კოდექსი ყოველდღიურად იცვლება - ბიზნესმენები გაოგნებულნი არიან

კოდექსი ყოველდღიურად იცვლება - ბიზნესმენები გაოგნებულნი არიან

ფინანსთა სამინისტრომ ხელფასის ნაღდი ფულით გადახდის აკრძალვა გადაიფიქრა, თუმცა გვინდაძის უწყებაში, ალბათ, “უკეთეს რამეს” შიმუშავებენ და საგადასახადო კოდექსში სასწრაფო ცვლილებას განახორციელებენ. შარშან კოდექსში 300-ზე მეტი ცვლილება შევიდა და გამონაკლისი არც 2012 წელი იქნება.

კოდექსის შეცვლილი 106-ე მუხლი ისევ შეიცვალა, შესაბამისად, დაქირავებულ პირებთან უნაღდო ანგარიშსწორება სავალდებულო აღარ არის. ფინანსთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ეს ნორმა ისევ შეიცვალა, ანუ ხელფასის გაცემისას ნაღდი ანგარიშსწორება ისევ ძალაში რჩება.

ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია ხელისუფლებას ურჩევს “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები უფრო ნაკლები ინტენსიურობით განახორციელოს. პერტაიას განმარტებით, სასურველია, რომ კოდექსში ცვლილებები, ვთქვათ, კვარტალში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ შევიდეს, რადგანაც ბიზნესმენები უკმაყოფილოები არიან “საგადასახადო კოდექსში” შეტანილი “ყოველდღიური” ცვლილებების შესახებ.

“ბიზნესი ასეთი ხშირი ცვლილებებით უკმაყოფილოა.  ისინი ჩივიან, რომ მათი ყოველი დღე “საკანონმდებლო მაცნეს” კითხვით იწყება, რათა გაიგონ კიდევ რა ცვლილებები შევიდა კიდევ კოდექსში. კარგია, როდესაც კოდექსი იხვეწება და ის ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ხდება, თუმცა ბიზნესის შენიშვნებიც გასათვალისწინებელია, რათა ყოველ ცვლილებას ბიზნესის მხრიდან სათანადო აღქმა სჭირდება. ამისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო”, - ამბობს პერტაია.

ბიზნესომბუდსმენი რჩევებს პოლიტიკოსებსაც აძლევს. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ, უპრიანია თუ პოლიტიკოსები ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრისას უფრო მეტად კონკრეტულები იქნებიან. “როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბიზნესს პრობლემა აქვს, ეს სწრაფად ახდენს გავლენას”, - ამბობს პერტაია.

იგი მიიჩნევს, რომ წელს მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, რათა ნებისმიერ ბიზნესს მთავრობამდე საკუთარი პრობლემის მიტანა შეეძლოს.

ხელფასის ნაღდი ფულით გაცემის აკრძალვა მთავრობას ამ რამდენიმე დღის წინათ მოაფიქრდა და მყისვე გადაწყვიტა კანონმდებლობაში ცვლილებები შეეტანა. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, კოდექსის 106-ე მუხლიდან უნდა ამოეღოთ “ზ” ქვეპუნქტი და ამ მუხლს ემატებოდა შემდეგი შინაარსის “ი” ქვეპუნქტი - “ნაღდი ფულადი ფორმით გაცემული ხელფასის სახით გაწეული ხარჯი, გარდა ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა”. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელებს ხელფასის ნაღდი ფულით გადახდა ეკრძალებოდათ.

კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოკლე სამუშაოს შესასრულებლად ერჯერადად ქირაობენ ადამიანებს, შესაბამისად, ყველას ანგარიშს ვერ გაუხსნიან. გამოდის, რომ მათ საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ ფულის გადახდა. გარდა ამისა, დაზარალდება სახელმწიფო, ვინაიდან აღნიშნულ ხარჯს საშემოსავლო გადასახადით ვერ დაბეგრავენ.

ასეთი არაადეკატური ცვლილებების შემდეგ, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ მხოლოდ იმედი დაიტოვა, რომ აღნიშნული ინიციატივა თვითდასაქმებულ ადამიანებზე არ გავრცელდებოდა, რომლებიც მთელი დღე კლიენტის მოლოდინში არიან და მათი დღიური ანაზღაურება რამდენიმე ათეული ლარია.

საბოლოო ჯამში, ხელფასით ე.წ. ქეშით გაცემა არ დაკანონდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო ასე იოლად არ დათმობს თავის ინიციატივას. გვინდაძის უწყებაში, ალბათ, ახალ ცვლილებაზე მუშაობენ. ეს მათი ახალი ჰობია. საგადასახადო კოდექსში ყოველ დღე ახალი ცვლილება შედის. მაგალითად, შარშან კოდექსში 300-ზე მეტი ცვლილება შევიდა და კანონი, პრაქტიკულად, თავდაპირველ რედაქციას მთლიანად დაშორდა.