საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს

 

დიდი ხანია ცნობილია სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოს დედაქალაქის მიმართ. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თბილისში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ლევან გაჩეჩილაძესთან პირწმინდად წააგო, ბევრი ფიქრობს, რომ მას დედაქალაქი სძულს და თბილისელებისთვის ეს არჩევნები ვერ უპატიებია.

შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არის, რომ სააკაშვილი ყველანარიად ცდილობს დედაქალაქს ფუნქციები დაუკარგოს და მათი სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება მოახდინოს. ამბობენ, რომ შესაძლოა, ამას უკავშირდება ქუთაისში პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილებაც. თუმცა არსებობს ვერსიაც, რომ ამის მიზეზი  საზოგადოებრივი პროტესტის მიმართ სააკაშვილის პანიკური შიშია. ყველასათვის, მათ შორის სააკაშვილისთვისაც ცხადია, რომ რეგიონებში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი ისეთი მძაფრი არ არის, როგორც თბილისში. ამას რა თქმა უნდა, რეგიონებში მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეარხების მაუწყებლობაც განაპირობებს.

ასეა თუ ისე, სააკაშვილის ხელისუფლება აპირებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ქუთაისში ჩაატაროს. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა 6 მაისს პოლიციის აღლუმი გორში გაიმართოს. ამას მოწმობს ის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ქალაქ გორში ტარდება. მაინც რატომ გაურბის ხელისუფლება დედაქალაქს და რატომ გეგმავს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას რეგიონებში, ამ საკითხზე presage.tv რამდენიმე პოლიტიკოსს და ექსპერტს ესაუბრა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს: „თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ქცევა იქნება, ლექსიკა თუ პოლიტიკური განცხადებები, ის ძალიან არაადექვატურია. ისინი რაღაც გადაწყვეტილებებს ღებულობენ, რაც ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის გახანგრძლივებას გამოადგება, მაგამ რეალურად ეს ყველაფერ უკურეაქციას იძლევა.

დოლიძის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებებს განეკუთვნება ქუთაისში სამხედრო აღლუმის, ხოლო გორში პოლიციის აღლუმის ჩატარება. ვიქტორ დოლიძე არ ფიქრობს, რომ ეს გარკვეულ დივიდენდებს მოუტანს ხელისუფლებას და ხალხში დადებითი ემოციებს გამოიწვევს.

უფრო მეტიც, პოლიტიკოსის თქმით, გამორიცხული არაა, სააკაშვილის მხრიდან ეს იყოს ძალის დემონსტრირება, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პოლიციის აღლუმს. აქვე დოლიძე საუბრობს, სააკაშვილის თბილისისადმი დამოკიდებულებაზე.

„საერთოდ პრეზიდენტის დედაქალაქის მიმართ დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია და მას არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი ეს დამოკიდებულება. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც პარლამენტის ქუთაისში გადატანა. ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ თითქოს ქუთაისში ხალხმრავალი საპროტესტო აქციის ორგანიზება უფრო რთულია, იმდენი ადამიანი ვერ მოახერხებს იქ მისვლას და ა.შ. მინდა ყველას ვუთხრა - არავინ აპირებს იქ აქციების მოწყობას. უბრალოდ, სააკაშვილს აქვს დამფრთხალი, შეშინებული პოლიტიკოსის განწყობა. თვითონ პიროვნებაა მფრთხალი და ამიტომ ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მას ვეღარაფერი უშველის. უნდა გორში ჩაატაროს აღლუმი და გინდ ჩხოროწყუში“, - აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე.

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი არის პროტესტის შიში. რეგიონებში კი ხელისუფლება უფრო მშვიდად გრძნობს თავს, რადგან რეგიონში ხალხის მობილიზება უფრო რთულია.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას არ ჰგონია, რომ აღლუმების თბილისიდან გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, რადგან თბილისისთვის ეს დიდი მოვლენა არ არის. რეგიონებისთვის კი ასეთი ტიპის აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია. თავისთავად იმას, რომ რეგიონებზე სახელმწიფომ უფრო მეტი დატვირთვა მოახდინოს, ამას კუკავა მხოლოდ მხარს უჭერს, მაგრამ მიიჩნევს, რომ აღლუმები ნაკლებად სჭირდება რეგიონებს. იქ უფრო ეკონომიკური და სოციალური აქტივობებია განსახორციელებელი იმისთვის, რომ მოსახლეობას ცხოვრება შეუმსუბუქდეს.

„იმ აღლუმზე მიშა სააკაშვილმა უნდა იღრიალოს, რომ არსად ისეთი ლამაზი და ჭკვიანი ხალხი არ ცხოვრობს, როგორც გორში. ქუთაისში კი იღრიალებს, რომ არსად ისეთი ლამაზი და ჭკვიანი ხალხი არ ცხოვრობს, როგორც ქუთაისში. როგორც ჩანს, თბილისზე ამის წარმოთქმა ეუხერხულება, იმდენჯერ ჰყავს თბილისელები ნაგინები“, - ამბობს კახა კუკავა.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ პრეზიდენტიც და საერთოდ, ხელისუფლებაც ცდილობს დედაქალაქიდან ქუთაისში გადაიტანონ პარლამენტი, მთავრობა და საერთოდ მთელი პოლიტიკური ცხოვრება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ბაღათურიას თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი არის ის, რომ თბილისის მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იციან, რომ საქართველოს მართავს კრიმინალური ბანდა. სააკაშვილი კი არის ეიფორიული, ემოციური პიროვნება და ამიტომ მისთვის სერიოზული დისკომფორტია ამ პირობებში თბილისში აღლუმის ან რამე სხვა ღონისძიების ჩატარება. იგი ვერ იტანს თბილისს და ეს უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი. ამიტომ ურჩევნია ასეთი ღონისძიებები გამართოს იქ, სადაც ხალხის განწყობა ცოტა უფრო განსხვავებულია.

„ამასთანავე, მოგეხსენებათ, წინ არის საპარლამენტო არჩევნები, რომლის გაყალბებასაც სააკაშვილი აპირებს, ყოველ შემთხვევაში იგი ცდილობს, რომ ეს გააკეთოს. მოგეხსენებათ, თბილისში შესაძლებელია, რაიმე მოვლენის გასაპროტესტებლად ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. ქუთაისში კი სულ არ ცხოვრობს ამდენი ხალხი და სააკაშვილს ამ მხრივაც აწყობს ეს ქალაქი. გახსოვთ ალბათ, როდესაც 2009 წელს თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, პარლამენტს შეკრების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც იგი პარალიზებული იყო. მაშინ ესენი ოცნებობდნენ, რომ სადმე ჰქონოდათ შესაკრები ადგილი. დღეს კი მათ ამგავრი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სხვაგან გადაიტანონ პარლამენტის მუშაობა. ამასთანავე, ხელისუფლება ნელ-ნელა აჩვევს საზოგადოებას, რომ დედაქალაქი თბილისიდან გადააქვთ სხვაგან, რადგან რეგიონებში მათთვის მეტ შესაძლებლობებს ხედავენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამგვარი ქმედებებით რეგიონების მოსახლეობასაც მალევე შეაძულებენ თავს“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

უფლებადამცველი ეკა ბესელიას თქმით, ცნობილი ფაქტია, სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას დედაქალაქის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება აქვთ. სააკაშვილი გრძნობს თბილისელების მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, მართალია ამას არ იმჩნევს, მაგრამ ქვეცნობიერად ომს უცხადებს თბილისის მოსახლეობას. ამიტომ, იგი ცდილობს ასეთი ღონისძიებების ორგანიზება მოახდინოს რეგიონებში.

„ამასთანავე, არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილს ძალის დემონსტრირების სურვილიც გაუჩნდეს, მით უმეტეს გორში, რომელიც პრაქტიკულად კონფლიქტის ზონაა და იქ პოლიციის აღლუმის ჩატარებას გარკვეული ქვეტექსტი აქვს.

აღლუმების რეგიონებში ჩატარებას რამდენიმე არგუმენტი აქვს. თბილისში ხელისუფლების რეიტინგი მინუსებშია გადასული. ამიტომაც, სააკაშვილის ცდილობს, რომ ამგვარი ღონისძიებები გადაიტანოს და დაგეგმოს რეგიონებში, რაც მის ამბიციებს ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს“, - მიიჩნევს ეკა ბესელია.

სააკაშვილის თბილისისადმი დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას ასევე პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია თბილისზე ხელი ჩაიქნია. სივრცე ქვეყნისა, სადაც მაუწყებლობს არა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედი“, არამედ დამოუკიდებელი მედია-საშუალებებიც, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე უკეთ არის ინფორმირებული. ცისკარიშვილის თქმით, ეს არ აძლევს ხელს ჩვენს ხელისუფლებას და ამიტომაც ის მიისწრაფვის რეგიონებისკენ, სადაც ამომრჩეველი უფრო მარტივად მოსაპოვებელია და ძალადობის ყველა ფაქტიც არ არის საჯაროდ აღიარებული.

„როდესაც ვაკვირდებით, რა დაემართა დედაქალაქის სიმბოლოს, რუსთაველის გამზირს, აღმოვაჩენთ, რომ იქ ძირითადად არის საბანკო დაწესებულებები, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების ოფისები, ტურისტებისთვის აბსოლუტურად უფუნქციო დაწესებულებები. ცხადად ჩანს, რომ ტურიზმის განვითარებაზე მუდმივი საუბარი ეხება ყველაფერს, გარდა თბილისისა. მოგეხსენებათ, ნათქვამია - „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო“. სწორედ ეს გახლავთ მოტივი სააკაშვილის, მერაბიშვილის და ძმათა მათთა, რომ გაეცალონ თბილისს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომ აქცენტი გადატანილი იყოს რეგიონებზე და იქ ხდებოდეს საკუთარი პოლიტიკური ძალის პოპულარიზაციის მეტი ეფექტურობით გამოყენება. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიციის აღლუმი შარშან ბათუმში ჩატარდა, ხოლო რა მოხდება ახალ პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, იქნება უფრო მეტყველი ფაქტი და უფრო მეტი კომენტარის გაკეთების საშუალებასაც მოგვცემს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.