით თანხის "მოტეხვა" ხდებოდა, ასეთი აგრუმენტი არადამაჯერებელია. ისეთი რამ, როცა მომხმარებელი ითხოვდა ქვითარს და ვინმე არ აძლევდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია. თუკი "ჩეკების" შემოღების შემდეგ გამყიდველები უბრალოდ აღარ იძლევიან ქვითრებს, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. არ ვიცი, შესაძლოა, გარკვეულ ქვენა გრძნობებსაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მოგების ალბათობა იმდენად მცირეა, რომ არა მგონია, გამყიდველმა ამისთვის იმ ფასეულობებზე თქვას უარი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს შეეხება", - ამბობს ხადური.