მზადება თავდასხმისთვის?!

მზადება თავდასხმისთვის?!

პარლამენტის წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი დაღუპვისას მის ოჯახს ერთჯერადად 15 ათასი ლარის ოდენობით კომპენსაცია გადაეცემა, ხოლო დასახიჩრების შემთხვევაში, -10 ათასი ლარი. პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი ამ სახის ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ეჭვობენ, რომ რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შემდეგ ხელისუფლება ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასასხმელად ხომ არ ემზადება?! იმ ფონზე, როცა ხელისუფალნი სათავისოდ თანხების მობილიზებასა და გაზრდას არ ერიდებიან, კოლოსალურ პრემიებს იწერენ და ამის გამო არც გაჭირვებული საზოგადოების განწყობა აშფოთებთ. გაურკვეველია, რისთვის მოიწადინა ხელისუფლებამ დაზარალებული დეპუტატებისთვის კომპენსაციის შემცირება? მართლაც რაიმე შორს მიმავალი განზრახვა ხომ არ ამოძრავებთ? 

Presage.tv-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ პარლამენტართა დაცვის მექანიზმი საქართველოს კანონმდებლობაში დიდი ხანია, არსებობს. თუმცა გაუგებარია, ამჯერად რატომ შეამცირეს კომპენსაციის ოდენობა?!

„თუ პარლამენტის წევრი დაიღუპება, მის ოჯახს 10 წლის თანამდებობრივი ხელფასის ოდენობით დახმარებას მისცემენ, ანუ კომპენსაციას 30-ჯერ უმცირებენ და მისი ოჯახის წევრებზე გასცემენ 120 თვის ხელფასს. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, დეპუტატებზე თავდასასხმელად ხომ არ ემზადებიან? არ გამოვრიცხავ, ვინმეს ლიკვიდაციასაც აპირებდნენ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტარი დასახიჩრდება და დროებით შრომისუუნარო გახდება, მის ოჯახს ერთი წლის ხელფასს მისცემენ, ხოლო შრომისუნარიანობის სამუდამოდ დაკარგვის შემთხვევაში, მის ოჯახზე პარლამენტარის 5 წლის ოდენობის ხელფასს გასცემენ. ანუ, ამ შემთხვევაში, ამ კომპენსაციასაც 20-ჯერ ამცირებენ“.

ზოგადად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარ პირობებში უნდა იყოს და დეპუტატებზე გამორჩეული კომპენსაცია არ უნდა გაიცემოდეს, დეპუტატი განსხვავებულ მდგომარეობაში არ უნდა იმყოფებოდეს, მით უფრო, იმ ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები ჭარბობენ, თუმცა პარლამენტის რეგლამენტის ახალმა პროექტმა ჯონდი ბაღათურიასაც კითხვები გაუჩინა.  

ჯონდი ბაღათურიას თქმით, ჩვეულებრივი მოქალაქეები დეპუტატებზე თავდასხმას არ აპირებენ და თავდამსხმელებიც და მოძალადეებიც თავად ხელისუფალნი არიან. ამიტომ, მათგან მსგავსი ქმედება არც მომავალშია გამორიცხული.

„ჩვენ არ დავსხმივართ მათ თავს, ეგენი გვესხმიან, მართალია, უპერსპექტივოდ, მაგრამ მაინც სჩადიან ამას. თვითონ დაესხნენ თავს თითოეულ მოქალაქეს და მათ უფლებები შეუზღუდეს. ცოტა უფრო ადრე კი მიიღეს კიდევ უფრო სამარცხვინო საკანომდებლო ნორმა, როცა ჩაწერეს, რომ პარლამენტის წევრზე, მინისტრზე, თანამდებობის პირზე, პოლიციელზე თავდასხმა უფრო მკაცრად დაისჯებოდა, ვიდრე - რიგით პენსიონერზე, პედაგოგზე თავდასხმა. არადა, თუ სინდისით ან რაიმე ლოგიკით დავუკვირდებით, დეპუტატები, ასე თუ ისე, მაინც უფრო დაცულნი ვართ, ვიდრე თუნდაც პენსიონერი, პედაგოგი.

ახლა კი დამაფიქრებელია, დეპუტატებზე თავდასხმას ხომ არ აპირებენ? უმრავლესობის რიგებში შიშმა დაისადგურა. სხვა სახელმწიფოებში, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეა დაცული. ჩვენთან კი პარლამენტის წევრის ან თანამდებობის პირთა მხრიდან ჩადენილი თავდასხმა დაუსჯელია. ჯერჯერობით, ჩვენთან ისეთი დანაშაულები ხდება, რომ პარლამენტის ან მთავრობის წევრი, პირდაპირი გაგებით, თავს ესხმის მოქალაქეს ან ძარცვავს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ეკონომიკას აჩანაგებს. შესაბამისად, როცა კრიმინალურ ბანდას ემსგავსება ხელისუფლება, მას დანაშაულების გამო ქვეცნობიერი შიში აქვს საკუთარ პასუხისმგებლობაზე“.

ჯონდი ბაღათურიას თქმით,  როცა პარლამენტარები თავს ესხმიან ერთმანეთს, ეს უნდა იხილებოდეს კიდეც შესაბამის კომიტეტში.

„პარლამენტში არსებობს საპროცედურო წესებისა და საკითხთა კომიტეტი. ანუ, ის წესები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პარლამენტში დეპუტატი, უნდა ძველბიჭობდეს თუ არა, კრიმინალურ გამოხტომებს უნდა მიმართავდეს, იგინებოდეს თუ ილანძღებოდეს პარლამენტში, ან შეურაცხყოფას აყენებდეს საზოგადოებას, მაგალითად, რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს, ეს ავტომატურად უნდა იხილებოდეს წესების კომიტეტშიც და პროკურატურაშიც. მაგრამ თვითონ არიან „წესების კომიტეტიც“ და „პროკურატურაც“ და თავის თავს ხომ არ მოჭრიან კუდს?!“ -აცხადებს ჯონდი ბაღათურია.  

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესაც პარლამენტარებისთვის კომპენსაციის შემცირება კითხვებს უჩენს. მისი თქმით, ზოგადად, შეიძლება ასეთი კომპენსაცია არსებობდეს. ამის მაგალითები კი არსებობს და, როცა გარკვეულ პირს ზიანი მიადგება ან ადამიანი ქარხანაში ზიანდება, მას საწარმოო ტრავმის თანხა უნაზღაურდება და მკურნალობის ხარჯებს უხდიან. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში კომპენსაციის შემცირება მისთვისაც შეკითხვებს ბადებს. 

„არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, როცა პარლამენტის წევრს ზიანი მიადგა და სახელმწიფოს მისთვის  კომპენსაციის გადახდა მოუხდა. ამდენად, ამას ბიუჯეტზე ზეგავლენა არ მოუხდენია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, კომპენსაციის თანხებს რატომ ამცირებენ? რეალურად, დიდი კომპენსაცია ხომ არასდროს გაცემულა?! თუ ხელისუფლების ზნეს შევხედავთ, რაიმე ისეთ საქმეს ხომ არ უპირებენ ოპოზიციონრებს, რომ კომპენსაციისთვის დიდი თანხის გადახდა არ დასჭირდეთ?!“ - კითხულობს ვახტანგ ხმალაძე.

მისი თქმით, ამ საკითხში არანაირი ლოგიკა არ ჩანს და რატომ შეამცირეს კომპენსაცია, გაუგებარია. ამდენად, ვახტანგ ხმალაძეს ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვა ლეგიტიმურად მიაჩნია.   

ამასთან, ვახტანგ ხმალაძეს აინტერესებს, ახალ რეგლამენტში თუ არის ასახული, რა შემთხვევაში,  უნდა გაიცეს კომპენსაცია პარლამენტარზე, როცა ის სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზარალდება თუ - ზოგადად?!

„ჯერ ერთი, საუბარი უნდა იყოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე და, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში, უნდა გაიცეს დახმარება და არა ზოგადად. თუ პარლამენტის წევრს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობისას მიადგება რაიმე ზიანი, მაშინ, ალბათ, მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. სხვა დამატებითი კომპენსაცია კი მე არ მესმის. გაგიგიათ, რომ პარლამენტრის წევრებს ვინმე დამუქრებოდეს, მოგკლავ, ან რაღაცას დაგმართებ?! ასეთი რამ მე არ მსმენია და ვერც ვხედავ ამის საფრთხეს.“

ვახტანგ ხმალაძის თქმით, შარშან კანონში შეტანილ ცვლილებებს თუ გავიხსენებთ, ხელისუფლება თავის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ხშირად იღებდა. მაგალითად, თუ ზიანი მიაყენა ვინმემ პოლიციელის ოჯახის წევრს ან პოლიციელის საკუთრებას, ამისთვის სისხლის სამართლის დანაშაული დადგება და პირს ციხეში ჩასვამენ. ვინმე რომ დაეჯახოს მანქანას (შემთხვევითი შეჯახება რომც იყოს), რომელიც ეკუთვნის პოლიციელს ან მის ოჯახს, ამისთვის პირს შეუძლიათ, წაუყენონ ბრალდება, რომ ის შეგნებულად დაეჯახა, იცოდა რა, რომ ეს პოლიციელს ეკუთვნოდა. ეს მაშინ, როცა უბრალო მოქალაქეების მანქანები რომ დაეჯახონ ერთმანეთს, დამნაშავემ მეორე პირს ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ხარჯებიდან დაიფარება“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი.